ბლოგი

11:41 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქალაქი, ზაფხული, შენი გუნდი და ტროტუარზე მდგარი მეძავები...

 

დიდებულია შენი ქალაქი საღამოობით. მით უმეტეს ზაფხულში და მით უმეტეს თუკი მდინარესთან ახლოს ცხოვრობ. წამოუბერავს ნიავი ამ მდინარიდან და დასიცხულ სხეულზე მალამოსავით დაგედება ნიავის ქროლვა. რა გინდა მეტი? ისიამოვნე ამ ნიავით, გაკბიჩე მაცივრიდან ახლადგამოღებული ცივ-ცივი კახური ატამი და იფიქრე ყველაფერ კარგზე.

მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დარდიან ალაგას მდებარე უბანში ცხოვრობ და შენი კორპუსის წინ მეძავთა უცნობილესი ნავსაყუდელია? ზიხარ შენთვის აივანზე, ნიავის ქროლვას ელი, ხელში ცივი ატამი გიჭირავს და დაბალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორში შენი ქალაქის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის თამაშს უყურებ, რომელიც გასვლით მატჩს ატარებს ყაზახეთში. უყურებ და აივნის ქვემოდან მეძავებისა და მათი კლიენტების შეძახილები გესმის. “თავს ნუ იფასებ ანჟელ, 10 თუმანი კარგი ფულია ჩემმა მზემ. გაჰყე იმ ვერანა ბიჭსა. განა ისეთს რას გიზამს რაც აქამდინ არ უქნიათ? ადე, ნუ ინაზები პატარძლისეეფა“ – ეუბნება ერთი მეძავი მეორეს და თან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მომძვრალ ქუსლს აჭედებს ტროტურიდან ამოძრობილი ფილაქანით.

შენ რა თქმა უნდა არ მოგწონს, რომ მეძავების აბდაუბდა საფიქრალი შენსა და შენი გუნდის ურთიერთობაში ჩარიეს. დღეს ხომ შენი გუნდის თამაშია?! აბა მეძავების ყაყანის ხალისი იქნება? მაგრამ იცი, რომ აქ მეძავები ხვალაც მოვლენ, ზეგაც და საერთოდ, შენ შეიძლება ბინა გაყიდო და მდინარესთან ახლოს სხვა ბინა იყიდო (რათა ზაფხულობით ნიავს უფრო ძალუმად შეუშვირო დასიცხული მკერდი) მაგრამ, ეს მეძავები არსად წავლენ - ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ასე იდგებიან, დაბერდებიან, კიდევ მეტად დაუშნოვდებიან, ვეღარც ფერუმარილი უშველით და ვერც ვერაფერი, მაგრამ ბოლომდე ჯიუტად დადგებიან იმ ამოყრილფილაქნებიან ტროტუარზე და ალბათ სამარადჟამოდ იგნიასებენ შენი და სხვა შენსავით ფეხბურთზე შეყვარებული ხალხის გულის გასახეთქად.

როდესაც შენი ქალაქის გუნდი აგებდა, ბავშვობაში ტიროდი და ამის გამო მშობლების რისხვას იმსახურებდი. ახლა აღარ ტირიხარ, მაგრამ ყოველი წაგება ძველებურად გტკივა და ზაფხულში სოფელსა თუ ზღვაზე ბავშვებთან ერთად წასული ცოლიც კი ხვდება ტელეფონზე საუბრისას, რომ შენ ძველებურად გტკივა ეს მარცხები, მაგრამ ცდილობ არ შეიმჩნიო. თავის დაჭერა ისწავლე, დარდის გულში ჩამარხვა ისწავლე, ვითომ გულგრილი კაცის იერის მიღება ისწავლე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს დამარცხებები ყოველთვის გახსენებენ თავს და საშინლად გიწიწკნიან სულს.

მაგრამ, ეს ხომ ყაზახეთია – ქვეყანა, სადაც შენი ქალაქის გუნდი როგორც წესი მხოლოდ მოსაგებად ჩადიოდა და ეს გამოსდიოდა კიდეც. კარგად იცი, რომ დღეს სხვა ვითარებაა და ყაზახებს შენს ქვეყანაზე ბევრად მეტი ფული აქვთ და მათი ფეხბურთი მხოლოდ აღმა მიიწევს, შენი ქვეყნის ფეხბურთი კი ურემივით თავდაღმა მიგორავს. იცი, რომ ფიფას რეიტინგში ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთი შენსაზე წინაა გამოჭიმული, მაგრამ გული ოხერია, იმედი ოხერია, სურვილი ოხერია და ისევე როგორც ადრე, ბავშვობაში, გჯერა, რომ ერთ დღესაც დაბრუნდება ძველი დრო და ხომ შეიძლება ძველი დროის დაბრუნება დღეს დაიწყოს?! ვითომ რატომაც არა?!...

შენი გუნდი უკვე 0:2-ს აგებს. აივნიდან ხედავ, რომ ტროტუარზე მხოლოდ ერთი მეძავი რჩება. უკვე მობერებული და მოსუქებული მეძავი, რომელიც შენი კორპუსის კედელზეა მიყრდნობილი და თავი ზუსტად ისე ჩაუქინდრავს, როგორც შენი საყვარელი კლუბის მწვრთნელს მეორე გოლის გაშვების შემდეგ. ხვდები, რომ ეს უბედური ქალი უკვე აღარც კი ცდილობს კლიენტის გამოჭერას. უბრალოდ დგას და მეტი არაფერი. შეიძლება წასასვლელიც არსად აქვს და ზაფხულის ამ ღამის გატარებას სულაც აქვე აპირებს. შენ გეცოდება მეძავი. ძალიან გეცოდება. თამაში რომ არ ყოფილიყო, სულ სხვა ხასიათზე იქნებოდი და შეიძლება მაცივრიდან ახლადგამოღებული რამდენიმე ცივ-ცივი ატამიც მიგეცა იმ ჩაპუტკუნებული საცოდავი ქალისთვის. მაგრამ, შენი გუნდი უფრო მეტად გეცოდება და სულ ივიწყებ დაღლილ და ბედს შეგუებულ მეძავს.

შენ გუნდი გყავს და თან არც გყავს, შენი სახლის წინ მეძავი დგას და თან არცაა მეძავი, რადგან მეძავი კლიენტის გარეშე აბა რის მეძავია? შენ ცხოვრობ ქვეყანაში რომელსაც აქვს თავისი დროშა, გერბი, ჰიმნი, ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი, პრემიერი, მთავრობა, ფეხბურთის ფედერაცია, მგზავრთან ჩხუბის დროს გარდაცვლილი ავტობუსის მძღოლი, და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, რომელიც ყაზახეთში 0:3-ს აგებს. და შენ ამ ყველაფერს იტან! შენ გმირი ხარ! შენს მოთმინებას გაუმარჯოს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112724