ფეხბურთი

13:59 | 8.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

"ქასიმფაშა" და შოთა არველაძე - ხელშეკრულება გაფორმდა

როგორც "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, "ქაისერისფორიდან" წასულ შოთა არველაძეს თურქული "ქასიმფაშა" სთავაზობდა კონტრაქტს. შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტიც გაფორმდა. 39 წლის ქართველმა მწვრთნელმა 4,5-წლიან ხელშეკრულება გააფორმა "ქასიმფაშასთან".

რა დონის გუნდია "ქასიმფაშა"? სულ მე-8 სეზონს ატარებს თურქეთის უმაღლეს ლიგაში და ტრადიციებით ვერ დაიკვეხნის, 2011 წელს გავარდა და წლეულს ისევ ავიდა სუპერლიგაში, მაგრამ ამჟამად კარგ ფორმაშია და 7 ტურის შემდეგ, 12 ქულით, მე-3 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს კიდევ სამ გუნდს.
"ქასიმფაშაში" წლეულს დიდი ინვესტიცია ჩაიდო და სავარაუდოდ, ზამთარში შემადგენლობა საკმაოდ მოძლიერდება. დღესდღეობით, ამ გუნდში თამაშობენ შვედეთის ნაკრების მეკარე ანდრეას ისაკსონი, ნიგერიელი მეგოლე კალუ უჩე, გერმანელი საყრდენი ფაბიან ერნსტი, ურუგვაელი შემტევი ნახევარმცველი ტაბარე ვიუდესი.
შოთა არველაძემ ორ წელიწადზე მეტი იმუშავა "ქაისერისფორში", გუნდმა მისი თავკაცობით 84 მატჩი გამართა, 32 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 36 წააგო.
ტყუპისცალი "ქასიმფაშაში" წარადგინეს და პირველი კომენტარიც იქ გაკეთდა:
"კლუბმა დიდი პროექტი დაისახა მიზნად. გვსურს, რომ ევროტურნირებზე გავიდეთ და იქაც ვაჩვენოთ ჩვენი ძალა. აქ სწორედ იმიტომ მოვედი, რომ ამ პროექტების რეალურად განხორციელების მჯერა".   
 
ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143955