გასულმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა ბევრი გუნდის ქომაგი გაანაწყენა. გულშემატკივართა გულისწყრომა უპირველესად მსაჯების არაკვალიფიციურობასა და ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთს - “ჯაბულანს“ ეხებოდა. “ჯაბულანს“ აკრიტიკებდა პრაქტიკულად ყველა გუნდის მეკარე, რომლებიც თანხმდებოდნენ იმაზე, რომ სამხრეთაფრიკული მუნდიალის უცნაურად მსუბუქი ბურთი ჰაერში ხშირად გასაოცარ ტრაექტორიას ხაზავდა და სხვა ტიპის ბურთებზე მიჩვეული კიპერებისთვის “ჯაბულანის“ ხელთაპყრობა რამდენადმე ძნელი იყო.
“ჯაბულანის“ თემა დღემდე აქტუალურია. ცოტა ხნის წინ, დიეგო მარადონამ წუწუნით აღსავსე ინტერვიუში აფრიკულ მინდიალს “არალოგიკურობის ზეიმი“ უწოდა და ხაზი გაუსვა იმას, რომ არგენტინის ნაკრების ტიპის გუნდისათვის, რომელიც აქცენტს მოკლე პასებსა და სწრაფ კომბინაციებზე აკეთებს, “ჯაბულანით“ წარმატების მიღწევა შეუძლებელია, რამეთუ ეს ბურთი არა მხოლოდ მეკარეებისთვის, ხშირად ფეხბურთელებისთვისაც კი დაუმორჩილებელი იყო. მარადონას აზრს იზიარებს გერმანიის ნაკრების მწვრთნელი - იოაჰიმ ლიოვიც. ჰერ იოაჰიმი, მართალია, არ გახლავთ წუწუნის და ყველაფრის სხვებზე გადაბრალების მოყვარული კაცი, მაგრამ რამდენჯერმე მასაც დასცდა, რომ ესპანეთთან ნახევარფინალური მატჩის დროს, გერმანელი ფეხბურთელების რამდენიმე კომბინაცია სწორედ ბურთის უცნაური მოძრაობის გამო ჩაიშალა (თითქოს ესპანელები სხვა ბურთით თამაშობდნენ) და რომ არა დაწყევლილი “ჯაბულანი“, ბუნდესნაკრები შესაძლოა ფინალშიც გასულიყო.
ახლა, როდესაც განვლილი მუნდიალი კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა, გულდამშვიდებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, მართლაც ასეთი საშინელება იყო თუ არა ეს ავადსახსენებელი “ჯაბულანი“ და რეალურად შეცვალა თუ არა ამ ბურთმა მუნდიალის სახე. სამხრეთაფრიკული მუნდიალი რომ ნამდვილად განსხვავებული იყო სხვა ჩემპიონატებისაგან, ამაზე არავინ კამათობს და ეს ისედაც ცხადია, თუმცა, ძნელია ჩემპიონატზე მომხდარი ყველა უცნაურობა ბურთს მიაწერო. მით უმეტეს, რომ ნაჩვენები ცუდი შედეგის ბურთზე გადაბრალება აქამდეც ბევრ ჩემპიონატზე უცდია არაერთ მწვრთნელს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1994 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შექმნილ ბურთზე, რომელიც ტრადიციულად ფირმა “ადიდასმა“ აწარმოა და რომელსაც სახელად “კუესტრა“ უწოდეს - ფინალში ბრაზილიასთან პენალტებით წამგები იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს - არიგო საკის უთქვამს: “იტალიის ჩემპიონატში ასეთი მსუბუქი და ჰაერში მოფარფატე ბურთით რომ თამაშობდნენ, ალბათ ყველა მატჩში 7-8 გოლი გავა. მე ამ ბურთს “აუტსაიდერების მხსნელს“ ვუწოდებდიო“.
არც 1990 წელს, გერმანიასთან ფინალში კინკილა გოლით წამგებ არგენტინის ნაკრების მესაჭეს, კარლოს ბილარდოს მოსწონებია იტალიის მოედნებზე მოგორავე ბურთი - “ეტრუსკო უნიკო“. “ფეხბურთის ბურთით კი არა, ნამდვილი კალათბურთის ბურთით ვთამაშობდით. ასეთი მძიმე ბურთი ფეხბურთში არ უნდა დაიშვებოდესო“ - დაუჩივლია დონ კარლოსს. როგორც ხედავთ, თითქმის ყველა შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბურთებს აკრიტიკებდნენ დამარცხებული გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელები, რაც მათი მხრიდან მარცხის გამო თავის მართლების საკმაოდ ბანალურ და არაფრისმომცემ ხერხად უნდა განვიხილოთ. ხოლო, ესპანეთის ნაკრების კიპერმა - იკერ კასილასმა კი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებისთანავე გამოვიდა “ჯაბულანის“ კრიტიკით და ბარაქიანად მიაყარა ქოქოლა ამ ბურთის შემქნელ-შემსყიდველებს, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისა და ესპანეთის ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, თავისივე სიტყვები სულ მალე დაივიწყა და ესპანელთათვის იღბლიანი “ჯაბულანის“ მიმართ ერთი აუგიც კი არ დასცდენია. კასილასის ასეთ “გარდაქმნაზე“ ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა სახუმარო ფელეტონიც კი დაწერა სათაურით: “ჯაბულანი - იკერის მეგობარი“.
ნათქვამია, სხვათა მონაყოლს საკუთარი თვალით ნანახი სჯობსო. რამდენიმე დღის წინ, მომეცა საშუალება, საკუთარი თვალით მენახა და ყოფილ ფეხბურთელ მეგობართან ერთად შემემოწმებინა, ეს ყბადაღებული “ჯაბულანი“, რომელიც ერთ-ერთმა, სომალელ მეკობრეებს გადარჩენილმა ქართველმა მეზღვაურმა ჩამოიტანა აფრიკიდან. მე დიდ ექსპერტად ამ საქმეში ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ყოფილმა ფეხბურთელმა კი სრულიად გულწრფელად თქვა: “ეს ბურთი თუ მსუბუქია, მაშინ საერთოდ ბუშტი ყოფილა ის ბურთი, რომლითაც 2001 წელს საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობდითო“. დამერწმუნებით, რომ მეტად საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა, ვისთვის როგორ...
ლევან სეფისკვერაძე







