კატალონიური “ბარსელონას” პირველ გუნდში გადასვლის პირველივე წელს პედრო როდრიგესმა აქამდე წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა და სეზონის განმავლობაში, ექვს ოფიციალურ ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გატანილი 2 გოლის წყალობით, პედრო “ბარსელონას” ისტორიაში შევიდა და ეს მისი კატალონიური კარიერის მხოლოდ დასაწყისია. 22 წლის ფეხბურთელს წინ კიდევ არაერთი წარმატებას ელის, მანამდე კი, კუნძულ ტენერიფეზე დაბადებული მოთამაშე კატალონიურ Sport-ს გაესაუბრა.
- რომელი ეპიზოდი გახსენდებათ, როდესაც აბუ დაბიზე ფიქრობთ?
- ასეთ დროს, მახსენდება ტიტულის მოგებით გამოწვეული უდიდესი სიხარული, ოჯახი, მეგობრები, საცოლე და ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს მიჭერდა.
- რას წარმოადგენს თქვენს ცხოვრებაში გვარდიოლა?
- მან მე შანსი მომცა, მენდო და იმედი მაქვს, კვლავ ასე მოიქცევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი თავდაუზოგავი მუშაობითაც დავიმსახურე ნდობის გამოცხადება.
- ჟეფრენთან მანამდეც მეგობრობდით, სანამ პირველ გუნდში მოხვდებოდით?
- ტენერიფედან ერთად ჩამოვედით და ერთმანეთს კიდევ უფრო დავუმეგობრდით. ბარსელონაში მასთან და მის ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. ჩვენ ორივე კმაყოფილნი ვართ საკუთარი მიღწევებით.
- თქვენ ერთად ლა მასიაზე ცხოვრობდით?
- დიახ. ლა მასიაზე 3 თვის განმავლობაში ვცხოვრობდით, სანამ ბინას გამოგვიყოფდნენ. სადილიც და ვახშამიც ლა მასიაზე გვქონდა. ზოგჯერ თავადაც ვამზადებდით სახლში რომელიმე იოლ კერძს, მაგალითად, სპაგეტის.
- როგორ ატარებდით თავისუფალ დროს?
- ვისვენებდით, ვსაუბრობდით, ვთამაშობდით Playstation-ს, ვსწავლობდით... ყველაფერი ჩვეულებრივ ხდებოდა. ერთი წლის განმავლობაში კრეი ბლანკის რაიონში ვცხოვრობდით. თუმცა, ჟეფრენი ლა მასიაზე დაბრუნდა, რადგან მისი ძმა წავიდა. ამის შემდეგ, ჩემი მეზობლები მარკ მარტინესი და ელოი რობლესი გახდნენ. ისინი ჩემთან ერთად “ბარსელონა ც”-ში თამაშობდნენ.
- გჯერათ, რომ ერთი წლის განმავლობაში ექვს ოფიციალურ ტურნირში გოლის გატანით ისტორიული რეკორდი დაამყარეთ?
- ასეთ რამეზე ადამიანი არც კი ფიქრობ. ეს ყველაფერი დაუჯერებლად მეჩვენება.
- რა გითხრათ გვარდიოლამ “ესტუდიანტესთან” თამაშის დღეს?
- მითხრა, რომ მოედანზე თამაშის სურვილით უნდა გავსულიყავი და კონცენტრაცია მომეხდინა, რადგან საკმაოდ რთული მატჩი იყო. მან ასევე სიმშვიდისკენ მომიწოდა.
- რამდენჯერ ნახეთ “ესტუდიანტესის” კარში გატანილი გოლის ჩანაწერი?
- აბუ დაბიში, ადგილობრივი ტელეარხის საშუალებით ვნახე გოლის გამეორება. პიკემ კარგი პასი მომცა, კარგ პოზიციაში აღმოვჩნდი და მეკარეც ცუდად გამოვიდა წინ, შედეგად კი გოლი მივიღეთ. იმ მომენტში ძალიან გახარებული ვიყავი. ვერც კი აგიხსნით, თუ რას ვგრძნობდი. დიდი შანსი იყო იმისა, რომ მატჩი წაგვეგო, მაგრამ ამ გოლმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ ჩემპიონობაც მოვიპოვეთ. ამ მოგებამ კი შანსი მოგვცა, 2009 წელი ისტორიული გამარჯვებით დაგვეგვირგვინებინა.
- რა გითხრეს მშობლებმა მატჩის შემდეგ?
- ისინი ჩემით კმაყოფილები და ამაყნი იყვნენ. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ვყოფილიყავი მშვიდი, ბევრი მემუშავა და ფეხზე მყარად ვმდგარიყავი. ჩემი ოჯახი და საცოლე თვლიან, რომ უნდა განვაგრძო თავდაუზოგავი მუშაობა და დავრჩე თავმდაბალი. ის, რასაც მე მივაღწიე, თანაგუნდელთა დამსახურებაა.
- თქვენი მშობლები მუშაობენ? ხომ არ გსურთ, რომ დაასვენოთ ისინი?
- დიახ, მუშაობენ. ცუდი არ იქნება, თუ ისინი პენსიაზე გავლენ, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობენ. ისინი ორივე 51 წლისა არიან და ძალიან მინდა, მატერიალურად დავეხმარო.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







