ბლოგი

11:37 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქოხი ტრიალ მინდორში

ვაგლახით შეკოწიწებული პატარა ფიცრული, სადაც ლიანდაგის შემკეთებელი მუშები იკრიბებიან, ტრიალ ადგილზე დგას, რომელსაც გარშემო მინდვრები და ბუჩქნარი აკრავს. იქიდან უახლოეს ქალაქამდე ფეხით მისვლას ერთი საათი მაინც სჭირდება და რა უნდა ქნას ამ დროს კაცმა, რომელსაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ჩეხეთის გუნდთან თამაშის ცქერა სურს? სწორად მიხვდით, რა უნდა ქნას და, ტელევიზორი ადგილზე უნდა მიიტანოს.

შემთხვევით ნაპოვნ ძველ, საბჭოურ ტელევიზორში თამაშს ოთხნი უყურებდნენ. ოთხივენი მთელი დღის მძიმე შრომისგან დაღლილები, სახედამწვრები. უყურებდნენ და თან დიდ ჯამში ჩაჭრილ კიტრი-პამიდვრის სალათას შეექცეოდნენ. თამაში ჩვენებმა თავიდანვე ცუდად დაიწყეს და სასიხარულოდ არც ამ მუშებს ქონდათ საქმე. ”ე ბიჭო, ამ ფაჩულიას რაღა მოუვიდაო” – იძახდნენ მალიმალ და ნერვიულად ათამაშებდნენ ხელის თითებს ძველ, ნიკელის საწოლის საზურგეებზე.

ოთახში ორი ასეთი ნიკელის საწოლის, ერთი პატარა კარადის (რომელზეც ის ძველი საბჭოური ტელევიზორი იყო წამოსკუპებული) და სამუშაო იარაღების შესანახი ყუთის მეტი არაფერი ეტეოდა. ეს ნივთებიც ერთმანეთზე ისე იყო მიდგმულ-მიბჯენილი, რომ მათ შორის გავლაც კი ჭირდა. გარეთ გახურებულ მიწას ოხშივარი ასდიოდა და საშინლად ცხელოდა, მაგრამ ამ სიცხეს ვინ დაგიდევდათ, როცა საქართველოს ნაკრები ასეთ უბედურ დღეში იყო.

ჩვენების ჩაგდებულ ყოველ ბურთს დიდ აღტაცებაში მოჰყავდა მუშები. ატეხდნენ ტაშისკვრასა და ხელების ბრახუნს და ასეთი მკვეთრი მოძრაობებისგან ის საცოდავი ქოხ-ფიცრული ისე ჭრიალებდა და ძაგძაგებდა, რომ ჩამონგრევას თითქმის არაფერი უკლდა. არადა, აბა ამ ოთახის ჩამონგრევა იქნებოდა? აქ ისვენებდნენ, აქ ჭამდნენ და აქვე უყურებდნენ ტელევიზორს, რომელიც მათთვის ინფორმაციის გაგების ერთადერთი წყაროც იყო.

ქოხში შეკრებული გზის ოთხი მუშიდან ერთ-ერთი ძველი კალათბურთელი იყო და ახალგაზრდობაში ქუთაისის გუნდშიც ქონდა ნათამაშები. კალათბურთის ცქერის დროს, მთავარი სიტყვაც ყოველთვის მას ეთქმოდა და როცა ის თამაშზე რამეს იტყოდა, იშვიათად ეკამათებოდნენ – ამან სხვებზე მეტი იცისო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ჩეხებთან თამაშის დროს ჩვენი გუნდის გამართლება დაიწყო – მარცხს მაინც ვერ გაექცეოდნენო – დანარჩენები არ დაეთანხმნენ და მთელმა დარჩენილმა დრომ სულ კამათში და ერთმანეთის “კბენაში” ჩაიარა.

ამასობაში ქოხის ერთადერთი ფანჯრიდან გამომკრთალ ცის ნაგლეჯზე ღრუბლები მოგროვდნენ, მოიღრუბლა და რამდენჯერმე დაიგრუხუნა. სიცხისაგან დატანჯულ მუშებს კალათბურთში მიღებული გულისტკივილი წვიმის იმედმა სულ დაავიწყათ. სასწრაფოიდ გაიხადეს სამუშაო ფორმები, ორმა საერთოდ წელსზევით ყველაფერი გაიხადა და ქოხის გარეთ ასე შეეგებნენ წვიმას, რომელიც არცთუ დიდი ხანი გაგრძელდა, მაგრამ თავისი ცხოველისმყოფელი საქმე მაინც გააკეთა - დასიცხული მიწა გააგრილა, ამ ჩვენს მუშებს ცხოვრების ხალისი დაუბრუნა და კალათბურთზე კამათის თემა უფრო მშვიდი და საერთო საუბრით შეცვალა. მაგრამ ის ყოფილი კალათბურთელი თავისას მაინც არ იშლიდა და იძახდა: ”ჩვენი გუნდის წაგება ნუ გწყინთ, ეგ ისედაც გარდაუვალი იყოო”.

მერე დაღამდა, მერე ქარიც ამოვარდა. დრიგინით ჩაიქროლეს ნავთობით დატვირთულმა მატარებლის ვაგონებმა. ოთხიდან ორი მუშა ფეხით დაადგა ლიანდაგის გზას, რომელიც ქალაქამდე და მათ სახლებამდე მიიყვანდათ. ქოხში დარჩენილებს სახლში წასვლა დაეზარათ, იწვნენ რკინის ზამბარებიან ძველ საწოლებზე და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფიდან საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გასვლის შანსებზე საუბრობდნენ.

კამათის მთავარი კულმინაცია უკვე ჩავლილი იყო და ახლა ურთიერთგაგების ჟამი ჩამომდგარიყო. ორივეს სჯეროდა, რომ არცთუ კარგად ჩატარებული თამაშების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მაინც გავიდოდა. უკვე იმაზეც კი ბჭობდნენ, თბილისში ჩასულიყვნენ და დარჩენილი ორი თამაშიდან ერთ-ერთის ბილეთები მაინც ეყიდათ. პირველ რიგში უნგრეთთან თამაშის ცქერა უნდოდათ.

სახლისაკენ ლიანდაგზე მიმავალი მათი მეგობრებიც ზუსტად იგივე ამბავს განიხილავდნენ და მათსავით სჯეროდათ, რომ საქართველოს ნაკრები აუცილებლად გავიდოდა ევროპის ჩემპიონატზე. ისინი რიგითი ქართველები იყვნენ!

0.117898