იტალიური “ჩეზენას“ რუმინელი ფორვარდი ადრიან მუტუ ის კაცია, რომელსაც სკანდალები მუდამ თან სდევდა. ფაქტობრივად, მთელი მისი ცხოვრება სკანდალებითაა სავსე და ეს არცთუ კარგი ტრადიცია მუტუმ ფლორენციის “ფიორენტინადან“ “ჩეზენაში“ გადაბარგების შემდეგაც განაგრძო. თუმცა, ამჯერად რუმინელი ფეხბურთელის ახალი სკანდალი, მისდა საბედნიეროდ, ნარკოტიკებსა და ასეთ უმგავსობებს არ უკავშირდება.
საქმე იმაშია, რომ ადრიან მუტუს მეუღლე, კონსუელო მატოსი ძალიან აღუშფოთებია იტალიურ ბულვარულ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტებმა ადრიანი 14 ნოემბერს თითქოს თავის ორ მეგობართან ერთად სტრიპტიზ-კლუბში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან მოღლაბუცე და ალკოჰოლით დაშხოშიანად შეზარხოშებული დალანდეს. კონსუელოს აღშფოთება უფრო მეტად ჟურნალისტებს ეხებათ, ვიდრე რუმინელ ფორვარდს.
როგორც ადრიან მუტუს მეუღლე ირწმუნება, ორშაბათს, 14 ნოემბერს მისმა ქმარმა მთელი დღე მასთან ერთად, სახლში გაატარა და ვერ ხვდება, რაში დასჭირდათ ჟურნალისტებს ასეთი უგვანო ჭორის მოგონება. კონსუელო მატოსის აზრით, იტალიურ პრესას ბოლო დროს მუტუს შესახებ ცუდი ამბების წერის საღერღელი აქვს აშლილი და რაკი ადრიანი ახლა კარგად იქცევა, ტაბლოიდებს ისღა დარჩენიათ, რომ არარსებული ამბები შეთხზან. ცოლისგან მუტუს ასეთი დაცვა ბუნებრივია, თუმცა რუმინელ ფეხბურთელს თავისი ცხოვრების წესის გამო, კარგა ხანია, სახელი აქვს გატეხილი და მისი უკვე აღარავის სჯერა.







