მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის – კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი – პოპულარული მოდელი ირინა შეიკი ბოლო დროს აქტიური ქველმოქმედი გახდა და რამდენიმე გრანდიოზულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. სულ ბოლოს, ირინა ბავშვთა უფლებების დამცველ, მსოფლიოში ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, რომლის სახელია – ”გადავარჩინოთ ბავშვები”, აფრიკაში, კერძოდ კი, კუნძულ მადაგასკარზე იმყოფებოდა და იქაურ პატარებს საჭმელი და უამრავი მედიკამენტიც ჩაუტანა.
როგორც ირკვევა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კუნძულ მადაგასკარზე მკვეთრად მოიმატა ბავშვებში შიდსის გავრცელების შემთხვევებმა. იქაური ხელისუფლება კი, ბევრს ვერაფერს აკეთებს ამ საშინელი სენის დასაძლევად. ბავშვებში შიდსის გავრცელების უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, მათი ინფიცირებული მშობლები არიან, მაგრამ ბავშვებს დიდი ადამიანებისგან განსხვავებით, სწორად მკურნალობის შემთხვევაში, შიდსის პირველ ეტაპზე დაძლევის საკმაოდ კარგი შანსი აქვთ.
აფრიკაში ჩასული ირინა შეიკიც სწორედ ამიტომ ამბობდა, რომ ბედნიერი იქნება, თუკი რამდენიმე ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას მაინც შეძლებს. კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული ადრეც თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, მაგრამ მისი აქტივობები მხოლოდ ესპანეთის მასშტაბით თუ შემოიფარგლებოდა. აფრიკაში გამგზავრებით, ამ მშვენიერმა ქალბატონმა ცხადყო, რომ საქველმოქმედო საქმიანობას ხელი უფრო სერიოზულად მოჰკიდა, რაც მისი მხრიდან საკმაოდ კარგი და დასაფასებელი ჟესტია.







