ფეხბურთი

15:13 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორგანის საყვარელი “შვიდიანი”

ალბერტო მორგანი ის ადამიანია, რომელიც 1996 წლიდან ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ეკიპირებაზეა პასუხისმგებელი. გუნდის ახალი სამოსის კოლექციის პრეზენტაციაზე, მან Nike-ს ინტერვიუ მისცა და გუნდის იმ გამორჩეულ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომელთა გვარებიც მაისურებზე დაუტანია.

-       რა თვისებებით გამოირჩევიან “იუნაიტედის” “შვიდიანები”?

-       ყველა ის ფეხბურთელი, რომელსაც ამ ნომრიანი მაისური ეცვა, უნიკალურია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებს - ისინი გამარჯვებულები არიან. შეხედეთ კრიშტიანუ რონალდუს, როგორი მონდომებით თამაშობს “რეალში”. ის გამარჯვებულადაა დაბადებული და მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს მუშაობს.

-       ფიქრობთ, რომ მაისურზე დატანილი ნომერი მათ სიამაყის გრძნობას მატებს და უფრო მეტად იღწვიან გამარჯვებისთვის?

-       დიახ, ისინი მართლაც ამაყობენ ამ ნომრით. “შვიდიანი” ბოლო წლებში გახდა ასეთი მნიშვნელოვანი. როდესაც მაისურებზე ნომერთან ერთად გვარის დატანაც დავიწყეთ, სწორედ მაშინ დაუდგა დიდი დროება, რადგან მან ინდივიდუალურობა შეიძინა. გამიმართლა იმ დროს რომ მოვესწარი, როდესაც ამ ნომრით ჯონი ბერი თამაშობდა, მაგრამ მაშინ ეს უბრალოდ ნომერი იყო. როდესაც მაისურზე ერიკის, რონის და სხვათა გვარები გაჩნდა, “შვიდიანი” სიმბოლოდ იქცა.

-       რას ნიშნავ “შვიდიანი” გულშემატკივრებისთვის?

-       “შვიდიანის” ჩამცმელი ფეხბურთელები, საკულტო პიროვნებები არიან. “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებს, საკუთარი ფეხბურთელების გაღმერთება უყვართ. ისინი მათ თამაშით ახარებენ და ეს სიყვარულიც იზრდება.

-       რატომ მიენიჭა “შვიდიანს” ასეთი დიდი მნიშვნელობა?

-       იმიტომ, რომ ყველა “შვიდიანი” ლიდერი იყო. გონებაში ეგრევე ბრაიან რობსონი მომდის, ის 50 წლის ასაკშიც ლიდერად რჩება. ჩვენ გაგვიმართლა ასეთი ადამიანი რომ გვყავდა. მან იცოდა როგორ ეხელმძღვანელა ადამიანებისთვის მოედანზე და მის მიღმა, მაგალითი მიეცა თანაგუნდელებისთვის და ერთმანეთის მიყოლებით გაეტანა მნიშვნელოვანი გოლები.

-       შვიდი სიტყვით როგორ დაგვიხასიათებთ ერიკ კანტონას?

-       მხოლოდ ერთი სიტყვაც მეყოფა - ლეგენდარული. ასეთი ადამიანი აღარ დაიბადება და არც მსურს, რომ დაიბადოს. ერიკი დიდებულია! ის მუდამ ეხმარებოდა სხვებს. როდესაც მას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ის მაგრად მუშაობდა ახალგაზრდებთან. ვისურვებდი, მის გაწვრთნილ რამდენიმე ბიჭთან შეხვედრას და იმის გაგებას, თუ რა გავლენა იქონია მათზე კანტონამ.

-       კრიშტიანუ რონადუზე რას გვეტყვით?

-       ის ბრწყინვალე ბიჭია და მას ხშირად ვიხსენებ. მასთან კარგად ვმუშაობდი. მას საოცარი გოლები გაქონდა ჩვენი კლუბისთვის და არც ესპანეთში გადასვლის შემდეგ დასუსტებულა. მინდა, რომ ის კვლავ ჩვენთან დაბრუნდეს. თუ გსურს ფეხბურთელი, რომელიც რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარება, ეს სწორედ რონალდუა. მას ხშირად გაუკეთებია ასეთი რამ ჩვენთვის.

-       თუ კანტონა ლეგენდარულია, როგორ მოიხსენიებთ კრიშტიანუ რონალდუს?

-       ბრწყინვალე.

-       არის კიდევ ჯორჯ ბესტი. ის მანამდე თამაშობდა “იუნაიტედში”, სანამ თქვენ დაიწყებდით გუნდში მუშაობას. და მაინც, როგორც “მანჩესტერის” ფანმა, დაგვიხასიათეთ ის.

-       მას შემდეგ თამაში ძალიან შეიცვალა, მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ ის ახლაც იბრწყინებდა. მე მისით მოხიბლული ვარ. ისევე, როგორც ბევრი სხვა, ბავშვობაში ვცდილობდი მას დავმსაგვსებოდი ვარცხნილობით და სტილით. რაღა თქმა უნდა ის დიდებული ფეხბურთელი იყო.

-       ერთი სიტყვა ბესტისთვის.

-       უდიდესი.

-       მისგან დაიწყო “შვიდეული”? 

-       ჩემთვის არა. ვფიქრობ, ის ერიკისგან დაიწყო.

-       რომელია “შვიდიანის” მიერ გატანილი თქვენი საყვარელი გოლი?

-       ასეთი ძალიან ბევრი მინახია. ერთ-ერთი საყვარელია გოლია კანტონას თავური “ტოტენჰემის” კარის შორეულ ძელთან “ოლდ ტრაფორდზე”. ის ყველას გადაახტა და ბურთი ბადეში რაკეტასავით შეიჭრა. ბრწყინვალე გოლი იყო! მესმის, რომ სულ კანტონაზე ვსაუბრობ, მაგრამ მეორე ბრწყინვალე გოლი მან “ნიუკასლს” გაუტანა ფილ ნევილის ჩაწოდების შემდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს რონალდუს გოლი საჯარიმოდან დარტყმით “პორტსმუთის” კარში და მისი გასროლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “არსენალის” კარში. ჩვენი “შვიდიანების” გატანილი ყველა გოლი ლამაზია და ყველა მათგანი მიყვარს.

-       “შვიდიანებიდან” რომელიმეს თუ ჰქონდა ფორმასთან დაკავშირებული საკუთარი რიტუალი?

-       რონალდუთი დავიწყებ. მან პირველმა შემოიღო ის მოდა, რომელსაც ახლა ყველა მისდევს. ის მუდამ ჭრის გეტრებს. ერიკიც შეუდარებელი იყო და აქაც საქმე გეტრებს ეხებოდა. ყოველ ჯერზე მასთან ახალი წყვილი მიჰქონდათ, ის კი, შიგნით მარილს ყრიდა. არასდროს უღიარებია ამას რატომ აკეთებდა და ვერც ჩვენ ვახერხებდით გამოცნობას. ერიკს მკერდზე სვირინგი აქვს, ინდიელი ბელადის პორტრეტი და ვფიქრობ, მას უყვარდა თევზი და შემწვარი კარტოფილი. ვინ იცის რატომ აკეთებდა ამას? მაგრამ ფაქტია, ეს ამართლებდა.

-       თქვენის აზრით, “შვიდიანებიდან” რომელმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა “მანჩესტერ იუნაიტედზე”?

-       ერთმნიშვნელოვნად ერიკმა. რობსონი ჯერ კიდევ თამაშობდა, როდესაც ჩვენს გუნდში ერიკი მოვიდა და მან მისი ადგილი დაიკავა. მახსენდება თავად კანტონა რომ შეცვალა ბექჰემმა და მას ძალიან სურდა მისი ნომერი. მან თავი საუცხოოდ წარმოაჩინა. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ერიკი სათამაშო მექანიზმის მთავარი ღერძი იყო, მაგრამ ეს სიმართლეა. ის უდიდესი ღერძი იყო იმ მექანიზმში. ის სულ რაღაც მილიონ გირვანქად იყიდეს და ეს კლუბი ასეთ ფასად მსგავს ფეხბურთელს ვეღარ შეიძენს. გავმეორდები, ის ლეგენდაა.

-       ერიკთან ურთიერთობას ახლაც აგრძელებთ?

-       პერიოდულად. როდესაც ის ჩამოდის ყველას გვნახულობს. უბრალო ადამიანია. მახსენდება ასეთი შემთხვევა: ერთხელ ერიკი გასახდელში შემოვიდა. ყველა მოთამაშეს პიჯაკი ეცვა. ერიკს მშვენიერი ლურჯი პიჯაკი და ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა. ეს ის დრო იყო, როდესაც პიჯაკთან მხოლოდ შავ ფეხსაცმელს იცვამდნენ. უფრო მეტიც, მას ლურჯი, მშვენიერი პალტო ემოსა და ვარდისფერი ბერეტი ეხურა. მე რომ ასე ჩამეცვა, საგიჟეთში გამიშვებდნენ, მაგრამ ერიკი საოცრად გამოიყურებოდა. არ დამავიწყდება როგორ აწია თვალები სტივ ბრიუსმა, რომელიც პროგრამას კითხულობდა და თქვა - “ოჰო”! ასეთი დამამახსოვრდა ერიკი.

-       კანტონა ცხოვრებაში როგორი იყო? 

-       ის კარგი ბიჭი იყო, ხუმრობა უყვარდა. პირადად არ მინახავს, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხშირად დადიოდა სახლის მახლობლად მდებარე ხმაურიან პაბში, მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ მიეპყრო. ხშირად თამაშობდა დომინოს მოხუცებთან. ადგილობრივებს ის სიგიჟემდე უყვარდათ.

0.094476