რუქნადინის მიერ თამარ მეფისადმი გაგზავნილ წერილში არ იყო იმხელა ბოღმა და ცინიზმი, როგორც “ლივერპულის” ქომაგების მიერ რაფა ბენიტესისადმი მიწერილ უსტარში. ერთი სიტყვით, სრულიად ლივერპულს ყელში ამოუვიდა ლოყაწითელი ესპანელის გუნდის მარცხების სერია და მოუწოდებენ, საიდანაც ჩამოსულა, ისევ იქ დაბრუნდეს.
ასეთ დროს, რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს, მწვრთნელების დამსახურება და ძველი დიდების კოცონიდან, მინავლებული ნაკვერჩხალიც კი ყველას ავიწყდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გამყვანი მწვრთნელის დაფასებას ვერ მოსთხოვ დღევანდელი დღით მცხოვრებ ზოგიერთ ევროპელ ქომაგს, რომელსაც ხშირად მთელს წარსულ ბრწყინვალებას, მომავალ სათასო მატჩში “ქრიუს” ძლევა ურჩევნია. პრაგმატიკოსი კაცისთვის ავტორიტეტები, ან გაყვითლებული წიგნებიდან უნდა იმზირებოდნენ, ანდა დღესაც წარმატებულნი უნდა იყვნენ. მოქმედ წარუმატებელ მწვრთნელს კი, წარსული დიდების დავიწყება და გინებათა ქარაშოტი გარანტირებული აქვს.
თანამედროვე საკლუბო ფეხბურთში “ჩემოდნებზე მსხდომი” მწვრთნელების სათავეში, აწ უკვე ხსენებული ბენიტესი და “იუვენტუსის” ახალგაზრდა მესაჭე – ჩირო ფერარა უდგანან. თუკი დონ რაფას ზურგს წარმატებული წლები და დიდი გამარჯვებები უმაგრებს, ახლადგამწვრთნელებულ ჩიროს, მხოლოდ მომავლისაკენ მზერა თუ აქვს მიზნად დასახული, მაგრამ რად გინდა. ქომაგებმა თუკი ბენიტესს ქოქოლათი და მუქარით აღსავსე წერილი გაუგზავნეს, “იუვეს” ტიფოზებმა, “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ, ფერარას სახლთან კარავი დასცეს და ახლაგაზრდა მწვრთნელს 24 საათიან რეჟიმში გუნდის დატოვებისაკენ მოუწოდებენ. ალბათ, კრწანისის რეზიდენციაში შეყუჟული ყველასთვის ცნობილი პერსონაც კი არ არის მომიტინგეთაგან ისე შეწუხებული, როგორც “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.
არც ჩირო და არც რაფა, ჯერჯერობით, თანამდებობის დატოვებას არ ჩქარობენ და მინდა გითხრათ, რომ მე მათი მესმის. განსაკუთრებით კი, მესმის ფერარასი, რომელიც ხვდება, რომ ახლა მწვრთნელის პოსტიდან მისი წასვლა, შესაძლებელია, მისი – როგორც მწვრთნელის კარიერის სამუდამოდ დასრულების დასაწყისი გახდეს. ბენიტესს უკვე იმხელა ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი, ქვეყანა დაიქცევა, ევროპულმა სუპერგრანდებმა თუ არა, სადმე “ხიხონის”, ან “მალაგას” კალიბრის გუნდში მაინც რომ არ მიიწვიონ. ჩიროს კი, საქმე ბევრად ცუდად აქვს.
კარგად ვიცი, “იუვეს” და “ლივერპულის” ქართველ ქომაგებს არ მოეწონებათ, რომ ქომაგების მიერ (ძირითადად სამართლიანად) ნაგინებ და გათათხულ მწვრთნელებს ვიცავ, მაგრამ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ზოგადად, არასოდეს არ ვარ გუნდებში მწვრთნელების ხშირი ცვლის მომხრე. აცეტებული და ყოველი მარცხის შემდეგ მწვრთნელის გამგდები გუნდის ხელმძღვანელობა, ვერასოდეს ვერ მიიღებს იმ შედეგებს, რაც საჭიროდ და სასურველად მიაჩნიათ. გაგანია სეზონში მწვრთნელის (თუკი ეს მწვრთნელი მაინც და მაინც, შტერთა-შტერი არ არის) გამოცვლა, სერიოზული კლუბების სტილად არ უნდა დამკვიდრდეს, თორემ ყველაფერთან ერთად, საკუთრივ მწვრთნელის თანამდებობას და პროფესიასაც მიადგება ჩრდილი. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ არის შემთხვევები, როდესაც კლუბების პრეზიდენტები საყოველთაო შეხედულების წინააღმდეგ წავიდნენ, თავლაფდასხმულ მწვრთნელებს ბოლომდე ენდნენ და არც არაფერი წაუგიათ.
ამ ყველაფერს როდესაც ვწერ, უპირველესად, მინდა ყველამ კარგად გავიხსენოთ ის უსინდისობა და უსამართლობა, რაც სამიოდე თვის წინ, თემურ ქეცბაიას საბერძნეთში გადახდა. ნათქვამია, სანამ პრობლემის სიმძიმეს საკუთარ თავზე არ გამოსცდი, მანამე პრობლემად შეიძლება არც ჩათვალოო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველა ქართველმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როდესაც “ოლიმპიაკოსის” ხელმძღვანელობამ ახლადდანიშნულ და საკმაოდ წარმატებულ ქართველ მწვრთნელს თანამდებობა ასე უსინდისოდ დაატოვებინა. ზოგი, ალბათ, მეტყვის, რომ ქეცბიას და ფერარა-ბენიტესის ისტორიები სრულიად სხვადასხვაგვარიაო და მართალიც იქნება, მაგრამ თუკი, ქეცბაიას ბერძული ისტორია არ იყო სამართლიანი, განა “სტამბოლური სასწაულის” ჩამდენი ბენიტესის და ფეხბურთელობისას ლეგენდად ქცეული ჩირო ფერარას შუა სეზონში გაშვება სამართლიანი იქნება? სეზონის დასრულებამდე ბევრი არც არაფერი დარჩა. ხოლო ზოგადად, მომთმენი რომ მოგებულია, ეს “მანჩესტერისა” და მათი მწვრთნელის მაგალითზეც ჩანს.
ლევან სეფისკვერაძე







