ჭიდაობა

21:32 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსუბუქი ოქრო და მძიმე ვერცხლი

ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გან პრის ფინალური ტურნირი დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება. დღეს, აზერბაიჯანული ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ და მათაც, ჩემპიონ-პრიზიორები შვიდივე წონით კატეგორიაში გამოავლინეს.

უმსუბუქეს წონაში, 57 კილოგრამში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ავიდა.

ოქროს გზას ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალიდან შეუყვა, აზერბაიჯანელი იაშარ ალიევის ძლევით (7-4), ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ამპარს მოუგო (6:5). საჩემპიონო ბრძოლაში კი, კიდევ ერთ მასპინძელს, ახმედნაბი ქვარზატილოვს აჯობა (6:2).

ოქროს გრან პრის ფინალში, რევაზ მინდორაშვილის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი საკანდელიძემაც (120 კგ) იჭიდავა. აზერბაიჯანის ნაკრების კუბელი ლეგიონერის, ალექსის როდრიგესისა (16-6) და ამერიკელი ტერველ ივაილოვ დლაგნევის (6:4) ჩამოშორების შემდეგ, ქართველი მძიმეწონოსანი ფინალში გავიდა, მაგრამ უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკისთან დამარცხდა (10:0) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე, საქართველოს სახელით აკაკი მოწონელიძემ (61 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილმა, იოსებ ხუციშვილმა (ორივე 74 კგ) და ზვიად მეტრეველმაც (97 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს.

მოწონელიძისთვის დაუძლეველი ბარიერი, ყირგიზი უულუ ულან ნადირბეკი აღმოჩნდა (0:8), ერბოწონაშვილი უკრაინელ რუსტამ დუდაიევთან დამარცხდა (1:4), ხუციშვილი – რუსეთის ნაკრების წევრ კამალ მალიკოვთან (1:4), ხოლო მეტრეველი ყაზახ მამედ იბრაგიმოვს გასცდა (7:3) და მეოთხედფინალში, მონღოლ ხუბერდულგა დორხანდთან შეხვედრა ფრედ დაასრულა (2:2). ეს ანგარიში კი ხელს მონღოლს აძლევდა.

ხვალ, ოქროს გრან პრის ფინალური ეტაპის მედლებს მოჭიდავე ქალები გაითამაშებენ. ზეგ კი, ხალიჩა ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123534