ინტერვიუები

10:40 | 28.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

რეზო ჭოხონელიძემ ქართული ფეხბურთი ბასკურს შეადარა

კიევის “დინამოს” გენერალური დირექტორი, რეზო ჭოხონელიძე ის კაცია, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ, იტალიურ “მილანს” სუპერტრანსფერები გაუხერხა. ცნობილი ამბავია - ჭოხონელიძე “როსონერის” მთავარი სელექციონერი გახლდათ და განსაკუთრებით, აღმოსავლეთევროპელი ტალანტების მოძიებაზე მუშაობდა. სწორედ ასე მოხვდნენ მილანში ანდრეი შევჩენკო, კახა კალაძე და ვიტალი კუტუზოვი, რომელთაგან მხოლოდ უკანასკნელმა ვერ გაამართლა.
ჭოხონელიძე 3 წლის წინათ წავიდა “მილანიდან” და კიევის “დინამოში” განაგრძო მუშაობა. უკრაინული “სპორტ ექსპრესი” ქართველ გენერალურ დირექტორს ესაუბრა, “მსოფლიო სპორტი” კი ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც ჭოხონელიძე საქართველოზე ლაპარაკობს.
- თქვენ თბილისში ხართ დაბადებული, მაგრამ  ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდით. იქ როგორ აღმოჩნდით?

- “დინამოში” დიდი კონკურენცია იყო, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი სსრკ-ის ნაკრების წევრი გახლდათ და ამიტომაც, ქუთაისში გამიშვეს, რათა “დინამოში” არ ჩავკარგულიყავი. თავად განსაჯეთ, მურთაზ ხურცილავა, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი... ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მათთან ერთად ვარჯიშიც კი ბევრს ნიშნავდა.
- რას იტყვით თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვედრებზე? ეს განსაკუთრებულ აჟიოტაჟს იწვევდა?  
- დიახ. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, ანუ განსხვავებული კულტურების დაპირისპირება იყო. საბედნიეროდ, მე არ დავჩაგრულვარ. მთავარი მაინც სათამაშო პრაქტიკა იყო და ასე მოვხვდი ლენინგრადში, სადაც საბოლოოდ დავრჩი კიდეც.
- ქართული ფეხბურთის თავისებურებებზეც გვითხარი...
- ესპანეთში არის კლუბი, სადაც მხოლოდ ბასკები თამაშობენ, თუმცა, მწვრთნელი შეიძლება უცხოელი ჰყავდეთ. საქართველოშიც დაახლოებით ასე იყო. ჩვენთან ჩამოდიოდნენ ისეთი სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ გავრილ კაჩალინი და მიხაილ იაკუშინი. “დინამოში” ნაციონალური მენტალიტეტი სუფევდა. სხვათა შორის, სკოლაში სწავლისას, ჩემი დამრიგებელი რუსი იყო, რომელმაც კომპიუტერივით ჩამიდო გონებაში რუსული კულტურისადმი სიყვარული: საქმე ეხება ლიტერატურას და ისტორიას. როდესაც სსრკ-ის ნაკრებში დამიძახეს, არ მახსოვს, მაშინდელ მთავარ მწვრთნელ გავრილ კაჩალინს ჩემთვის ცუდად შემოეხედა – მერე რა, რომ ქართველი ვიყავი. პირადად მეც, ეროვნულობას ყურადღებას არ ვაქცევდი, ყველას პატივს ვცემდი და ეს თვისება იტალიაში მუშაობისასაც ძალიან დამეხმარა.

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113249