ბლოგი

10:38 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნათელმხილველი

-   გზის მეორე მხრიდან გიცანი და გადმოვედი. მომენატრა შენი ამბების მოსმენა. აბა როგორ ხარ? როგორ გიკითხო? კიდევ ხედავ საფეხბურთო სიზმრებს?

-   ეჰ, კიდევ ვხედავ და მაგან მომიღო ბოლო... შენ ამბები გაინტერესებს გასართობად, ტოტალიზატიორის ბიჭებს ფულის მოგების იმედი აქვთ ჩემი სიზმრებიდან და მე რა ხეირი? ცოლი მეუბნება, ამ სიზმრების მოყოლას თავს თუ არ დაანებებ გაგშორდებიო.

-   ადრე არ იყავი ეგეთი გულნატკენი. რა იყო, მოხდა რამე?

-   მოხდა კი არა, სულ ხდება და როცა არ ხდება მაშინაც ხდება. აი მაგალითად, წინა კვირას მესიზმრა, რომ ნეიმარი მიიღებდა ტრავმას. სიზმარიც არ იყო. ისე მომეჩვენა, რომ მე თვითონ ვიყავი ნეიმარი და როცა გავიღვიძე, ხერხემალი მტკიოდა ძალიან. ჩემს ცოლს უკვე ყელში აქვს ესეთი რამეები ამოსული და არც კი მომისმინა. მეორე დღეს კი ორთოპედმა მასხარად ამიგდო – რის ნეიმარი და რა ტრავმაო. მერე კი იცოცხლე, თვითონ დამირეკა ექიმმა გაოგნებული ხმით – ესეთი რამე არც კი მსმენიაო, მაგრამ მე რა ამ ყველაფრით? ნეტა საერთოდ აღარ ვნახულიობდე სიზმრებს.

-   გახსოვს, ადრე კარგად ვხალისობდით ხოლმე შენი სიზმრებით. საქართველო-იტალიის 0:0 რომ დაგესიზმრა გახსოვს? მთელი ტოტალიზატორის ბიჭ-ბუჭობა სულ შენზე მეუბნებოდა, მაგ კაცს რამე თუ კიდევ ესიზმრება გვითხარიო.

-   მაშინ კარგი დრო იყო. ჩვენი ნაკრები გუნდს მაინც გავდა და საქართველოს ნაკრების დასიზმრება სიზმრად მაინც ღირდა. ახლა როდესაც ჩვენი გუნდის თამაში მესიზმრება, ისეთ დღეში ვვარდები, შოკიდან გამოსასვლელად რამდენიმე დღე მჭირდება. ფეხბურთი შემაძულეს კაცო.

-   ამ მუნდილის ამბებიც დაგესიზმრებოდა შენ. მარტო ნეიმარის ტრავმა რა ოხრობაა?...

-   ლეო მესი დამესიზმრა, ოღონდ სულ მთლად ბავშვი იყო ჩემს სიზმარში. ორივე ხელში თითო ბურთი ეჭირა და მეორე დღეს ნიგერიას ზუსტად ორი გოლი გაუტანა. მესი როცა მესიზმრება მშვიდად ვიღვიძებ ხოლმე, მაგრამ მტერსა და ავს ვინმე გადარეული თუ დამესიზმრა...

-   მაგალითად ვინ? საუარესი?

-   სუარესი არასოდეს დამსიზმრებია, მაგრამ პორტუგალიელი პეპეს დასიზმრებას სიკვდილი ჯობია. ამ დროს ყველაზე მეტად მეშლება ნერვები საკუთარ უნარზე თქვენ ნათელმხილველობას რომ ეძახით.

-   ნათელმხილველობაა აბა სხვა რა არის შეკაცო?

-   ნათელმხილველობა კი არა, სატანჯველია ჩემთვის. აბა შენ დაგესიზმროს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაშები და მერე ვნახოთ რა გუნებაზეც დადგები.

-   ჩვენი ჩემპიონატიც გესიზმრება ხოლმე?

-   მარტო თამაშები კი არა, ისიც მესიზმრება, ჩაწყობილ თამაშებში ვინ რამდენ ფულს იჯიბავს.

-   მერე რაღას უდგეხარ, გააკეთე შენი საქმე და მოვაშოროთ ეგ ხალხი ჩვენს ფეხბურთს.

-   სიზმრებზე დაყრდონობით პროკურატუფრაში საქმეებს რომ აღძრავენ, გამაგებინე მეც, არ გამომაპარო ეგ ამბავი.

-   არ წამოხვალ ჩემთან? ფეხბურთის სანახავად მივდივარ მეგობრებთან ერთად. კარგი ლუდი ჩემზე იყოს.

-   ეგ ფეხბურთი უკვე ნანახი მაქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122733