პელესა და მარადონას ურთიერთდაპირისპირებაზე, ამ ორი ფეხბურთელის შედარებასა და ხელ–ფეხის დატოლებაზე, თითქმის აღარავინ წერს. ეს ის თემაა, რომელიც იმდენად გადაიღეჭა და გაიცრიცა, რომ ქარაგმული ფანტაზიის მოშველიებითაც კი ვერ იტყვი ვერაფერ ახალსა და ამაფორიაქებელს. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ორი ადამიანი მაინც მუდამ “ფეხებში გებლანდება“ (ისე, ფეხებში ვინ ვის ებლანდება, ეგეც საკითხავია) და ბედის უცნაური დამთხვევით, 2010 წელი ორივე ამ ადამიანისათვის საიუბილეოა და თან როგორი საიუბილეო...
მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. პელე კი, 20 წლით ადრე – 1940 წლის 23 ოქტომბერს. 20 წელიწადი და ზუსტად ერთი კვირაა სხვაობა ორ კაცს შორის, რომელთა ბედიც, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ასე გადაეჯაჭვა ერთმანეთს. სადაც პელეს ვახსენებთ, იქ მარადონაც წამოჰყოფს ხოლმე თავს და მარადონას ხსენებაზეც, ჩვენდაუნებურად, პელეს სახელი გვიტივტივდება გონებაში.
ამ თვეში მარადონა 50 წლის გახდება, პელე კი 70 წლისა შესრულდა. პელეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მარადონას თამაშიც კი, ბევრ ახალგაზრდა ქომაგს ტელევიზორის და უფრო მეტად, ყოვლისშემძლე ინტერნეტის საშუალებით თუ უნახავს, მაგრამ ამ ორი კაცის “შიშით“, ვერა ფეხბურთელი დუნიაზე ვერ გაიჭაჭანებს ისე, რომ პელეს, ან მარადონას არ შეადარონ.
“აგი ნამეტანი კაი ბიჭია, დარტყმაც იმფერი აქვს, კაცს რო გოუხარდება, მარა, მაინც პატარაა ჯერე და ნამეტანი მეეჭვება მაი, რომ მარადონობამდე გეიქაჩოს“, – ლეო მესიზე ამბობს ვაგზლის ბაზრობაზე მოვაჭრე გურული კაცი და თან, კონსერვებით სავსე ყუთებს ხვნეშით ალაგებს თაროზე. კაკას ტალანტით აღფრთოვანებული ახალგაზრების დასაშოშმინებლად, სოლოლაკელი მესაათე ბაბუა კი, ირონიულად იცინის და ამბობს: “თქვენ რო კაცმა გისმინოთ, კაკას იქით კაცნი არ იყვნენ. პელემ რაც გოლები შეაგდო, იმის ნახევარი მაინც გაიტანოს მაგ კაკამ, მარა სადა აქვს მაგას მაგდენი შნო. მაგასა და კიდევ იმ თავგასიებულ ინგლისელს – რუნია, თუ ვიღაც ოხრობა. მაგარიაო ყველა მაგას იძახდა და აგერ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაღა მაგას ეთამაშოს და რაღა მე გამოვსულვარ “ულიცაში“ ნიფხავიანი“.
ზოგისთვის, ეს “პელემარადონიზმი“ ერთგვარი ასაკობრივი კლიშეა და სხვა არაფერი, რადგან ადამიანებს, ყველაზე მეტად, ის დრო და შესაბამისად, იმ ეპოქის ფეხბურთელები უყვართ, როდესაც თავად იყვნენ ჯეელები და რადიომიმღებსა თუ ტელევიზორებს გაფაციცებით მისხდომოდნენ საფეხბურთო სიახლეების მოლოდინში. სიბერეში, ახლანდელი ჯეელებიც, ალბათ, ყველა ახალ ტალანტს ზიდანს, მალდინისა თუ რონალდუს შეადარებენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათთან ერთად, ყველაფერს ისინიც მარადონასა და პელესთანაც დააკავშირებენ. ეს ორი ლათინოსი ფეხბურთელი არიან ადამიანები, რომელთაც მათი კარიერის დასრულების შემდეგაც კი, ვერსად წაუხვალ და გაექცევი. ყველგან მოგაგნებენ და გიპოვნიან, რადგან დედამიწის უმიყრუებულეს კუნჭულშიც კი, სადაც ადგილობრივთა შვილები მამების მიერ მოკლული კოიოტის კბილებით თამაშობენ, ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელსაც პელესა და მარადონას შესახებ ეცოდინება.
შორს წასვლა რად გვინდა, ოთხი წლის წინ, ლიახვის ხეობის, რუსების მიერ მაშინ ჯერ კიდევ დაუნგრეველ სოფელ თამარშენში, მინახავს სატვირთო ავტომანქანა “გაზიკის“ მძღოლი, რომელსაც მანქანის კაბინის უკანა კედელზე, ნახევრად შიშველ დიაცების ფოტოებთან ერთად, გვერდიგვერდ ჰქონდა პელესა და მარადონას ფოტოები გაკრული. მახსოვს, მაშინ ძალიან გამაკვირვა ამ ორი მტრად გადაკიდებული კაცის ფოტოსურათების გვერდიგვერდ ხილვამ. მძღოლმა კი ამიხსნა, რომ თავად მარადონას გულშემატკივარი იყო, მისი “სმენა“, ვინმე იაგო კი, რომელიც 60 წელს გადაცილებული კაცი იყო, თავის დროზე, პელეს გულშემატკივრობდა. ჰოდა, რაკი პატივცემულმა იაგომ დაინახა, რომ მისმა შემცვლელმა, დღისით და მზისით, მანქანის კაბინაში, პელეს გამაბაიბურებელი მარადონას ფოტო ჩამოაკონწიალა, მივიდა სახლში, კედლიდან ვაი–ვაგლახით ააძრო ჯერ კიდევ 60–იან წლებში გაკრული და სიძველისაგან კედელსშეზრდილი პელეს ფოტო და მარადონას გვერდით მიუჩინა ადგილი. ეს იყო ამ ორ ადამიანს შორის ერთგვარი უტყვი შეთანხმება. ან ორივე ერთად – ან არცერთი!
პელესა და მარადონას მრგვალი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, არგენტინაში ბევრი თეთრი ღვინო, ბრაზილიაში კი, ალბათ შაქრის ლერწმის არაყი დაილევა. საქართველოში კი, შაქრის ლერწმის არაყზე ბევრად კარგი სიამეები გვაქვს და ერთი ჭიქა ღვინო არც ჩვენ დავამადლოთ, ამ ორი კაცის სადღეგრძელოს.
ლევან სეფისკვერაძე







