სტატიები

19:55 | 7.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოქალაქე ქვეყნიდან სახელწოდებით - ფეხბურთი

ასეთები ცხოვრების წესსა და პრინციპებს ძნელად ეგუებიან. ზომავენ საკუთარი საზომებით და საკუთარი საჭრელით ჭრიან. მათზე ძნელად ახდენენ გავლენას სხვა ადამიანები და არც სნობები არიან – თითქმის არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვათა ცხოვრების წესის გამო საკუთარს შეიცვლიან: ისინი ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში და არავის ჰგვანან.

 
და რაც მთავარია – მათ სავსებით აკმაყოფილებთ სწორედაც რომ საკუთარი სამყარო.
 
რით არის ეს გამოწვეული? ვფიქრობ, სრულიად პრაგმატული მოსაზრებით – სხვაგან ასეთი კაცი აუცილებლად დისკომფორტს იგრძნობს. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სხვაგან უბრალოდ არ უცხოვრია და რაკი დიდებულად იცის ეს, რაკი თავად ყველაზე მეტად ხვდება, რომ სხვაგან, უბრალოდ, დაიკარგება, არსად წასვლას არ ცდილობს.
 
ასი წელიწადი რომ იცხოვროს თემურ ქეცბაიამ თბილისში, კვიპროსზე ან ნიუკასლში, იგი ვერასოდეს გახდება თბილისელი, კუნძულელი ან ალბიონელი. მეტიც, იგი არასოდეს იზრუნებს იმაზე, რომ უკეთ მოერგოს ამა თუ იმ სიტუაციას. მთელი ცხოვრების მანძილზე იგი უბრალო გალელი ბიჭიდან ჩამოყალიბებულ პროფესიონალად დარჩება და დარჩება ფეხბურთში. ფეხბურთში, რომლის გარეთაც იგი ვერც ვერაფერი იქნება.
 
კარგია ეს თუ ცუდი? თუკი ვიმსჯელებთ თაბუკაშვილისეული დოქტრინით, რომ საუკეთესო პატრიოტი ეს პროფესიონალია – კარგი ყოფილა.
 
მასში უფრო ალღო მეფობს, ვიდრე ცხოვრების განმავლობაში შეძენილი ან დაბადებიდანვე თანდაყოლილი შინაგანი ინტელექტი. ეს ერთგვარად დისტანციურად სამართავ მოწყობილობას ჰგავს – კაცი მიდის იქით, სადაც შინაგანი "მე" კარნახობს და ეს კარნახი უფრო ინტუიციურია, ვიდრე გაანალიზებული ან გონებით ნაკარნახები გადაწყვეტილება.
 
რა მაძლევს იმის უფლებას, ასე ვიმსჯელო თემურ ქეცბაიაზე? განა როცა კაცს პროფესიონალიზმს უქებ, ეს იგივე არ არის, აღიარო, რომ იგი სწორედაც რომ ანალიტიკურ და გონიერ გადაწყვეტილებებს იღებდა ან იღებს?
 
ვფიქრობ, არამც და არამც – იმიტომ, რომ თემურ ქეცბაია მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ამტკიცებს იმპულსური პიროვნების რენომეს – იგი ემოციური, ხშირ შემთხვევაში ფეთქებადი კაცია. ასეთი თვისება კი ყოველთვის უშლის ხელს ადამიანს, იყოს შეუმცდარი ანალიტიკოსი.
 
მაგრამ თემური უკვე ამტკიცებს, რომ ნორმალური, პერსპექტიული მწვრთნელია – მან უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა მეამბოხე, ცოტა არ იყოს ამპარტავანი ხალხით დასახლებულ და წარმატებულ კუნძულზე და იმდენად დიდი ავტორიტეტი, რომ თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კლუბის მესაჭეობა ანდეს.
 
და გამოდის რა, წინააღმდეგობა? როგორ შეიძლება, კარგი მწვრთნელი იმპულსური ადამიანი იყოს? როგორ და ძალიან კარგად: უბრალოდ, ქეცბაიამ იმდენი ნახა და გაიგო ფეხბურთში, იმდენი რამ გაიარა და იმდენი იცხოვრა ფეხბურთით, ყველაფერი მექანიზმამდე, შეიძლება ითქვას, ავტომატიზმამდე აქვს დაყვანილი.
 
შეპირებული, იმპულსურობის დამადასტურებელი მაგალითები კი, მიუხედავად სიმრავლისა, მხოლოდ სამი ვიკმაროთ – მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამივეს შესახებ, თავის დროზეც და მერეც არაერთხელ, კარგად გაიგო საზოგადოებამ.
 
პირველი - ფაქტი ნაკრების ისტორიიდან, დიღმის ბაზაზე მოხდა, როცა ვარჯიშის დროს რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთში წაკინკლავდა, ეს კინკლაობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მანამ არ დამთავრდა, სანამ მოკინკლავეებს ქეცბაია არ "დაენთო" - კარგად მახსოვს, იგი არ კინკლაობდა და მხოლოდ მაშინ ჩაერია, როცა მეტისმეტად "ამოუვიდა" ყელში სიტუაცია...
 
მეორე - "დინამოს" სტადიონზე, ნორვეგიასთან 1:4 წაგებული მატჩის დროს შეცვლისას – თემური იმდენად გაბრაზდა, რომ გასახდელში შესვლამდე გაიძრო მაისურა და ნაკრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელისა და ამავე დროს მისი ნათელ-მირონისაკენ, ვლადიმერ გუცაევისაკენ ისროლა.
 
მესამე – ეს ინციდენტი ან ინციდენტები უკვე კვიპროსზე, "ანორთოსისში" მწვრთნელად მუშაობისას შეემთხვა თემურ ქეცბაიას: კონფლიქტმა თითქოს მალე ჩაიარა, მაგრამ რამდენიმე ყოფილ თანანაკრებელთან შეუწყობლობის გამო "თანანაკრებლებს" "ანორთოსისის" დატოვება მოუხდათ.
 
დიახ, ეს იყო იმპულსური ქმედებები, სავარაუდოდ სამივე შემთხვევაში პრობლემის მალე, მაგრამ უსიამოვნოდ გადაჭრის შემთხვევა, მაგრამ...
 
რაიმე საქციელის ჩადენამდე ათამდე მხოლოდ "კაგებეშნიკები" და რეზიდენტები ითვლიან და მერე მოქმედებენ, იგივეს, ზოგადად ქართველ კაცს ძნელად თუ მოვთხოვთ – ეს არასასურველი, მაგრამ არაბუნებრივი იქნება.
 
****
 
თემურ ქეცბაია იმ ადამიანთა ტიპაჟებს მიეკუთვნება, რომლებზეც უთუოდ ახდენდა გავლენას გეოპოლიტიკური გარემო, სადაც გაიზარდა და ჩამოყალიბდა, მაგრამ ამ "გეოპოლიტიკურ" თუ "ეთნოთვისებებს", მისთანები კენგურუს ჩანთასავით "ორგანულად" კი არ ატარებენ, მათთვის ისინი უფრო ჯინსზე გარედან მიკერებულ ჯიბესავითაა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ისევე უმტკივნეულოდ არღვევ, როგორც აქსელბანტს მუნდირზე.
 
დიახ, თემურ ქეცბაია ვერ დაიკვეხნის რაიმე ინტელექტუალური მსოფლმხედველობითა და წიაღსვლებით, მაგრამ სწორედაც რომ ზემოხსენებული ინტუიციის, ალღოსა და ნატურის გამო, იგი ერთგვარი მსოფლიო მოქალაქეა ან მოქალაქე ქვეყნიდან სახელწოდებით ფეხბურთი. უფრო სწორად, და თუ თემურ ქეცბაია ფეხბურთში იქნება, მას არ გაუჭირდება არც გალში, არც საქართველოს ნაკრებში, არც კვიპროსზე და არც სოლომონის კუნძულებზე.
 
რადგან: ქვეყანა ფეხბურთი ყველგან ერთნაირად ოთხკუთხა, 100X65-ის ფარგლებში ეტევა და თუკი მრგვალი საგნის, ბურთისა გესმის, თუკი იგი შენთვის ტყავის ნაჭრებში მოქცეული დაწნეხილი ჰაერის გარდა კიდევ რამეს წარმოადგენს, ყველგან შეძლებ ცხოვრებას.
 
****
 
გაუჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრების სათავეში თემურ ქეცბაიას? აუცილებლად გაუჭირდება, თუკი გაწონასწორებული თანაშემწე არ ეყოლა. ფეხბურთმა დაამტკიცა: უმეტეს შემთხვევებში, ამართლებს მხოლოდ და მხოლოდ "ცეცხლისა" და ყინულის კომბინაცია და როცა საქართველოს ნაკრებში ქეცბაიას მუშაობაზე ვსაუბრობთ, მარტო იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გარკვეულ შედეგს მოიტანს, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არის ცეცხლი და გვჭირდება ყინული.
 
აქ სისწორისა და სიმრუდის შესახებ არ ვისაუბრებ – მომავალი აჩვენებს, ვის ბოდიში შეუძლია, ვის პატიება და ვისი აჯობებს - შედეგიდან გამომდინარე. შედეგი კი გარკვეული და სავარაუდო ვერაფრით იქნება - ძნელია ენდო ნაკრებს, რომელიც საკვალიფიკაციო ციკლში, მინიმუმ, ორ სპეციალისტს ყლაპავდა და ქვეყანას, სადაც სიყალბე და ტყუილის ხელოვნება ცხოვრების ყველაზე მისაღებ წესადაა ქცეული.
 
კონსტანტინე გოგიშვილი
 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.151386