ფეხბურთი

16:08 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

''ქართული სპორტის ქომაგების'' ოფიციალური განცხადება ბაქოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით

ორგანიზაცია „ქართული სპორტის ქომაგები“  ბაქოს „ნეფთჩისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ მატჩისას მომხარ ინციდენტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს, ბაქოში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის დროს, ადგილობრივ და სტუმარ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის მიზეზადაც სტადიონზე „ქართული სპორტის ქომაგების“ მიერ გამოფენილი ბანერი დასახელდა. მომხდართან დაკავშირებით „ქართული სპორტის ქომაგების“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„დასაწყისშივე მოგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ინტერესებში შედის მხოლოდ ქართული სპორტის ქომაგობა და ქვეყნის სახელის დაცვა, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
 მოგახსენებთ, რომ ბანერი, რომელზეც გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუქა, არ დამზადებულა კონკრეტულად ამ მატჩისთვის. აღნიშნული ბანერი ერთი წლის წინ დამზადდა და ყველა სპორტულ ასპარეზობაზე, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ თან გვქონდა. 
 ბანერზე დატანილია ოთარ ჭილაძის სიტყვები:- "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია"- ამ სიტყვების არსსა და შინაარს ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად იზიარებს. მსგავსი დემონსტრაციული საქციელით ჩვენ გვსურდა ქართველი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი ისტორიული მიწების არსებობის შესახებ. 
 ბანერზე მკაფიოდ არის გამოსახული საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აღიარებს მსოფლიო საზოგადოება (აფხაზეთი და სამაჩაბლო) , ხოლო დანარჩენილი ნაწილი ნაჩვენებია, როგორც დაკარგული ტერიტორიები.
 ვთხოვთ, ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და ჩვენს ორგანიზაციას ნუ გააგივებენ მაპროვოცირებელ ძალასთან. 
ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა და ამით ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის უთანხმოების წარმოშობა. 
 გვინდა გამოვეხმაუროთ აზერბაიჯანული მხარის ერთ-ერთ ბრალდებას, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი გულშემატკივარი სკანდირებდა სომხეთს. აღნიშნული ფაქტი არის სიცრუე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ფაქტი ქართველი ქომაგების ტრიბუნაზე არასდროს დაფიქსირებულა და არც დაფიქსირდება. 
 ჩვენთვის შეურაცხმყოფელია საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელი პირების განცხადებები, რომლებმაც ნაცვლად საკუთარი გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვისა , მოგვიხსენიეს კლუბის ინტერესების შემლახველ ძალად და ბრალი დაგვდეს ვაი გულშემტკივრობაში. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე ასეული წევრი აქტიურად უჭერდა მხარს საჩხერის "ჩიხურას" თბილისურ მატჩებში. გვინდა შევახსენოთ კლუბის ხელმძღვანელობას, ჩვენი მოთხოვნა თურქულ "ბურსასპორთან" დაპირისპირების დროს, როდესაც სტუმარი გუნდის გულშემატკივრებმა იმპერიალისტური ბანერი გადმოფინეს ტრიბუნაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა უგულვებელყოფილი იყო. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა, მსგავსი აქტიური და მტკიცე პოზიცია აღნიშნულ ფაქტზეც რომ ჰქონოდათ. 
"ქართული სპორტის ქომაგები" მადლობას ვუხდით, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში და მის წარმომადგენელს ჰამლეტ ჰუსეინოვს, საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს, ნუგზარ დეკანოიძეს და განსაკუთრებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელძღვანელ პირებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩვენი ორგანიზაციის წევრების დროულად გათავისუფლებაში“.

 

ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125432