მილანის ”ინტერნაციონალეს” იაპონელი მცველი, იუტო ნაგატომო აღფრთოვანებულია იტალიელი ტიფოზების მხრიდან იაპონელი ხალხისა და კონკრეტულად, მისადმი თანადგომით. იაპონიაში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფების შემდეგ, მილანური კლუბის იაპონელ ფეხბურთელს ”ინტერის” ტიფოზებისაგან თურმე ყოველდღე მისდის ასეულობით წერილი, სადაც გულშემატკივრები მას თანადგომას უცხადებენ და იმედი აქვთ, რომ სამშობლოს ჭირ-ვარამს იუტო ვაჟკაცურად გადაიტანს.
როგორც ნაგატომო ამბობს, მილანის ქუჩებში მიმავალს, სრულიად უცნობი ადამიანები ხვდებიან, ხელს ართმევენ და უსამძიმრებენ მომხდარი ტრაგედიის გამო. ნაგატომო განსაკუთრებით იმან გააკვირვა, რომ მისადმი კეთილგანწყობას “ინტერის” მოსისხლე მტრის – “მილანის” ტიფოზებიც კი გამოხატავენ.
“გუშინ ქუჩაში “მილანის” მაისურებში გამოწყობილი სამი ადამიანი შემხვდა, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ და მეგობრულად გადამეხვივნენ. ერთ-ერთმა ხელზე გაკეთებული იაპონიისდროშიანი სამაჯურიც კი მაჩვენა. იტალიელები არიან შესანიშნავი, თბილი ხალხი, რომლებიც მარწმუნებენ, რომ ამ მძიმე დროს ჩემი ქვეყანა მარტო არ არის და იაპონელებს მათი სახით ერთგული მეგობრები გვყავს. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამხელა სიკეთისათვის და მჯერა, რომ სწორედ ურთიერთთანადგომა იხსნის მსოფლიოს ყველა პრობლემისაგან!” – ამბობს ახალგაზრდა იაპონელი ფეხბურთელი, რომელიც იტალიაში სულ რამდენიმე თვის წინ გადავიდა და უკვე მოიხვეჭა ქომაგთა ალალი სიყვარული.







