ფეხბურთი

11:26 | 21.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ შენგელია გარდაიცვალა

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია: 55 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რამაზ შენგელია. ის ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების N1 ფორვარდი გახლდათ. მის გარეშე წარმოუდგენელი იყო “ოქროს დინამო” და ვერ შედგებოდა ის დიდი ტრიუმფები, რასაც დინამოელებმა მიაღწიეს.
1978 წელს სსრკ-ის ჩემპიონი, ამავდროულად საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 1979 წელს სსრკ-ის თასი მოიგო, 1981 წელს თასების თასი და 1980 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა 20-წლამდელთა შორის.
სსრკ-ის ჩემპიონატის რჩეული ფეხბურთელი გახდა 1981 წელსაც. 1982 წელს კი მუნდიალზეც ითამაშა და რა თქმა უნდა, გოლის გარეშე არ დაუტოვებია.  
ბევრის აზრით, ის არათუ საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპის უძლიერესი თავდამსხმელი იყო იმ წლებში, როცა “დინამო” ბობოქრობდა. ადამიანი-გოლი - რომლის ბრწყინვალე გარღვევას მოჰყვა ვლადიმერ გუცაევის გამთანაბრებელი გოლი “კარლ ცაისთან” თასებს თასის ფინალში.
რამაზ შენგელია... ის ხომ ჯერ 55 წლის იყო. კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი დააკლდა საქართველოს.
“მსოფლიო სპორტი” სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144205