გულშემატკივრის სვეტი

13:00 | 2.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ საქართველოში

მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს გუნდი, რომელიც სულ აგებს, სულ უბედურ დღეშია, მაგრამ ამაში არავინ იყოს დამნაშავე.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება, სპორტსმენმა ან სპორტსმენის ნათესავმა ჟურნალისტი სცემოს, აგინოს, პანღური უთავაზოს და ამისათვის ისევ ჟურნალისტი გამტყუნდეს, რადგან ამ ქვეყანაში ცნობილი ამბავია, რომ ქართულ სპორტს “ჟურნალისტები ღუპავენ”.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ცენტრალურმა თავდამსმხელმა ეროვნულ ნაკრებში 3 წლის განმავლობაში ვერ გაიტანოს გოლი, მაგრამ შემდეგ თამაშებზე მაინც მიიწვიონ, რადგან ასეა საჭირო და ჩვენ ვერ ვხვდებით!
მხოლოდ საქართველოში მოხდება, რომ ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა ესა თუ ის ბავშვი იმიტომ დააყენოს ძირითად შემადგნელობაში, რომ წინა დღეს, ბავშვის მამამ მწვრთნელს კარგი სუფრა “უკისრა” და “კაცობითა და მეობით” მოხიბლა.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება აირჩიონ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც არჩევისთანავე უარს იტყვის თანამდებობაზე და გულშემატკივარი ამის შესახებ განმარტების ღირსადაც კი არ ჩათვალოს.
მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ უხარისხო სტადიონების გამო გულშემატკივრები გამუდმებით წუწუნებენ და თუკი სტადიონი გარემონტდა, პლასტმასის სკამებს პირველივე თამაშზე სწორედ ის “მოწუწუნე გულშემატკივრები” ამტვრევენ.
მხოლოდ საქართველოშია ამდენი სპორტის “ექსპერტი” და მხოლოდ აქ იციან ყველაფერი, რაც საჭირო არ არის.
მხოლოდ ქართველი სპორტსმენები შეიძლება გამუდმებით აგვიანებდნენ აწონვაზე, ტურნირის წინ იმატებდნენ წონაში, ეჩხუბებოდნენ მწვრთნელს... და ამის გამო, არავინ ისჯებოდეს.
მხოლოდ საქართველოში არსებობს აზრი, რომ ყველა ქართველი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, ნიჭიერ კაცს კი, ვარჯიშის გარეშეც შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა.
მსოლოდ საქართველოში შეიძლება იქცეს ცხოვრების წესად “ღირსეული წაგება”.
მხოლოდ საქართველოში ამთავრებენ სპორტულ კარიერას ნაადრევად მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკაში სურთ გადაბარგება.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება წუწუნებდეს სპორტსმენი იმის გამო, რომ მწვრთნელი ვარჯიშებზე ძალიან ღლის და ამის გამო ფიქრობდეს სხვა გუნდში გადასვლაზე.
მხოლოდ საქართველოში მღერიან დიდებულ სამხმიან სიმღერებს და ამის მიუხედავად, სტადიონებზე შესვენებებისას “ტანკლი-ტუნკლი” სიმღერები ისმის.
და ამის მიუხედავად, მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ ასეთი მრავალჭირგამოვლილი, მაგრამ საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ბოლო კაპიკებს იხდიან სტადიონზე მისასვლელად.
და მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა გაზრდილიყვნენ დიდი სპორტსმენები, რომლებსაც ვარჯიშების დასრულების შემდეგ, ელემენტარულად შხაპის მიღებაც კი სანატრელი ჰქონდათ...
ეს საქართველოა, ყველაზე უცნაური, მაგრამ მაინც ყველაზე დიდებული ქვეყანა!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.077681