ჭადრაკი

0:05 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხე ადგილს დასჯერდნენ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 41-ე ოლიმპიადის დასკვნით ტურში გერმანელები 4:0 გაანადგურა, თუმცა, ეს საპრიზო სამეულში შესვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გასულ დაპირისპირებაში გამარჯვებები იზეიმეს ბელა ხოტენაშვილმა (2494), ლელა ჯავახიშვილმა (2478), სალომე მელიამ (2475) და ნინო ბაციაშვილმა (2435).

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც მე-4 განთესვა გააჩნდა, 17 ქულით სწორედ მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველები ბრინჯაოს მედლებს იმ შემთხვევაში დაეპატრონებოდნენ, ბოლო ტურში ჩინელებს უკრაინა რომ დაემარცხებინათ, ეს შეხვედრა კი 2:2 დასრულდა.

ამ შედეგების გათვალისწინებით, ჩინეთმა და უკრაინამ 18-18 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლი აზიელებს ერგოთ, ჩემპიონი კი რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც 11 ტურში 10 გამარჯვება იზეიმა და 20 ქულა მიითვალა.

საჭადრაკო ოლიმპიადა წარუმატებლად დაასრულა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გამართულ შეჯიბრზე 21-ე განთესვით ჩაება, საბოლოოდ, კი 44-ე საფეხურზე აღმოჩნდა.

დასკვნით ტურში ქართველები სლოვენიას დაუზავდნენ. ყაიმები ბაადურ ჯობავამ (2713), მიხეილ მჭედლიშვილმა (2618), გაიოზ ნიგალიძემ (2542) და კონსტანტინე შანავამ (2563) დააფიქსირეს. შედეგად, ქართველმა ვაჟებმა 13 ქულა მოაგროვეს.

ოლიმპიადის გამარჯვებული ჩინეთი გახდა 19 ქულით, ოთხმა ნაკრებმა (უნგრეთი, ინდოეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი) კი ერთნაირი შედეგი დააფიქსირა. დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლი უნგრეთს ერგო, ბრინჯაო კი – ინდოეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119715