“მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები – ადამ ჯონსონი და ჯო ჰარტი, ინგლისში ცნობილნი არიან, როგორც “დიდად შესარგი სმა-ჭამის“ მოყვარული ხალხი. გასული წლის შემოდგომაზე, ბრიტანელმა პაპარაცებმა, ეს ორი “გადაბმული ძმაკაცი” ლუდის ბარში გამოიჭირეს, სადაც ადამი და ჯო თანამეინახე გოგონებთან ერთად, ლუდით და ვისკით გვარიანად იყვნენ გამომთვრალნი. თუმცა, ფეხბურთელებს ძალიან გაუმართლათ და პაპარაცებმა ბარის ადმინისტრაციის მკაცრი მოთხოვნით, მათთვის სურათის გადაღება ვერ შეძლეს.
პაპარაცების დანახვამ ფეხბურთელები სულაც არ გააღიზიანა. ჯო ჰარტს ერთ-ერთი პაპარაცისათვის ლუდიც კი შეუთავაზებია, მაგრამ “სუფრის დალოცვის“ არმცოდნე პაპარაცმა ეს შეთავაზება შორს დაიჭირა, თუმცა, ფეხბურთელებს სუფრაზე მიწვევა, გაზეთში მათი გალეშილი სახეების დაბეჭვდით მაინც ვერ “გადაუხადა“.
ინგლისური პრესა ფეხბურთელებს ასეთ რამეებს იშვიათად პატიობს. თითქმის ყველა ინგლისურმა გაზეთმა მანჩესტერელთა მესაჭეს – იტალიელ რობერტო მანჩინის, ფეხბურთელების მიმართ მკაცრი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. თუმცა, მანჩინის ფეხბურთელების მიმართ სერიოზული სადამსჯელო ზომები დღემდე არ გაუტარებია.
ინგლისელი ჟურნალისტები დღესაც მწარედ ახსენებენ მანჩინის ფეხბურთელთა დაუსჯელობას და სენიორ რობერტოს რბილ ხასიათზე აკეთებენ აქცენტს. მანჩინი ამბობს, რომ იგი მართლა აპირებდა ფეხბურთელების დასჯას, თუმცა მოთამაშეებს ლოთობა არ დაუმტკიცდათ. ქალებში განავარდება კი, მისი აზრით, სულაც არ არის დანაშაული.
“მე გაოგნებული ვარ ინგლისელი ჟურნალისტების მოწოდებით იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთელები ლოთობასთან ერთად, ქალებში სიარულისათვისაც დავსაჯო. ახალგაზრდა კაცს, თუნდაც იგი ფეხბურთელი იყოს, ბუნებრივია, რომ გოგონებისაკენ მიუწევს გული. ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ იტალიაში ქალებში სიარულის გამო არავის სჯიან“ – ამბობს სენიორ რობერტო, რომელიც ფეხბურთელობისას საპირისპირო სქესისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა და ბუნებრივია, რომ ქალებში განავარდება მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.







