ქათამისა და კვერცხის გაჩენის მარადიული დილემისა არ იყოს, ისტორიკოსები და არქეოლოგები ვერც იმაზე თანხმდებიან, რომელ ქვეყანაში თამაშობდნენ ყველაზე ადრე ფეხბურთს. აქამდე ფეხბურთთან მიმსგავსებული თამაშის უძველესი მოედანი ჩინეთში, მანჯურიის პროვინციაში იყო აღმოჩენილი და ითვლებოდა, რომ სწორედ ზემოთხსენებული მოედანი გახლდათ მობურთალთა უძველესი არენა.
თუმცა, რამდენიმე დღის წინათ, კერძოდ კი - 31 იანვარს, მონღოლეთის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სწორედ ისეთი ტიპის თამაშის ნაშთებს მიაგნეს, როგორიც ჩინეთში იყო აღმოჩენილი, თუმცა აქედანვე დასტურდება, რომ მონღოლეთის აღმოჩენა უფრო ძველი და კარგად შემონახულია.
არქეოლოგია მოგეხსენებათ, მათემატიკასავით ზუსტი მეცნიერება არ არის და ყველაფერი, მართალია ფაქტებზე დაყრდნობით, მაგრამ მაინც, მეტწილად, ვარაუდებს ეფუძნება. ასე რომ არ იყოს და ყველა არქეოლოგიური აღმოჩენა უტყუარად რომ ითვლებოდეს, მაშინ ისიც უნდა ვირწმუნოთ, რომ მართლაც მონღოლები თამაშობდნენ ყველაზე უწინ ფეხბურთს. ეს მაშინ, როდესაც მონღოლეთის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრების თამაშის ცქერას, ჟირინოსვკის ტელე-ინტერვიუს ცქერაც კი სჯობს...







