მოკლედ, დაგვღალა და გაგვტანჯა ”ფეხბურთის მეფედ” სახელდებულმა – ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელემ თავისი მუდმივი ტრაბახითა და მკერდზე მუშტის ბრაგუნით. პელეს ტრაბახის სურვილი განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდება ხოლმე, როდესაც მას ქალებზე უსვამენ კითხვას. ეს ხნიერი კაცი ამოიდგამს ხოლმე ენას და თავის სექსუალურ შესაძლებლობებზე ისეთი ცხვირაწეული საუბრობს, აშკარაა, რომ ან ”ამ ამბავში” მართლაც ძველებურად ჯანზეა, ანდა, უბრალოდ ტრაბახით უნდა ფონს გასვლა.
რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბარში ფეხბურთის ლეგენდამ განაცხადა, რომ თუკი ხასიათზეა, დღეში ორი და სამი ქალის “მიღება-გასტუმრება” შეუძლია და ძალიან უკვირს, რომ ახლანდელ ახალგაზრდებს სექსის ამბავში მისებრი სწრაფვა და იშტა არ გააჩნიათ. პელემ ასევე გაიხსენა მის მიერ უკვე მრავალგზის მოყოლილი ამბავი იმასთან დაკავშირებით, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუ როგორ დაერია შვედ ქალებს და როგორ გააოგნა ყველა თავისი მამაკაცური შესაძლებლობებით.
ახლა ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ჯეელობაში პელეს ქალებში განავარდება მართლაც რომ ძალიან უყვარდა და ამაზე თუნდაც მისი მრავალრიცხოვანი კანონიერი თუ უკანონო შვილებიც მეტყველებს. ჩვენი ერეკლე მეფისა არ იყოს, პელესაც რომელ ქალაქსა თუ სოფელშიც კი გაიარა, ლამის ყველგან ბავშვები გააკეთა და ამ დროულ კაცს დღემდე ათასგვარი ალიმენტების გადახდა და სასამართლოს ფურცლების შრიალი უწევს.







