რამდენიც არ უნდა დამალო და საპირისპირო ამტკიცო, ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირისადმი და ყოველგვარი საბჭოურისადმი ნოსტალგია, საქართველოში ძალიან ბევრს აქვს. ამ “ძალიან ბევრში” ბუნებრივია, რომ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები არ იგულისხმებიან და შედარებით ახალ თაობაშიც (ბუნებრივია, წინა თაობის გავლენით) ფესვგადგმულია აზრი, რომ: “ადრე უკეთესად ვცხოვრობდით”, “უფრო ბევრ ფულს ვშოულობდით” და რაც მთავარია, “ფეხბურთის თამაშიც უკეთ გამოგვდიოდა”.
ამ მოსაზრებების საწინააღმდეგო უამრავი არგუმენტები არსებობს და მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ მთელი რიგი მიზეზებისდა გამო, საბჭოთა ქართველებს ბევრად დიდი საფეხბურთო წარმატებები ნამდვილად გვქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმატებები, მთლიანობაში, სუფთა “ქართული” ფაქტობრივად არასოდეს იყო, მაინც ყველა ბედნიერი გახლდათ თბილისის “დინამოს” თამაშით.
ბოლოდროინდელმა საბჭოურმა ნოსტალგიებმა, ბევრი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დონის ამაღლება მხოლოდ სხვა ქვეყნების ჩემპიონატებთან გაერთიანებითაა შესაძლებელი და გაჩნდა აზრი, რომ ქართული კლუბები ერთმანეთთან ისეთი მონდომებით ვერასოდეს ითამაშებენ, როგორც ვთქვათ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ კლუბებთან, ამიტომაც, საქართველოში ისეთ ადამიანებსაც კი ნახავთ, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რუსეთის ჩემპიონატთან გაერთიანებას უჭერენ მხარს (თითქოს რუსეთიც სულ ამ ოცნებაში ათენ-აღამებდეს) და მომავალი წარმატებების გზას სწორედ რუსებთან ერთად ხედავენ.
არ მინდა ზეპატრიოტული ფრაზების სროლა, მაგრამ წესით, ყველა ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ რუსეთთან ერთობლივი ჩემპიონატის აღდგენა, ისეთივე უტოპიაა, როგორც რუსების ის ოცნება, რომ ერთ დღესაც ევროპა თავზე ნაცარს დაიყრის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. სასწაულზე მეტი იქნება იმ ქვეყანასთან ერთ ჩემპიონატში გამოსვლა, რომელთანაც დღესაც საომარ რეჟიმში იმყოფები და კაცმა არ იცის, ხვალ რა პროვოკაციებს მოგიწყობს. მაგრამ რაც უფრო უკან-უკან მიდის საქმე და ქართული კლუბები და ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროასპარეზზე რაც უფრო ცუდად გამოდიან, გამოსავლის მაძიებლებში კვლავ და კვლავ უფრო აქტიურად მუსირებს ჩემპიონატების გაერთიანების თემა და ბოლო დროს, უკვე კავკასიის ერთიან ჩემპიონატზე დაიწყეს საუბარი.
ჩემთვის სულაც არ ყოფილა სიურპრიზი, როდესაც ერთ-ერთ რუსულენოვან სომხურ ინტერნეტ-ფორუმზე, ანალოგიური შინაარსის თემას გადავაწყდი. გაირკვა, რომ სომხებიც ანალოგიურ სჯა-ბაასში არიან და რაკი იციან, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან მათი ჩემპიონატის გაერთიანება უზარმაზარი უტოპიაა, ბუნებრივია, მათი სამიზნე საქართველოს ჩემპიონატია. სომხები ფიქრობენ, რომ თუკი მათი და ჩვენი ჩემპიონატი გაერთიანდება და “კავკასიის ლიგა” ეწოდება, ამით, ორივე ქვეყანა იხეირებს და როგორც ფინანსურად, ასევე საერთო დონის ამაღლების მხრივ, ეს წინადადება ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ აზრს საქართველოშიც გამოუჩნდება მომხრეები, მაგრამ მავანთა ოცნება ოცნებაა და რეალობა კი ისეთი განსხვავებულია, მეტი რომ არ იქნება...
დავიწყოთ წმინდა ბიუროკრატიული საკითხებით. ვისი ეგიდით უნდა გაიმართოს ეს ჩემპიონატი და რომელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს ტურნირის ორგანიზატორი? ძნელად წარმოსადგენია, ერთობლივ რეჟიმში და შეხმატკბილებულად მომუშავე საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციები. არასოდეს გამოირიცხება რომელიმე ფედერაციის მხრიდან თავისი ქვეყნის კლუბის მიმხრობა, მხარდაჭერა... ყველა მატჩში დაფიქსირებული საკამათო ეპიზოდები გახდება ლამის პოლიტიკურად გასარჩევი თემები და მუდმივად იქნება ერთი აყალმაყალი და მტკიცება - “მე მართალი ვარ”. განსაკუთრებული სიამტკბილური მეზობლობა ჩვენ და სომხეთს, სამწუხაროდ, არც ახლა გვაქვს და მუდმივი საფეხბურთო დაპირისპირებების შემდეგ, გაწევ-გამოწევები მერე უნდა ნახოთ. ფინანსურ საკითხებზე და კლუბების დაფინანსების ამბავზე ხომ ვერასოდეს შევთანხმდებით. ერთადერთი პლუსი, რაც აუცილებლად ექნება ამ უტოპიურ ჩემპიონატს, ის არის, რომ ინტრიგა და დაძაბულობა ასმაგად მოიმატებს და სტადიონებზე მაყურებლელიც, სავარაუდოდ, ბლომად ივლის, მაგრამ ვაითუ სწორედ ეს ბლომად მისული მაყურებელი აღმოჩნდეს ბევრი ცუდი პერსპექტივის მიზეზი...
ჰოდა, მეტი არც არაფერი უნდა რუსეთს. იმ რუსეთს, რომელიც მზად არის, რომ ყოველ კავკასიურ პრობლემაზე პროვოკაცია ააგოროს. პროვოკაციას კი ისეთი ნოყიერი ნიადაგი სჭირდება, როგორსაც სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი საფეხბურთო ჩემპიონატი აუცილებლად შეუქმნის. ოცნებაში ფული არავინ გვახდევინოს და დაე, დაღლამდე ვიოცნებოთ ჩვენცა და სომხებმაც, მაგრამ როდესაც ოცნებებისაგან დავიღლებით, ეგებ ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზეც დავიწყოთ სიარული...
ლევან სეფისკვერაძე







