საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო. ოთხდღიანი ტურნირის პირველ დღეს, 25 აპრილს, კაცებში მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა, ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ორივე ჩემპიონი გახდა.
60 კილოგრამში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ამირან პაპინაშვილი ავიდა. ოქროს გზაზე ამირანმა აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ვუგარ შირინლი, ჩეხი პაველ პეტრიკოვი, ბრიტანელი ეშლი მაკკენზი და შვეიცარიელი ლუდოვიკ ჩამარტინი ჩამოიცილა.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ), ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი კამალ ხან-მაგომედოვი დაამარცხა. იქამდე კი, ბელგიელ იასპერ ლეფევრს, რუმინელ რემუს მირჩეა ლაზეას, უნგრელ ბენც ზამბორისა და აზერბაიჯანელ ნიჰათ შიხალიზადას აჯობა.
26 აპრილს, ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ) იჭიდავებენ.









