მიუნხენის ”ბაიერნის” ფრანგმა ფეხბურთელმა - ფრენკ რიბერიმ, თავისი, წარმოშობით ალჟირელი ცოლის – ვაჰიბას ხათრითა და სიყვარულით, კათოლიციზმი დაუტევა და ისლამი აღიარა. ფრენკს ვიჰიბა იმდენად უყვარს, რომ პირველ ორ შვილსაც არაბული სახელები – ჰიზია და საჰინეზი დაარქვა. რიბერის შვილები გოგონები არიან. უფროსი ჰიზია 5 წლიაა, საჰინეზი კი 3 წლისა ახლახანს შესრულდა. გამუსლიმებული ფრენკი არასოდეს მალავდა, რომ მისი ოცნება ვაჟიშვილის ყოლა იყო და როგორც ჩანს, ეს ბედნიერებაც მალე ეღირსება.
რამდენიმე დღის წინათ, ფრენკ რიბერიმ და მისმა ალჟირელმა მეუღლემ საზოგადოებას ამცნეს, რომ ვაჰიბა კვლავ ორსულადაა და გერმანელი ექიმების ეჭვმიუტანელი დასკვნით, ბიჭს ელის. გვარის გამგრძელებლის ამ ქვეყნად მოვლინების სიხარულით აღვსილ ფრენკ რიბერის, თავისი ცოლისთვის უთქვამს – რასაც მოისურვებ, ნებისმიერი სახის საჩუქარს გაგიკეთებო, მაგრამ ვაჰიბას ევროპელი ქალების მსგავსად, არც ახალი მოდელის ავტომანქანები აღაფრთოვანებს და არც “ზიზია“ ტანსაცმელებზეა თვალებდაჭყეტილი.
რიბერიმ თავისი მეუღლე 9 წლის წინათ – 2002 წელს გაიცნო. მისი ცოლად მოყვანის დროს, ნათესავებისაგან ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. რიბერების საგვარეულო ფრენკიზე განსაკუთრებით მას შემდეგ განაწყენდა, რაც საფრანგეთის ნაკრების წევრმა რჯული შეიცვალა და ქორწილიც ისლამური წესებით გადაიხადა. ასეა თუ ისე, ფრანგი ფეხბურთელი თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობს და ამას ესოდენ ნანატრი ვაჟიშვილის მოლოდინიც ემატება - პატარა რიბერი ამ ქვეყანას დაახლოებით ოთხ თვეში მოევლინება.







