სტატიები

12:37 | 18.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

რა ქნას კარგმა მონარდემა...

თემურ ქეცბაიას განცხადება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების სანაკრებო დონისადმი შეუსაბამობის შესახებ, ერთგვარი გაგრძელებაა იმ მოქმედებისა თუ სტრატეგიისა, რომელსაც ექტორ  რაულ კუპერი "აწვებოდა" საქართველოს პირველ გუნდში მუშაობის პირველივე დღეებიდან. მხედველობაში მაქვს "სამშაბათის ვარჯიშებად" ცნობილი მეცადინეობები, სადაც არგენტინელი, დაახლოებით იმას ასწავლიდა სანაკრებოდ შეგულებულ ფეხბურთელებს, რასაც ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში, ასე  15-16 წლის ასაკში ასწავლიან ჭაბუკებს... რა და როგორ მოახერხა ამ "სამშაბათობებით" კუპერმა, ქართული საფეხბურთო საზოგადოებისათვის დიდებულადაა ცნობილი - ისე მოუვიდა, როგორც ქართულ ანდაზაშია: "რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვაო", მაგრამ რაც იყო, იყო, ახლა თემურ ქეცბაიას დროა. მაშასადამე ის დრო, როცა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებმა ძველებურად უნდა გააგრძელონ "სამშაბათობები", ანუ ვარჯიშები, დახვეწონ ოსტატობა და ვინ იცის, ისეთი შანსები, როგორსაც კუპერი იძლეოდა, ქეცბაიამაც მისცეთ. მანამდე კი, "ქვეყნაშია ფერები მუქი" - იმდენად ბნელა, ბურთს მეკარე დასაჭერად ვერ ხედავს და მინდვრის მოთამაშე დასარტყმელად.
არადა, თუკი ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში "სამშაბათობის პერსონალის" იმედად დავრჩებით, რაკიღა, თუკი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეთა დონე ვერ აკმაყოფილებს ბოლო შესარჩევი ციკლის მაჩანჩალის, საქართველოს ნაკრების მოთხოვნებს, შესაბამისად, ყოველგვარი ალბათობისა და მარჩიელობის გარეშე, ვერ დააკმაყოფილებს საშუალო გაქანების ლეგიონერისადმი წაყენებულ მოთხოვნებს “იქაც”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში, "შალკე", "ლე მანი" და "სპარტაკი" ლამაზ მოგონებად, ან შორეულ ოცნებად დაგვრჩება და “აშტარაკი” რომ “აშტარაკია”, ჩაწყობით მოუწევთ ქართველ ბიჭებს მოწყობა...
არსებობს მედლის მეორე მხარე - კერძოდ ის, რომ შეუძლებელია, ეროვნულმა გუნდმა სტაბილურად კარგად ითამაშოს, ან კარგი შედეგი აჩვენოს მხოლოდ ლეგიონერების ხარჯზე და იმედზე. იმ ოცი წლის განმავლობაში, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას
ადგას, არაერთხელ დავრწმუნდით ამაში - თუმცა კი, ლეგიონერებიც ახლანდელზე მაღალი კლასისა და მეტი გვყავდა და ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებისა და ფეხბურთელების დონეც გაცილებით უკეთესი იყო...
იმისთვის, რათა ეროვნულ ნაკრებში კონკურენცია სათანადო იყოს, ეროვნული ჩემპიონატის დონე აუცილებლად უნდა ამაღლდეს - უბრალოდ, ჩურჩხელას ვერ ამოავლებ, თუკი ძაფი, თხილი და ფელამუში არა გაქვს. ზღაპარია, იმაზე საუბარი, რომ ეროვნულ ჩემპიონატში
გაზრდილი ფეხბურთელების გარეშე ნაკრები შედეგს მიაღწევს.
გასაგებია, რომ ინფრასტრუქტურას, ბავშვთა ფეხბურთს, ფინანსებს და საგადასახადო სისტემას უნდა მიეხედოს, მაგრამ ამას ხომ ყველა იტყვის და გაიმეორებს - ენაზე მრიცხველი აბა  ვისთვის დაუყენებიათ, ახლა დაუთვალონ ვინმეს ნათქვამი. მითუმეტეს, ასეთი ნათქვამი
აქსიომასავითაა და მტკიცება არ სჭირდება. სხვა საკითხია ის, რომ საქმე-საკეთებელი სიტყვას უნდა გასცდეს და მეორეც: არასრული სტრატეგიაა - აღდგენები? განათლება? ტურნირები?
თუკი, ქართველი ფეხბურთელები გააგრძელებენ საკუთარ წვენში ხარშვას, თუკი ფეხბურთელებმა პატარაობიდანვე არ გაუგეს გემო უცხო გარემოს, მეტოქეს, სავსე ტრიბუნას და მაყურებლის შეძახილს, სტვენას, ოვაციას, მერე რაც გინდა ეძახო "ალეე, ჰოპ!" სალამურასი არ იყოს, ეგრეც მუხლებაკანკალებული გამოვა და ირბენს მინდორზე. ან კი, როგორ უნდა მოუგო, ვთქვათ, ტოტისა და მალდინის, ბერბატოვსა და რობი კინს, როცა მათი ავტოგრაფების მოპოვებაზე ფიქრში მეტი დრო გაქვს გატარებული, ვიდრე საკუთარი ოსტატობის სრულყოფაში...
ცალკე და უმნიშვნელოვანესი თემაა აღდგენის თეორია და მისი პრაქტიკულად განხორციელება. ვერ გეტყვით, რა წარმოდგენა აქვს ამაზე ფედერაციის ახალ პატრონ-მყვარებელს, მაგრამ რაკიღა, ბიზნესმა პოსტსაჭოურ სივრცესთან დიდი ხნით დააკავშირა, საკმარისი იქნება ერთი რომელიმე თანამედროვე ბაზის დათვალიერება, რათა მიხვდეს, თუ რად ვერ გასცდა ქართული ფეხბურთი... “აშტარაკსა” და მის დონეს. ერთი ბაროკამერა რაა, ისიც არ არსებობს ქვეყანაში და ამ დროს, საფეხბურთო ქვეყნობაზე პრეტენზია გვაქვს, ნაირ-ნაირი ყაიდისა და გაქანების მწვრთნელებს ვაბრალებთ ამა თუ იმ ციკლში წარუმატებლობას და ის კი გვავიწყდება, რომ ამ ბარო-კამერების, აღდგენითი ცენტრებისა და ზოგადად მეცნიერების გარეშე, ქართველი ფეხბურთელების, კლუბებისა და ნაკრების პერპექტივა ნულის ტოლია. უბრალო არითმეტიკაც რომ მოვიშველიოთ, სალაპარაკოც არაფერი დარჩება: რიგითი ადამიანი, საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 30-35 პროცენტს იყენებს და თანამედროვე სპორტულ მედიცინას ეს მონაცემი 65-70 პროცენტამდე აჰყავს. გამოდის, რომ "ერთძრავიანი" ქართველები, "ორძრავიან" უცხოელებს ეჯიბრებიან და... კიდევაც იჭერენ კაი ჩიტს...
ეს საქმე წელიწადნახევარში ვერ მოგვარდება. არც ოთხი-ექვსი წელიწადი ეყოფა, რომ საკვალიფიკაციო ციკლში გამოსვლა სტაბილურად ნორმალური გახდეს, მაგრამ სწორი სტრატეგიის შემუშავებას, ფინანსების სწორად განკარგვას კი ეყოფა და “ა, ბურთი, ა, მოედანი”...
კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად “მსოფლიო სპორტისთვის“ ნიუ  იორკიდან


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090949