ფეხბურთი

21:33 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ მარცვალაძე: “საქართველოს ჩემპიონატში თამაში იოლი სულაც არაა”

 

ზამთარში საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი თბილისის “დინამოში” ოთარ მარცვალაძის ჩამოსვლა იყო. რა დონეზე შეუძლია მარცვალაძეს თამაში და მითუმეტეს, რამხელა ძალაა ჩვენს ჩემპიონატში, ეს ყველამ იცის. 29 წლის ფორვარდს თავიდან არ წაუვიდა თამაში, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი. ოთარს ზაფხულამდე აქვს "დინამოსთან” კონტრაქტი და ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ სხვა კლუბს მიაშურებს.

აქვე,“მსოფლიო სპორტის” ინტერვიუ მარცვალაძესთან:

დიდი დრო არ გასულა, რაც “დინამოში” ხართ. თქვენს სათამაშო ფორმას როგორ შეაფასებდით?

- “დინამოში” მოსვლამდე უთამაშებელი ვიყავი, რადგან იცით, “ალანია” დაიშალა ფინანსური პრობლემების გამო, მე კი უკლუბოდ დავრჩი. ასე რომ, ”დინამოში” ფორმიდან ამოვარდნილი მოვედი, მაგრამ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება. დიდი მნიშვნელობა აქვს შეკრების გავლას, ასე რომ, ზაფხულში ფორმაში ჩავდგები.

სხვა კლუბიდან გქონდათ წინადადება?

-  იყო უკრაინიდან. “ტავრია” და “ზაკარპატიე”.

“დინამოდან” შარშან და შარშანწინაც ხომ არ გქონდათ შემოთავაზება?

-  არა. მოხარული ვარ, რომ ”დინამოში” გადმოვედი. კარგი გარემოა, მშვენიერი მოსამზადებელი პირობებია.  

-  ბოლო პერიოდში “დინამო” ხშირად ვერ იგებს და “ზესტაფონთან” სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა. რა მიზეზებია?

- ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ადვილი სათამაშოა, მაგრამ ასე არაა. ჯერ ერთი, “დინამოსთან” ყველა გუნდი სამმაგი მოტივაციით იბრძვის და მეორეც, მოედნებია ცუდი. გარდა ამისა, ძნელია მოგება, როცა მეტოქე 90 წუთის განმავლობაში საკუთარი საჯარიმოდან არ გამოდის. “სიონთან” ბოლო თამაშს თუ ავიღებთ, ასე იყო. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რთულია საქართველოში თამაში: საქართველოში დაბალი დონის ფეხბურთელები როდი არიან. ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის ნიჭი იყო და იქნება.

-  ახალგაზრდა თაობა რამდენად მოგწონთ?

-  გამორჩევა არ მინდა, მაგრამ უდავოდ ნიჭიერები არიან.

გამოცდილზე გკითხავთ: ჩისკოზე რას იტყვით, რამდენად იოლად შეეწყვეთ?

- ჩისკო კარგი ფეხბურთელია, მასთან შეწყობა არ გამჭირვებია.

დღევანდელ ”დინამოს”რამდენად აქვს პოტენციალი, რომ ევროტურნირებზე ღირსეულად გამოვიდეს?

- გუნდი მთლიანობაში უნდა შეთამაშდეს. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის. ამას დრო სჭირდება. შეკრება ვახსენე და სწორედ იქ შეთამაშდება გუნდი. ღირსეულად გამოსვლის დიდი შანსია, ოღონდ, ცოტა წილისყრაშიც თუ გაგვიმართლებს, ცუდი არ იქნება.

-  ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, “დინამოში” დარჩებით თუ არა?

- არა. ზაფხულამდე მაქვს კონტრაქტი და ჯერ არ ვიცი, შემდეგ რა იქნება.

ალბათ, ნაკრებში დაბრუნებაზეც ფიქრობთ.

- ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. შარშან რომ არ მიძახებდნენ, ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა. ალბათ, ჩემი ფორმა არ აკმაყოფილებდა სანაკრებო მოთხოვნებს. ბოლო თვეებში კი სულაც უთამაშებელი ვიყავი. ნაკრებში დაბრუნების სურვილი კი, რა თქმა უნდა, მაქვს.  

შეგიძლიათ, თქვენთვის ყველაზე უხერხული მცველი დაასახელოთ?

- “ვიტ ჯორჯიაში” როცა ვიყავი, მახსოვს თბილისის “ლოკომოტივთან” თამაშები, მე და ლაშა სალუქვაძეს სულ მაგარი ორთაბრძოლები გვქონდა. შემდეგ უკვე თანაგუნდელებიც ვიყავით, ვმეგობრობთ... ძლიერი მცველია, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სწორედ სალუქვაძის წინააღმდეგ თამაში იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113107