ძიუდო

14:35 | 26.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს აზიური სამზადისი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გამთენიისას სამხრეთ კორეაში გაემგზავრა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი და ქალთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესტერ სტამი, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ადგილობრივ ნაკრებთან ერთად, სეულში ივარჯიშებენ. ეროვნული გუნდის თავკაცმა, აზიურ განაცხადში ყველა ის სპორტსმენი შეიყვანა, რომლებსაც 25-31 აგვისტოს, ჩელიაბინსკში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იახლებს.

შეგახსენებთ, უზნაძემ სეზონის უმთავრესი შეჯიბრების შემადგენლობა ათიოდ დღის წინ, ბაკურიანული შეკრებისას დაასახელა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ტატამზე ამირან პაპინაშვილი გავა, 66 და 100 კილოგრამებში, სატურნირო ბადეები ქართველი ძიუდოისტების გარეშე შეივსება. სამაგიეროდ, ოთხ წონაში: 73, 81, 90 და +100 კილოგრამებში ორ-ორი წარმომადგენელი გვეყოლება. 73 კილოგრამში ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი მოირგებენ კიმონოს, 81-ში - ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი, 90-ში - ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი.

ინდივიდუალურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 25-30 აგვისტოს გამოვლინდებიან. 31 აგვისტოს კი გუნდური ჩემპიონატი გაიმართება და ამ ტურნირისთვის საქართველოს ნაკრებს შალვა ქარდავა (66 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) დაემატებიან. წინასწარი ინფორმაციით, გუნდურ განაცხადში რეხვიაშვილი მარგიანს შეცვლის.

კორეული ვარჯიშების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები თბილისში 9 აგვისტოს დაბრუნდებიან და წინასაშეჯიბრო დასკვნით შეკრებას ბორჯომში, ან ყვარელში გაივლიან. 

 

0.111384