ფეხბურთი

21:54 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მშრალი“ „ბარსა“ და „იუვე“, მესის 400 და რონალდუს საუკეთესო სტარტი

ევროპის წამყვან ჩემპიონატში მხოლოდ 2 გუნდია შემორჩენილი, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია.  ესენი „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ არიან. ტურინული კლუბი ერთადერთია, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ში 5, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1 თამაში მოიგო.

„იუვემ“ რომ გოლი არც მე-5 ტურში გაუშვა, ეს ჯანლუიჯი ბუფონის დამსახურებაა. 36 წლის მეკარემ, „ატალანტასთან“ გამართული შეხვედრის 59-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ეს, ბუფონისთვის, ზედიზედ მეორე აღებული პენალტია.

„ატალანტას“ კარში 3 უპასუხო ბურთის გატანით „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მე-12 თამაში მოიგო. ეს, ტურინული კლუბის ისტორიაში, საუკეთესო წარმატებული სერიაა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ინტერს“ ჰქონია, რომელმაც, 2006-07 წლებში, ზედიზედ 17 თამაში მოიგო.

ჯანლუიჯი ბუფონის მსგავსად, თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა „ინტერის“ მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმაც. მას შემდეგ, რაც სლოვენიელი მეკარე სათამაშოდ იტალიაში გადავიდა, მან უკვე 19 პენალტი აიღო. დროის ამ მონაკვეთში, არცერთ სხვა მეკარეს 8 თერთმეტმეტრიანზე მეტი არ მოუგერიებია.

ბუფონისგან განსხვავებით, ჰანდანოვიჩს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. „ინტერი“ „კალიარისთან“ შინ 1:4 განადგურდა. შეხვედრის გმირად ალბინ ეკდალი იქცა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა. 25 წლის შვედ ფეხბურთელს სერია A-ში სულ 8-ჯერ გაუტანია და აქედან 4-ჯერ მან „ინტერის“ კარი აიღო.

ბოლო 4 მატჩში პირველად მოიგო „ნაპოლი“, რომლის ლიდერადაც ხოსე კალიეხონი გვევლინება. ესპანელმა შემტევმა, ნეაპოლელთა მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 6 გოლიდან აქტიური მონაწილეობა 4-ში მიიღო. მან 3-ჯერ გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელებს გაატანინა.

კალიეხონისგან განსხვავებით, შედეგიანობით ვერ გამოირჩევა „ნაპოლიში“ „რეალიდან“ გადასული კიდევ ერთი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი. 26 წლის არგენტინელმა შემტევმა, ჩემპიონატის პირველ 5 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა, რაც მის ევროპულ კარიერაში პირველად მოხდა.

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში გენუური დერბი გაიმართა, რომელიც 2 რამითაა გამორჩეული. 1960 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „სამპდორიამ“ „ჯენოა“ სერია A-ს ზედიზედ ორ მატჩში დაამარცხა. კვირას გამართული დაპირისპირება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ გუნდების მიერ გაკეთებული გადაცემებიდან მხოლოდ 74% გამოდგა ზუსტი, რაც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „იუვენტუსის“ მსგავსად, გოლს არც „ბარსელონა“ უშვებს. კატალონიელებმა ლა ლიგაში 6, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1 მშრალი თამაში ჩაატარეს. „ბარსელონას“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა სეზონის სტარტზე გოლი 7 შეხვედრაში არ გაუშვა.

ესპანეთის ჩემპიონატში აქამდე მხოლოდ 2-ჯერ იყო დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც გუნდს პირველ 6 თამაშში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. 1970 წელს ეს „სოსიედადმა“ მოახერხა, ხოლო 7 წლის შემდეგ სწორედ „ბარსელონამ“.

„ბარსელონა“ გოლს არ უშვებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კატალონიური გუნდის მცველები უშეცდომოდ თამაშობენ. საქმე ისაა, რომ ლუის ენრიკეს გუნდს არცთუ იშვიათად უმართლებს. ამის მტკიცებულება ისაა, რომ 6 თამაშში კლაუდიო ბრავოს კარის ძელს ბურთი 5-ჯერ მოხვდა.

„ბარსელონასა“ და „გრანადას“ შორის გამართული მატჩი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კარიერაში მე-400 გოლის გატანა მოახერხა.

„ბარსელონასგან“ განსხვავებით, მიმდინარე გათამაშებაში კარი მშრალად მხოლოდ მეორედ შეინახა „რეალმა“. მადრიდელებმა, 2 წაგების შემდეგ, ზედიზედ მესამედ იმარჯვეს. „ვილიარეალთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლები ლუკა მოდრიჩმა და კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს. ხორვატ ფეხბურთელს, „რეალის“ მაისურით, 7 გოლი დაუგროვდა და ყველა მათგანი საჯარიმოს გარედან დარტყმით გავიდა.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მან ლა ლიგაში 187-ე გოლი გაიტანა და „რეალის“ ლეგენდას, კარლოს სანტილიანას გაუსწრო. პორტუგალიელი ვარსკვლავი „რეალის“ ისტორიაში 3 საუკეთესო ბომბარდირს შორის შედის.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 6 ტურის შემდეგ, რონალდუს, რომელიც მოედანზე 5-ჯერ გავიდა, უკვე 10 გოლი აქვს გატანილი. ფეხბურთელის ასეთი სტარტი „რეალის“ ისტორიაში საუკეთესოა. ასეთი შედეგი, აქამდე, არც თავად რონალდუს ჰქონია. პორტუგალიასა და ინგლისში თამაშის დროს, 6 ტურის შემდეგ მისი საუკეთესო შედეგი 7 გოლი იყო.

რონალდუს გოლი გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან „ელ მადრიგალი“ მისი ერთ-ერთი საყვარელი სტადიონია. პორტუგალიელს გოლი ამ არენაზე გამართულ ხუთივე თამაშში აქვს გატანილი. ამჯერად, მან ქარიმ ბენზემას გადაცემით იხეირა, რომელიც დღევანდელ „რეალში“ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ფრანგს ხშირად აკრიტიკებენ ცოტა გოლის გატანისა და მომენტების გამოუყენებლობის გამო, მაგრამ როგორც ირკვევა, ის გუნდს მაინც არცთუ მცირე დახმარებას უწევს. მას შემდეგ, რაც ბენზემა სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა, მან ლა ლიგაში 37 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მესის, იოზილს, დი მარიას, რონალდუსა და ალვესს აქვთ. საინტერესოა ბენზემას როლი კარლო ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“. მას შემდეგ, რაც მადრიდელებს სათავეში იტალიელი ჩაუდგა, თუ ბენზემა მინდორზეა, „რეალს“ თამაშში საშუალოდ 2.9 გოლი გააქვს, ხოლო თუ ფრანგი არ თამაშობს, ეს მაჩვენებლი 2.4 გოლს უდრის.

ბოლო 4 თამაშში ქულები პირველად დაკარგა „ვალენსიამ“, რომლის შემადგენლობაშიც კვლავ შედეგიანია პაკო ალკასერი. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის ანგარიშზეც 4 გოლია, მიმდინარე გათამაშებაში უკვე მე-3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამდენიმვე საგოლე გადაცემა ჰქონდა მას 2011-2014 წლების განმავლობაში.

კვლავ წაუგებელია „სელტა“, რომლის შემტევი ტრიო შესანიშნავ ფორმაშია. ვიგოელებმა სულ 11 გოლი გაიტანეს, რომელთაგან 10 ლარივეის, ორელიანასა და ნოლიტოს ანგარიშზეა. სწორედ უკანასკნელმა მათგანმა მოაგებინა გუნდს გასულ ტურში, „ელჩესთან“ გამართულ შეხვედრაში. „სელტას“ მიერ გატანილი 11 გოლიდან ნოლიტომ აქტიური მონაწილეობა შვიდში მიიღო. მან 4-ჯერ გაიტანა და 3-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

 

ინგლისის ჩემპიონატში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვესტ ჰემი“ რუნისა და ვან პერსის გოლებით 2:1 დაამარცხა. თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ რუნიმ და ვან პერსიმ გოლი ერთ თამაშში გაიტანეს. ჰოლანდიელი თავდამსხმელის მიერ „ვესტ ჰემის“ კარში გოლის გატანა უკვე ტრადიციადაა ქცეული. ბოლო 4 თამაშში ვან პერსიმ ამ გუნდს 5-ჯერ გაუტანა.

ვან პერსიმ გოლი რადამელ ფალკაოს გადაცემის შემდეგ გაიტანა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, ბოლო 2 თამაშში, 2 საგოლე პასი გააკეთა. გასული 2 სეზონის განმავლობაში, მის აქტივში მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

უეინ რუნი, „ვესტ ჰემთან“ გატანილი გოლის შემდეგ, პრემიერლიგის ბომბარდირებს შორის მე-3 ადგილზე გადავიდა. მის აქტივში 176 გოლია. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ალან შირერსა (260) და ენდი კოულს (189) აქვთ.

რუნიმ გოლი მე-5 წუთზე გაიტანა, ხოლო 59-ე წუთზე ის მოედნიდან გააძევეს. ინგლისელი შემტევი 2004 წლის მაისის შემდეგ „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ თამაშში თავი გოლითა და წითელი ბარათით გამოიჩინა. 10 წლის წინათ იგივე კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა.

მერსისაიდულ დერბიში „ლივერპულმა“ და „ევერტონმა“ ქულები გაიყვეს. ბოლო 8 დერბიდან გოლი მეშვიდეში გაიტანა სტივენ ჯერარდმა. მის ანგარიშზე, პრემიერლიგის ეგიდით გამართულ დერბიში გატანილი 9 გოლია, რაც საუკეთესო შედეგია. „ლივერპულის“ კაპიტანმა თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. პრემიერლიგაში მის მიერ გატანილი ბოლო 18 გოლიდან 17 თერთმეტმეტრიანის, ან ჯარიმის ზუსტად შესრულებას მოჰყვა.

ბევრს ეცადა მარიო ბალოტელი, რომელმაც „ევერტონის“ კარის მიმართულებით 10-ჯერ დაარტყა, მაგრამ იტალიელს არაფერი გამოუვიდა. პრემიერლიგის ბოლო 20 თამაშში, ბალოტელიმ 63-ჯერ დაარტყა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

ერთტურიანი შესვენების შემდეგ, კვლავ მოიგო „ჩელსიმ“ და დიეგო კოსტამ კვლავ გაიტანა. ლონდონელთა ესპანელ შემტევს, 6 თამაშში, 8 გოლი დაუგროვდა.

ახალ კლუბში შედეგიანობით გამოირჩევა „ჩელსის“ ლეგენდა ფრენკ ლემპარდი, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ არენდით თამაშობს. ვეტერანმა ნახევარმცველმა, „ქალაქელთა“ მაისურით ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო „საუთჰემპტონმა“ და „წმინდანების“ წარმატებაში თავისი წვლილი გუნდის ახალწვეულმა, გრაციანო პელემაც შეიტანა. 29 წლის იტალიელმა თავდამსმელმა, ჰოლანდიისა და ინგლისის ჩემპიონატებში ჩატარებულ ბოლო 63 თამაშში 54-ეგოლი გაიტანა. ბოლო 4 შემთხვევაში მან „საუთჰემპტონის“ მეტოქეთა კარი აიღო.

 

გერმანიის ჩემპიონატზე, ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა „ბაიერნმა“, რომლის რიგებშიც კვლავ შედეგიანია მარიო გიოტცე. მიუნხენური გუნდის მიერ გატანილი ბოლო 7 გოლიდან 4 სწორედ გიოტცეს ანგარიშზეა.

წინა ტურში მოგების შემდეგ კვლავ წააგო ბერლინის „ჰერტამ“. დედაქალაქელების „აუგსბურგთან“ უქულოდ დარჩენა გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ითამაშეს მათ პირველ ტაიმში. საწყის 45 წუთში, „ჰერტას“ მეკარე თომას კრაფტი ბურთს 30-ჯერ შეეხო, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

კვლავ უქულოდ დარჩა „ჰამბურგი“.იოზეფ ცინბაუერის გუნდმა გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ბუნდესლიგის ანტირეკორდი მაინც „ჰამბურგს“ ეკუთვნის. ამ გუნდმა სეზონის პირველი გოლი 508-ე წუთზე გაიტანა. აქამდე ანტირეკორდი „ბოხუმს“ ეკუთვნოდა, რომელსაც, 1979 წელს, გოლის გასატანად 475 წუთი დასჭირდა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთი ტენდენცია გამოიკვეთა - მსაჯები თერთმეტმეტრიანებს იშვიათად ნიშნავენ. მე-6 ტურში, 9 თამაშში, მხოლოდ 1 პენალტი დაინიშნა. მთლიანად 6 ტურში, მხოლოდ 11 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რაც გასულ გათამაშებაში ამ დროს არსებულ მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია.

 

საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ 2-ჯერ მოგების შემდეგ კვლავ წარუმატებლად ითამაშა „მონაკომ“, რომელმაც „ნიცასთან“ 0:1 წააგო. ეს თამაში იმითაა აღსანიშნავია, რომ „მონაკომ“ ლიგა ერთის ბოლო 21 საშინაო შეხვედრაში გოლის გატანა პირველად ვერ მოახერხა.

მე-8 ტური წარმატებული არც „პარი სენ ჟერმენისთვის“ გამოდგა. მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც კვლავ წაუგებელია, ქულები მეხუთედ დაკარგა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მყოფ პარიზელებს შეტევაში სიმწვავე აკლდათ, რაც იმითაც მტკიცდება, რომ პირველ ტაიმში, „ტულუზას“ თავდამსხმელმა, ვისამ ბენ იედერმა კარში იმაზე მეტჯერ დაარტყა, ვიდრე პსჟ-ს ყველა ფეხბურთელმა ერთად.

 

შაბათი დღე უხვგოლიანი გამოდგა ჰოლანდიაში. ჩატარებულ 5 თამაშში 30 გოლი გავიდა, რაც 1983 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხდა.

ერედივიზიონის უხვგოლიან ტურში ქართული ხელიც ურევია. „დორდრეხტისა“ და „ვიტესის“ შეხვედრაში, სტუმარმა გუნდმა კარში ზუსტად დარტყმა 8-ჯერ მოახერხა და 6-ჯერ გაიტანა. აქედან 3 შედეგიანი დარტყმის ავტორი, უკვე გაიგებდით, ქართველი ვაკო ყაზაიშვილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146229