სხვა

15:35 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაულ ცირეკიძეს და დავით გოგიას 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ელით

დოპინგ-სკანდალში გახვეული ქართველი ძალოსნებიდან ორის ვინაობა უკვე ოფიციალურად დასტურდება. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელ პავლე კასრაძის განცხადებით, დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორების რაულ ცირეკიძისა და დავით გოგიას შემთხვევაში აჩვენა.

ორიოდ დღის წინათ კასრაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას სპორტსმენთა გვარების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო და უფლება, სანქცია გაასაჩივრონ და განმეორებითი ტესტის ჩატარება მოითხოვონ. გუშინ კი გაირკვა, რომ ამ პროცედურას ორი სხვა ქართველი ძალოსანი გაივლის (შესაბამისად, დაზუსტდა დოპინგ-ტესტზე ჩავარდნილ ძალოსაანთა რაოდენობაც – 4), ცირეკიძის და გოგიას შემთხვევაში კი 2-წლიანი დისკვალიფიკაცია და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სოლიდური ფულადი ჯარიმის დაკისრება გარდაუვალია. მათ სისხლში აკრძალული პრეპარატის შემცველობა აპრილში აღმოუჩინეს, ტირანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ოფიციალური განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ამის მიზეზად ფედერაციის პრეზიდენტ დავით ბეჟუაშვილის საზღვარგარეთ ყოფნა სახელდება. სპორტსმენთაგან კი მოკლე კომენტარი რაულ ცირეკიძემ გააკეთა. მან განაცხადა, რომ დარღვევის გამიზნულად ჩადენაზე საუბარიც ზედმეტია.

საკითხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ, მაგრამ ჯერ ფედერაციისგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ დაზუსტებით შევიტყობთ, ქმედით ნაბიჯებსაც გადავდგამთ. ყველა სათანადოდ დაისჯება, ვისაც აკრძალული პრეპარატების მიღებაში ბრალი მიუძღვის” – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

“მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ იმ ორ ძალოსანს, რომლებმაც დოპინგ-ტესტის შედეგის გასაჩივრება გადაწყვიტეს, დამატებითი გამოკვლევა ქალაქ კიოლნის ლაბორატორიაში ჩაუტარდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ დასახელდება მათი ვინაობა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068893