2012-2013 წლის სუპერლიგის სეზონის ფინალში, ერთმანეთს „ოლიმპი“ და „შსს-აკადემია“ დაუპირისპირდებიან. უკვე არაერთმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი დაპირისპირება, რადგან გუნდები თანაბარი ძალისანი არიან. სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრათა სერიამდე, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი აცხადებს, რომ მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის შედეგების გათვალისწინებით, საკუთარი კლუბით ძალიან კმაყოფილია.
გია კაზანჯიანი: „ხუთი თამაში ვითამაშეთ და არც ერთი არ წაგვიგია, თუმცა ბოლო ორ თამაშში, დაცვაში ვერ ვითამაშეთ ისე კარგად, როგორც წინა თამაშებში, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ წაგების გარეშე მივედით ფინალამდე. დიდ პატივს ვცემ ყველა გუნდს, ვინც პლეი ოფში თამაშობდა, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში ორი ყველაზე ძლიერი გუნდი გავიდა“.
თავად გუნდების ძლიერ და სუსტ მხარეებს, ერთმანეთთან დაპირისპირებისას პირველივე თამაში გამოავლენს. „ოლიმპი“ სრული შემადგენლობით ითამაშებს, ტრავმირებულიც არავინ გვყავს, ანდრიუკაიტსს ჰქონდა სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ახლა კარგადაა და გუნდთთან ერთად ვარჯიშობს.
გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს თუ არ ჩავთვლით, რომ მეოთხედფინალიდან ახალი მოთამაშე შეგვემატა - ამერიკელი დარენ მური. ვვარჯიშობთ და ვემზადებით ფინალური სერიისთვის.
რაც შეეხება გამოცდილებას, ჩვენს მეტოქე კლუბს 5 წლიანი ისტორია აქვს, ხოლო „ოლიმპი“ მხოლოდ 2 წელია რაც არსებობს და ჩემი აზრით, კარგ შედეგებს აჩვენებს.
რა თქმა უნდა, ფინალში გამსვლელი ნებისმიერი გუნდი გამარჯვების მოლოდინშია, ჩვენც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.







