ბლოგი

15:42 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპაჩემი და მარადონა

ამჯერად პაპაჩემზე მინდა გიამბოთ – ერთ თბილისელ კაცზე, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა ფეხბურთი, ლუდი და მარადონა. უფრო ზუსტად, ჯერ პელე უყვარდა, მაგრამ როცა მარადონა გამოჩნდა და მარადონას თამაში ნახა, პაპაჩემმა პელეს გვარიანად შეუკურთხა და მარადონა აღიარა უპირველესად. ეს მის თაობაში დიდი ამბის გამომწვევი იყო და მისი თაობის ქომაგები ხშირად სდებდნენ ხოლმე ბრალს “პელეს ღალატში”, რადგან პელე მათი დროის უპირველესი ფეხბურთელი იყო და პელეს მარაოდნაში გაცვლა სკანდალურ ამბად ითვლებოდა.

პაპაჩემი იყო ტრამვაის ვატმანი და თავის ოთახში დიდ ვაზაში ყოველთვის ეყარა ხურდები. როცა არ მუშაობდა, იმ დღეს მომცემდა ფულს, გამაგზავნიდა ლუდზე და სპორტულ გაზეთზე (ძირითადად “სოვეტსკი სპორტს” მაყიდინებდა ხოლმე) მერე დაჯდებოდა, მოიდგამდა ლუდს, კითხულობდა გაზეთს და თან შიგადაშიგ ამოიძახებდა: “ნახე კაცო, “კრუხის პალოს” “მილანთან” ორი გოლი გაუტანიაო”. ამ მეტსახელით მარადონას ეძახდა და რაკი მაშინ იტალიის ჩემპიონატის ცქერის საშუალება ფიზიკურად არ არსებობდა, მარადონას “ნაპოლიში” ჩადენილ გმირობებს ძირითადად გაზეთიდან იგებდა. ხშირად ამოუჭრია გაზეთებიდან მარადონას, კემპესის, ბერტონის, მესხის ფოტოები და თავის ოთახში ქონდა გაკრული.

არგენტინის გულშემატკივარი იყო და მისი ეს ერთგვარი ოჯახური ტრადიცია შემდეგ თქვენმა მონა-მორჩილმაც გააგრძელა, თუმცა მე აბა რას შევედრებოდი ფეხბურთის ჭეშმარიტ სიყვარულში. მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიო ფეხბურთი ჩვენს ტელეეკრანებს იშვიათად სტუმრობდა და არგენტინის ნაკრების თამაში მისთვის ჭეშმარიტი ზეიმი იყო.

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა ტელევიზიამ გადმოსცა. მათ შორის იყო ფინალური მატჩი დასავლეთ გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის და ეს იყო ჩვენთვის დიდი იმედების დასასრული. შეხვედრაში ერთადერთი გოლის გამტანი გერმანელი ბრემე კი გამოდგა ის კაცი, რომლის სახელის ხსენებაც სუფრის დროს მხსენებლის განსხვავებული სასმისით დაჯარიმებას იწვევდა. არადა, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ემოციებგადმოყოლილებს გვჯეროდა, რომ არგენტინა კიდევ იჩემპიონებდა და აკი ფინალამდეც მივიდა. მაგრამ გერმანულად მომუშავე ტვინს ვინ ჩაწვდომილა აქამდე?

საბჭოური ფეხბურთი პაპაჩემს დიდად არ უყვარდა. თუმცა თბილისის “დინამოს” ნაღდი გულშემატკივარი იყო და კონკრეტულ ფეხბურთელებზე ისეთი რამეები იცოდა, დღესაც კი მიკვირს საიდან იგებდნენ მაშინ მსგავს ამბებს, როდესაც მხოლოდ ერთი ქართული სპორტული გაზეთი იყო და იქაც საინტერესო ბევრი არაფერი იწერებოდა ხოლმე. პაპაჩემი ამბობდა, რომ 70-იან წლებში “დინამოს” წლის აბონიმენტის ხელში ჩასაგდებად მან და მისმა ძმაკაცმა ბევრი “იჩალიჩეს” და ეს წვალება გვარიან ფულად და ოფლისღვრადაც დაუჯდათ. მაგრამ თუკი “დინამოს” გულშემატკივარი იყავი, არც წვალებაზე უნდა დაგეხია უკან, თორემ მერე მთელი წლის მანძილზე სათითაო ბილეთებზე უნდა გევაგლახა. ამიტომ ერთხელ ოფლის დაღვრა ჯობდა მთელი სეზონის მანძილზე წვალებას.

რა თქმა უნდა, ძალიან უყვარდა სხვადახვა თაობის ქართველი ფეხბურთელები: მესხი, მეტრეველი, ბარქაია, ჩივაძე, შენგელია, ყიფიანი... მაგრამ განსაკუთრებით ზაურ კალოევის თავით თამაშს იხსენებდა ხოლმე და სულ ამბობდა, ჩვენებმა თავით თამაში ვერა და ვერ ისწავლეს, ერთი კალოევი გვყავდაო. პაპაჩემი ფიქრობდა, რომ თავით თამაში თანამედროვე ფეხბურთის მომავალი იყო და გაოცებული იყო ტანდაბალი დიეგო მარადონათი, რომელიც გრძელ ნახტომში მასზე მაღალ მოწინაარმდეგეებს სჯობნიდა. სამწუხაროდ პაპაჩემი ვერ მოესწრო იტალიის ჩემპიონატში გერმანელი ოლივერ ბირჰოფის თავით მოპოვებულ ბომბარდირობას, თორემ ჰერ ოლივერი აუცილებლად შევიდოდა მის კუმირთა რიცხვში.

პაპაჩემი 1994 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატამდე სულ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი. ჩემპიონატზე მარადონას კიდევ ერთი გაბრწყინების დიდი იმედი ჰქონდა და ამბობდა: აი ნახე, ამერიკაში რას ვუზამთ გერმანელებსო. მარადონას დაღმასვლაც სწორედ მაგ ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო...

 

0.112699