ინტერვიუები

9:45 | 24.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ შენგელია: “ნორჩი დინამოელი” არ იყიდება”

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია - საფეხბურთო სკოლა “ნორჩი დინამოელი” იყიდება და მის ადგილას საცხოვრებელი სახლები აშენდებაო. ეს ცნობა კიდევ უფრო გამყარდა, როცა “ნორჩი დინამოელის” საფეხბურთო მინდვრებზე მუშები გამოჩდნენ, რომლებმაც კარებისა და მინდვრის ღობის მოშლა დაიწყეს.
ზემოთ ნახსენები ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, “მსოფლიო სპორტი” შპს “ნორჩი დინამოელის” დირექტორ ოთარ შენგელიას დაუკავშირდა.
ოთარ შენგელია: “დაახლოებით 10 წელი იქნება, რაც “ნორჩი დინამოელი” შევისყიდე. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი ტერიტორიის შეძენით დაიტერესებული არაერთი ადამიანი გამოჩნდა, რომლებსაც აქ საცხოვრებელი სახლების აშენება სურდათ. რა თქმა უნდა, ეს ის ხალხი იყო, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ შპს “ნორჩი დინამოელი” რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ, მხოლოდ ერთსართულიანი სახლების აშენებაა დასაშვები. ასეთი პირობები, ბუნებრივია, მათთვის მისაღები არ არის.
- მაშინ, რით ახსნით “ნორჩი დინამოელის” ბაზაზე მუშების გამოჩენას?
- ბაზის კეთილმოწყობის მიზნით, სათამაშო მოედნების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სექტემბრის ბოლოს, თურქეთიდან მინდვრის ხელოვნულ საფარს ველოდებით.
- როდის აპირებთ ბაზის სარემონტო სამუშაოების დასრულებას?
- სარემონტო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გვაქვს დაგეგმილი. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა და ოქტომბერში ვერ დავასრულეთ, ახალ წელს არავითარ შემთხვევაში არ გადავაცილებთ.
- რამდენი ბავშვი ვარჯიშობს თქვენს ბაზაზე?
- “ნორჩი დინამოელის” ბაზაზე, 6-დან 17 წლამდე ასაკის, 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს, რომლებიც 10 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
- ბაზის სარემონტო სამუშაოების დროს, ბავშვები სად ივარჯიშებენ?
- როცა ბაზის სარემონტო სამუშაოების დაწყებას ვგეგმავდით, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც ვიზრუნეთ, რათა ვარჯიშის პრობლემა არ შექმნოდათ. უფროსები - ბმკ-ს, პატარები “დინამოს” სტადიონის გვერდით მდებარე მოედანზე, ხოლო რამდენიმე ჯგუფი “ავაზას” ბაზაზე გადაინაცვლებს და “ნორჩი დინამოელის” სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე იქ ივარჯიშებენ.

 

როლანდ ლაბუჩიძე
 

0.152573