ფეხბურთი

0:00 | 25.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ მეგრელაძე – უბერებელი ბომბარდირი გარდაიცვალა

მერაბ მეგრელაძე გარდაიცვალა... არიან ფეხბურთელები, რომლებიც განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ და ასეთი გახლდათ მერაბ მეგრელაძე – 56 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე.  
26 იანვარს იუბილე უნდა აეღნიშნა, 56 წლის გახდებოდა, თუმცა...
უნიკალური ფორვარდი, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში 140 მატჩში 104 გოლი გაიტანა და კარიერა 44 წლის ასაკში დაასრულა ნოვოსიბირსკის "ჩკალოვეცში". მანამდე კი რამდენი გუნდის ქომაგს მოუტანა სიხარული და რამდენჯერ... განსაკუთრებით ხშირად, რა თქმა უნდა, ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებს ახარებდა. მერაბ მეგრელაძემ 1989 წელს სსრკ-ის პირველ ლიგაში 29 გოლი გაიტანა, ხოლო 1992-1993 წლების სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით 41 ბურთი შეაგდო – დააკვირდით, 37 წლის კაცმა.  შედეგიანი იყო ლანჩხუთის "გურიაშიც", საიდანაც თავის დროზე გადავიდა "ტორპედოში".  
1985 წელს მერაბ მეგრელაძემ საბჭოეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოსკოვის "დინამოსთან" სტუმრად ჰეთ-თრიქი შეასრულა და ქუთაისის "ტორპედომ" 3:1 იმარჯვა.
უახლოეს დღეებში უფრო ვრცელ წერილს შემოგთავაზებთ ამ უნიკალურ ფეხბურთელზე.  
"მსოფლიო სპორტი" თანაგრძნობას უცხადებს მერაბ მეგრელაძის ოჯახს.

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111747