ინტერვიუები

9:35 | 26.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია კალენდრით უკმაყოფილო არაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, თელ-ავივში დასრულებული კენჭისყრის შედეგით, რომელმაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ციკლში F ჯგუფის კალენდარი დაადგინა, უკმაყოფილო არაა.
“ვერ ვიტყვი, რომ კენჭისყრა ჩვენთვის ცუდი შედეგით დასრულდა და უკმაყოფილო ვარ. გასაგებია, რომ შეიძლება რაღაც უფრო უკეთესად ყოფილიყო, რაღაც უარესად... პირველი თამაში რთული გვიწევს სტუმრად საბერძნეთთან  და არც ისრაელთან საშინაო შეხვედრა იქნება იოლი. სასურველი იქნებოდა, პირველი მატჩი სახლში ჩაგვეტარებინა. მთავარია, ამ პერიოდისთვის ფეხბურთელები მზად იყვნენ, თორემ ფაქტია, რომ მეტოქეებს ვერსად გავექცევით”, – განუცხადა ქეცბაიამ “მსოფლიო სპორტს”, როდესაც კვიპროსზე დავუკავშირდით.
- კალენდრის თქვენი ვარიანტი როგორი იყო? შესარჩევი ციკლის დაწყება ვისთან გსურდათ?
- სიმართლე გითხრათ, ათენში ყოფნისას, როდესაც კალენდარი თავად ჩვენ ჯგუფში მყოფი ნაკრებების წარმომადგენლებს უნდა დაგვედგინა, პირველი თამაშის ჩატარება ბერძნებს შევთავაზე, ოღონდ თბილისში. საწყის ორ მატჩში, ვინც უკეთეს სათამაშო ფორმაში იქნება, წარმატებას ის მიაღწევს. ევროპაში ჩემპიონატები ამ პერიოდში იწყება და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორ “მოსამზადებელს” გაივლიან ფეხბურთელები. ტურნირის კარგი შედეგით დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- კარგ შედეგად რას ჩათვლით? საწყის ორ შეხვედრაში ოთხი ქულის აღებას?
- გასვლაზე საბერძნეთთან ფრე კარგი შედეგი იქნება. თან, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში, თბილისში ისრაელთან მატჩზე უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა. ორი თამაშის ჩატარება ზედიზედ გვიწევს და ეს იმითაა კარგი, რომ დაახლოებით 10 დღე, ფეხბურთელებს ერთად ვარჯიშის საშუალება ექნებათ, რაც მნიშვნელოვანია. თორემ, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრის წინ, ნაკრებმა სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი დღე ივარჯიშა. წარმოიდგინეთ, რა სიძნელეები შეგვექმნებოდა. მითუმეტეს, რომ კლუბებში მუშაობისას, ფეხბურთელებთან თვეობით ერთად ყოფნას მიჩვეული ვიყავი.
-  ალბათ, ბერძნებთან მატჩში მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტორი, რომ ამ ქვეყნის ფეხბურთს კარგად იცნობთ და შესაძლოა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა დატოვოს...
- ბერძნულ ფეხბურთს ძალიან კარგად ვიცნობ. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ნაკრებში რომელ ფეხბურთელსაც უთამაშია, ყველა კარგად ვიცი, გარდა ამისა, ჩემთვის საბერძნეთის ჩემპიონატიც არაა უცხო. ყოველივე კი, იმისთვის გამოგვადგება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, მეტოქის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია მივცეთ. შესარჩევი ციკლის წინ, ბერძნების მდგომარეობა და რეჰაგელის წასვლა-არწასვლა, გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული.
- როგორც ცნობილია, 26 მარტს რუსეთში წასვლასა და იქ მოთამაშე ქართველი ლეგიონერების თამაშის ნახვას აპირებთ?
- პარასკევს მოსკოვში მივფრინავ და 28 მარტს “სპარტაკისა” და “ლოკომოტივის” თამაშს დავესწრები. მსურს, საქართველოს ნაკრების ნებისმიერ კანდიდატზე ამომწურავი ინფორმაცია მქონდეს. როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ვესწრებოდი და ახლა, ტელევიზორშიც ვუყურებ. გარდა ამისა, ჩემი ასისტენტი სოსო ჭედია აკვირდება იქ მოთამაშე ფეხბურთელებს. მსურს, რომ ყველა თვალთახედვის არეში გვყავდეს. ვინც საუკეთესო იქნება, ნაკრების კარი მისთვის ღიაა.
- ესტონეთთან შეხვედრამდე განაცხადეთ, რომ უკრაინაში ვიზიტიც გაქვთ დაგეგმილი...
- უკრაინაში ჩასვლა მინდა, მაგრამ ჯერჯერობით, ის ფეხბურთელები, რომელთაც ნაკრების კანდიდატებად განვიხილავ, არ თამაშობენ, ხოლო ადგილობრივი მოთამაშეების ყურება ნამდვილად არ მაინტერესებს. თუმცა, მხოლოდ რუსეთითა და უკრაინით არ შემოვიფარგლები, რადგან ლეგიონერები გერმანიაშიც გყავს, ინგლისშიც, დანიაშიც. მინდა, რომ თითოეულის თამაში თავად ვნახო.

ლაშა თაბაგარი  
 

 

 

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფის მატჩების განრიგი:

2010 წელი
3 სექტემბერი

საბერძნეთი – საქართველო
ისრაელი – მალტა
ლატვია – ხორვატია

7 სექტემბერი
საქართველო – ისრაელი
მალტა – ლატვია
ხორვატია – საბერძნეთი

8 ოქტომბერი
საბერძნეთი – ლატვია
საქართველო – მალტა
ისრაელი – ხორვატია

12 ოქტომბერი
საბერძნეთი – ისრაელი
ლატვია – საქართველო
ხორვატია – მალტა

2011 წელი
26 მარტი

საქართველო – ხორვატია
ისრაელი – ლატვია
მალტა - საბერძნეთი

 

4 ივნისი
საბერძნეთი – მალტა
ლატვია – ისრაელი
ხორვატია – საქართველო
 

2 სექტემბერი
საქართველო – ლატვია
ისრაელი – საბერძნეთი
მალტა - ხორვატია

 

6 სექტემბერი
მალტა – საქართველო
ლატვია - საბერძნეთი
ხორვატია – ისრაელი
 

7 ოქტომბერი
საბერძნეთი – ხორვატია
ისრაელი – საქართველო
ლატვია – მალტა
 

11 ოქტომბერი
საქართველო – საბერძნეთი
მალტა – ისრაელი
ხორვატია – ლატვია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166082