მისტერ რიდ, წესისამებრ გაბარებთ პატაკს გუშინ, ქალაქის რუსულ უბანში ფრენსისის ქუჩაზე მომხდარ ხელჩართულ ჩხუბთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს შორის მომხდარი ამასწინდელი გაუგებრობა წარსულში დარჩება და ჩემს საგამოძიებო ნიჭს შემდეგში მაინც აღარ დააყენებთ ეჭვქვეშ. ფრენსისი ქუჩაზე მომხდარი ჩხუბი, მოგეხსენებათ, არც პირველი იყო და არც ბოლო იქნება ამ საძაგელ უბანში, სადაც რუსები გამუდმებით თვრებიან და ჩხუბი აქ ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ჩინელისათვის ხვლიკის ბარკლების მირთმევა, თუმცა გუშინდელი ჩხუბის მიზეზების დადგენა განსაკუთრებულად გაჭირდა, რადგან ცხადი იყო, რომ მასში გარეული მხოლოდ რუსები არ ყოფილან.
როგორც იცით, ჩვენი ქალაქის რუსულ უბანში რუსების გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ხალხიც ცხოვრობს. მათგან ყველაზე მშვიდნი და უპრობლემონი შუააზიელები არიან. როდესაც ეს საქმე ხელში ავიღე, პირველ ყოვლისა იმ ბარის მეპატრონე დავკითხე, სადაც აღნიშნული ჩხუბი მოხდა. ბარ “ესენდუკის” მფლობელი, არტიომ პავლოვი 60 წელს მიტანებული კაცია, რომელიც ამერიკაში 20 წელია ცხოვრობს და ინგლისური ნორმალურად მაინც ვერ ისწავლა. არტიომ პავლოვმა განაცხადა, რომ ჩხუბის მიზეზი ქართველებისა და უკრაინელების გამომწვევი ქცევა იყო, რომლებმაც მის ბარში ტელევოზორის ჩართვა მოითხოვეს და ამერიკული ფეხბურთის მსგავი უცნაური თამაშის ცქერის დროს მალიმალ აგინებდნენ რუსებს. განსაკუთრებით უკრაინელები გამოირჩეოდნენ, რომლებიც მათ სამშობლოში უკანასკნელ დღეებში მომხდარ სისხლისღვრაში როგორც იცით სწორედ რუსეთს ადანაშაულებენ.
არტიომ პავლოვი ამბობს, რომ ბარში მყოფმა და მათი გამუდმებული გინებით განაწყენებულმა რუსებმა ტელეფონზე მათ სხვა თანამემამულეებს დაურეკეს და ჩხუბი მას შემდეგ ატყდა, როდესაც ქართველებმა და უკრაინელებმა რუსების გინებაზე ხელი მუქარის შემდეგაც არ აიღეს. ამჟამად
ამის შემდეგ დავკითხე ჩხუბის დროს საავადმყოფოში გადაყვანილი ვინმე გიორგი ბერიშვილი, რომელიც ჩემთვის უცნობ ქალაქში, ბათუმშია დაბადებული და აქ ჩვენთან ტაქსისტად მუშაობს. მან არ უარყო, რუსების გინება. მისი მონაყოლიდან გავარკვიე, რომ ხუთი ქართველი და მათი მეგობარი სამი უკრაინელი ბარში ერთად შეიკრიბნენ იმისათვის, რათა საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა შეხვედრა ენახათ. ქართველებსა და უკრაინელებს რუსეთი განსაკუთრებულად არ ახატიათ გულზე და სარაგბო მატჩის ცქერისას ბუნებრივია ხშირად იძახდნენ უსხამს სიტყვებს, რამაც ადგილობრივი რუსები გააცოფა და ჩხუბი სწორედ მათ ატეხეს. გიორგის გარდა ჩემს მიერ დაკითხული კიდევ ოთხი ქართველიც ამბობს, რომ რუსების გინებას არ ნანობენ და თუ საჭირო გახდება, ახლაც იგივეს იზამენ.
უკრაინელების ჩვენებებმა სულ სხვა გზით წამიყვანა. როგორც მათი საუბრიდან გამოვარკვიე, ამ ბიჭებს რაგბის ბევრი არაფერი გაეგებოდათ და ბარში მათი მისვლის მიზეზი თამაშის ცქერაზე მეტად რუსების გამოწვევა იყო. ”მათ ჩვენი ქალაქი დაანგრიეს და ხალხი დახოცეს. ეს არასოდეს ეპატიებათ” – მითხრა 42 წლის ევგენი სერადენკომ.
რუსების დაკითხვამ დაადასტურა ყველა ის ეჭვი რაც თავიდანვე მქონდა. როგორც ჩანს ჩხუბი მართლაც რუსებმა დაიწყეს და ეს რამდენიმეს ჩემთან საუბარში წამოსცდა კიდეც. რუსები უშვერი სიტყვებით იხსენებიდნენ უკრაინელებსა და კავკასიელებს (როგორც იცით კავკასია რეგიონს ჰქვია, სადაც საქართველო მდებარეობს) და მათ ”ცოფიან ძაღლებს” ეძახდნენ. განსაკუთრებით უკრაინელებზე იყვნენ გაბრაზებულები, რომლებმაც მათ აზრით უღალატეს და “შავუკანალიანების” (სწორედ ასე უწოდეს ქართველებს) მხარეზე გადავიდნენ. რუსების ლაპარაკიდან დავასკვენი, რომ მართლაც ძალიან ძნელია მათთან ურთიერთობის დროს არ შეიგინო, რადგან მათი სიძულვილი სხვათა მიმართ აშკარაა და ნათელი.
ამდენად მისტერ რიდ, ჩემს მიერ ჩატარებულ წინასწარ მოკვლევას დასრულებულად ვთვლი და მჯერა, რომ ეს საქმე ღირსეულად და სამართლებრივად ლოგიკურად დასრულდება. მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ მიუხედავად ქართველებისა და უკრაინელების პროვოკაციული საქციელისა, ამ მცირე ხანში მე მივხვდი, თუ რატომ სძაგთ ამ ხალხს რუსული შივინიზმი. იმედია ჩემი სიტყვები ჩვენი მორიგი კამათის მიზეზი არ გახდება.
პოლიციის კაპიტანი, ჯოი ბერედკი







