ჩოგბურთი

19:57 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებს I ჯგუფამდე ერთი გამარჯვება აშორებს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში უდანაკარგოდ ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელებმა მე-3 შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინა 3:0 დაამარცხეს და B ჯგუფში პირველობა არავის დაუთმეს.

ლიტვის ქალაქ შიაულაიში მიმდინარე მინი-ტურნირის მე-3 დღეს ქართულ-ბოსნიური დაპირისპირება ეკატერინე გორგოძის (376-ე) და ანიტა ჰუსარიჩის (659-ე) მატჩით გაიხსნა, რომელშიც ჩვენებურმა 7:5, 6:2 იმარჯვა.

შემდეგ სოფო შაფათავამ (მე-200) იასმინა ტინჯიჩი (252-ე) 6:4, 6:2 დაამარცხა და შეხვედრის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა, ხოლო წყვილთა მატჩში, რომელიც ფაქტობრივად აღარაფერს წყვეტდა, შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ჰუსარიჩთან და ტინჯიჩთან 1:2-ს აგებდნენ, როდესაც მეტოქეებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა და ნახევარფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსან ფინეთს ეთამაშება. მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს ბოსნია-ჰერცეგოვინა და ლიხტენშტეინი გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, რომ ფინალისტები საგაისოდ I ჯგუფში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

ორიოდ სიტყვით ქართველთა მომავალი მეტოქის – ფინეთის ნაკრების შესახებ. ფინელებმა ჯგუფში ლიტვას (2:1) და ჩერნოგორიას (3:0) მოუგეს, ლიხტენშტეინთან კი მარცხი (1:2) განიცადეს. ფინელთა პირველი ნომერი პიია სუომალაინენი მსოფლიოს 833-ე ჩოგანი გახლავთ, მას კი კვალში ემა ლაინე (967-ე), ელია ლეივო (1091-ე) და როოსა ტიმონენი (ურეიტინგო) უდგანან.

0.116395