ფეხბურთი

22:18 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოინდომა და იმარჯვა

ეს შეხვედრა წესით ლანჩხუთში უნდა გამართულიყო, მაგრამ სტადიონზე წამოჭრილი ტექნიკური პრობლემების გამო გურულებმა თბილისლებს ქობულეთში ,,ჩელე არენაზე” უმასპინძლეს.

შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და მე-2 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობაც მიეცათ. სეთურიძე მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა და ზუსტი გადაცემით ხოჭოლავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა დინამოელთა შემტევმა ხელსაყრელი პოზიცია ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა.

საპასუხო შეტევა გურულებმა მე-9 წუთზე განახორციელეს. შალამბერიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ დინამოელს ხელზე შეეხო, ნომინალური მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უცხოელმა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რითაც მატჩზე დამსწრე გურულთა ქომაგები ერთობ განარისხა.

ორი წუთის შემდეგ ლანჩხუთელები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთების მცდელობისას შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა მერებაშვილმა და გამოზომილი პასით ვოუ ბობღიაშვილს ერთი ერთზე შეატოვა. კოტ-დიუარელ ლეგიონერს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ერთობ უხეიროდ გაისარჯა და მისი სუსტად დარტყმულის მოგერიება გურულთა გოლკიპერს არ გასჭირვებია.

ვოუს თავის გამოჩენა მე-17 წუთზეც შეეძლო. ასისტენტობას მას ამჯერადაც მერებაშვილი უწევდა. გიორგიმ მარცხენა ფლანგზე გაილაღა და პირით ხაზთან მისულმა მეკარის ბაქანზე მყოფ თანაგუნდელისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მართალია კოტ-დივუარელმა ბურთს ფეხი დაუხვედრა და მიმართულება შეუცვალა, თუმცა მეტოქის კარში ვერ მოახვედრა.

26-ე წუთზე გურულები მსაჯს კიდევ ერთხელ შემოსწყრნენ. ,,მასპინძელთა” მორიგი ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბურთზე მებრძოლ ისიანს ხელი უბიძგეს. ლანჩხუთელები ისევ პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მათი თხოვნა სირიელმა არბიტრმა არც ამჯერად დააკმაყოფილა.

სამი წუთის შემდეგ გურულებს ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცათ. საკუთარ საჯარიმოში თბილისელებმა ბურთზე ბრძოლის დროს წესი დაარღვიეს. მსაჯმა სტუმართა კარის მიმართულებით თავისუფალი დარტყმა დანიშნა და თბილისელთა ,,კედელი” თითქმის კარის ხაზზე განალაგა. ჩიკვილაძემ ბურთი კოშკაძეს დაუგორა, რომლის ძლიერი დარტყმის შედეგად ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

თითქმის მაშინვე მერებაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მან ზედიზედ რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს ხაზთან მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბობღიაშვილიც უნაკლოდ გაისარჯა და ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა.

35-ე წუთზე მოედანზე ერთობ საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. ,,მასპინძელთა” მორიგი შეტევის დროს ერთ-ერთ დინამოელს ბურთი ხელზე შეეხო. გურულები პენალტის დანიშვნას კიდევ ერთხელ მოითხოვდნენ. განსაკუთრებულ პრეტენზიას ისინი ასისტენტ მენთეშაშვილის მიმართ გამოთქვამდნენ. საქმის გარჩევაში გურულთა კლუბის ხელმძღვანელობაც ჩაერთო, ხოლო ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასისტენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. როგორც მატჩის შემდეგ დავადგინეთ, მსაჯებმა გუნდის ადმინისტრატორ გოჩა იმნაიშვილს ბარათი ჩამოართვეს და ფედერაციაში წაიღეს.

ორ წუთში გურულებმა მორიგი სახიფათო მომენტი შექმნეს. ჩიკვილაძის დარტყმის შემდეგ თბილისელთა მცველს ბურთი ფეხზე აეჭრა და იგი ჯიშკარიანს ხელსაყრელ პოზიციაში მიუვიდა. ზარქუა სიტუაციაში კარგად გაერკვა, მან კარი დროულად დატოვა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

ტაიმის მიწურულს ტრიბუნებზე ჩოჩქოლი ატყდა და თამაში ცოტა ხნით გაჩერდა, თუმცა პოლიციელთა ჩარევის შემდეგ ყველაფერი მალევე დასრულდა. დროებითმა პაუზამ გურულებზე დადებითად იმოქმედა. პირველი ტაიმისთვის დამატებული ერთი წუთიც იწურებოდა, როცა კუკულაძის მარჯვენა ფრთაზე გარღვევას გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, რომელიც საჯარიმოში შევარდნილმა ისიანმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და თავისიანები ანგარიშში დააწინაურა – 1:0.

მეორე ტაიმი გაცილებით უფრო მშვიდი გამოდგა. უპირატესობას ამჯერადაც გურულები ფლობდნენ, თუმცა თუ არ ჩავთვლით კოშკაძისა და ჩიკვილაძის უზუსტო დარტყმებს, აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

74-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდეს. ჯიშკარიანმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. მან მთელი მარცხენა ფრთა ჩაირბინა და ზუსტი გადაცემით ისიანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ვილიმ ყველაფერი სწორად გათვალა და გამოზომილი დარტყმით მის შესახვედრად გამოსულ ზარქუას ბურთი თავზე გადაუგდო. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გლიშიჩმა ივაჟკაცა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა დროებით, ყველას შეცვლაზე შესულმა შენგელიამ დაასწრო და უძლიერესი დარტყმით თბილისელთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია - 2:0.

დინამოელებმა ბოლო აკორდში გაიბრძოლეს და 85-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირებაც მოახერხეს. თბილისელთა შორის საუკეთესო მერებაშვილი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში მოათავსა – 2:1.

შეხვედრის ბოლოს დინამოელები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა ამას მათთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია. სირიელი არბიტრის საფინალო სასტვენმა ლანჩხუთელთა გამარჯვება დააფიქსირა.

სიმართლე რომ ითქვას, თბილისელებს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლდათ და შეიძლება მათი დამარცხება ამითაც იყო გამოწვეული. წაგებულმა მხარემ თავის გასამართებლად შეიძლება უამრავი ობიექტური მიზეზი მოიყვანოს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დინამოელებმა ვერ ანახეს ის თამაში, რომელიც ქართული ფეხბურთის ფლაგმანს ეკადრება.

 

პრესკონფერენცია:

დუშან უჰრინი (,,დინამო”): ,,თავიდან ოთხი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამისათვის დავისაჯეთ. მეტოქემ გოლი პრაქტიკულად გადაცილებულ დროში გაგვიტანა. მეორე ტაიმში გაქვითვას შევეცადეთ, თუმცა გოლი ისევ ჩვენს კარში მივიღეთ და თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოვახერხეთ. რაც შეეხება შესუსტებულ შემადგენლობას, ჩისკოსა და უსტარიცს ტრავმები აწუხებთ, ხოლო დანარჩებები კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით მეორე გუნდში გადავიყვანეთ.”

დავით მახარაძე (,,გურია”): ,,ძნელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ბიჭების დიდი მადლობელი ვარ.”

 

,,გურია” (ლანჩხუთი) - ,,დინამო” (თბილისი)  2:1 (1:0)
2 სექტემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 16:00 სთ. 1000 მაყურებელი 

,,გურია ”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (ჭეიშვილი 84), კილაძე (დარჩიძე 67), კუკულაძე (კ) (შენგელია 52), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი;

მთავარი მწვრთნელი:  დავით მახარაძე 

,,დინამო”:  ზარქუა, კვარაცხელია, გველესიანი, ხმალაძე (კ), მერებაშვილი, სეთურიძე, ხურცილავა, ხოჭოლავა (შინდაგორიძე 83), ვოუ (ლექვთაძე 58), გოგა (მიქაბერიძე 75), გლიშიჩი;

მთავარი მწვრთნელი:  დუშან უჰრინი

გოლები: 1:0 ისიანი (45+1), 2:0 შენგელია (74), 2:1 მერებაშვილი (85);

გაფრთხილება: კუკულაძე (22), გველესიანი (45), ისიანი (45+1),  შალამბერიძე (47), ვოუ (50), ლექვთაძე (60), კოშკაძე (75), მერებაშვილი (90+5), ჩუენსუ (90+5);

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

ვახტანგ დათიაშვილი ქობულეთიდან

 

 

 

წინა დღეების მატჩები ასე დამთავრდა:

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი დათუნაიშვილი (7)

დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დავით ბოლქვაძე (20), 2:0, 3:0 ირაკლი მოდებაძე (32, 73)

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი” 19)

სპარტაკი (ცხინვალი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი ხიდეშელი (76)

ზუგდიდი – სიონი (ბოლნისი) 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 ლადო ახალაია (10), 1:1 ლუკა გეგუჩია (29), 2:1 ნიკოლოზ აფაქიძე (35)

 ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 შოთა დავლაშელიძე (31), 2:0, 3:0 გიორგი კორიფაძე (63, 73)

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

 

1.               ჩიხურა                        4       3         0         1         8:4        9      
2. ვიტ ჯორჯია 4 2 1 1 6:2 7
3. დილა 3 2 1 0 6:2 7
4. ტორპედო 3 2 1 0 5:3 7
5. სიონი 4 2 0 2 6:4 6
6. მერანი 4 2 0 2 4:5 6
7. გურია 4 2 0 2 3:6 6
8. მეტალურგი 4 1 2 1 4:6 5
9. დინამო თბილისი 3 1 1 1 4:4 4
10. ზუგდიდი 4 1 1 2 3:6 4
11. ზესტაფონი 4 0 1 3 3:6 1
12. სპარტაკი 3 0 0 3 1:5 0


შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.55671