რაგბი

20:53 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიასთან ბოლოსწინა ადგილისთვის

 

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ხვალ, 19 აპრილს, თბილისის დროით 13 საათზე 2014 წლის ევროპის ელიტური ჩემპიონატის ბოლო მატჩს გამართავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, წლევანდელი გათამაშება უარყოფითად უნდა ჩაითვალოს, რადგან ბოლო ორი წლის შედეგის გამეორება და მით უმეტეს გაუმჯობესება - იტალიის დამარცხება და მეექვსე, ან უკეთესი ადგილის დაკავება ვერ მოხერხდა. და მაინც, პორტუგალიის ძლევა და ექვსი ერის ქვეყნების შემდეგ მე-7 პოზიციის დაკავება მაინც მნიშვნელოვანია, ასე რომ, ბიჭებს იმედგაცრუების გადალახვა და დასკვნით მატჩში უცილობლად გამარჯვებისთვის ბრძოლა მართებთ.

პოლონეთში ნაჩვენებ მატჩებში უკმაყოფილების მიზეზს თამაშის ხარისხი იწვევს, განსაკუთრებით ორივე განვლილი მატჩის მეორე ტაიმი. მეოთხედფინალის პირველ ტაიმში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” იბრძოლეს და ტაიმი 10:5 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქის ნახევარზე ხეირიანად გადასვლაც ვერ მოახერხეს, სამი ლელო მიიღეს და 10:20 დამარცხდნენ.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში საწყისი 20 წუთი ისეთი იყო უკეთეს რომ ვერ ვინატრებდით - საქართველო 13:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე ინიციატივა დათმო, ტაიმის ბოლოს ლელო გაუშვა, მეორე ნახევარში კიდევ ორი ლელო მიიღო, თავად ქულა ვერ აიღო და 13:15 დამარცხდა. იტალიის ნაკრები არაა ისეთი სუსტი, რომ მათთან ყოველ წელს გამარჯვების დაგეგმვა ჩვეულებრივი ამბავი იყოს და არც ჩვენ ვართ იმ დონეზე, მსგავს გუნდებთან მოგების მეტი სხვა არაფრის მოსმენა გვინდოდეს, მაგრამ 13-ქულიანი უპირატესობის განიავება ნებისმიერ შემთხვევაში გულდასაწყვეტია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ტრავმებისა და უბრალოდ, როტაციის მიზეზით, ექვსი ცვლილება განხორციელდა. გარემარბად თამაშს თორნიკე მანაგაძის ნაცვლად ბექა ნონიაშვილი იწყებს, ვასილ ლობჟანიძემ 9 ნომრის პოზიციიდან მგეზავად (10) გადაინაცვლა და კოტე ახობაძის ადგილი დაიკავა, ხოლო მის პოზიციაზე ლაშა მამუჩარაშვილი გამოჩნდა. შერკინების პირველ ხაზში ნიკა ნეფარიძეს ლუკა გოგინავა შეცვლის, მეორე ხაზის წყვილს - გიორგი ჯავახია და ოთარ გიორგაძე, რომლებმაც იტალიელებს ლელოები გაუტანეს, მიხეილ ბაბუნაშვილი და ბესიკ გოგოლაძე ჩაანაცვლებენ, ხოლო მესამე ხაზში მიხეილ გორგასლიძის ნაცვლად თამაშს ლაშა საჯაია იწყებს.

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის

პოლონეთი. პოზნანი. 11-19 აპრილი

19 აპრილი

VII ადგილისთვის

პორტუგალია - საქართველო (13 საათი. თბ. დრ.)

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (კაპ), 14. დავით ლობჟანიძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. გიორგი კოშაძე, 11. ბექა ნონიაშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე, 9. ლაშა მამუჩარაშვილი; 1. ლუკა გოგინავა, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ბესიკ გოგოლაძე, 6. ლაშა საჯაია, 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. ნიკა ნეფარიძე, 17. შაქრო ლომსიანიძე, 18. ოთარ გიორგაძე, 19. გიორგი ხუროშვილი, 20. კოტე ახობაძე 21. გიორგი მელაძე, 22. თორნიკე ხურცილავა, 23. თორნიკე მანაგაძე, 24. გიორგი ჯავახია, 25. მიხეილ გორგასლიძე, 26. კახა ელბაქიძე.

 

V ადგილისთვის

შოტლანდია - იტალია

III ადგილისთვის

უელსი - საფრანგეთი

ფინალი

ინგლისი - ირლანდია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117293