საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თელ ავივის “ჰაპოელის” ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა, მის მიერ მოპოვებული ტიტულების ჩამონათვალს ისრაელის თასიც მიუმატა. 30 წლის ქართველი შუახაზელი მანამდე ლატვიის 8-გზის (რიგის “სკონტოში” - 6, “ვენტსპილსში” - 2) ჩემპიონი და თასის 4-გზის (“სკონტო” - 3, “ვენტსპილსი” - 1) მფლობელი გახდა. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რიგით მე-13 ტიტულის მოპოვების მიუხედავად, “მენთეშა” კვლავ გამოიცვლის ქვეყანას და ახალი სეზონიდან კარიერას სხვაგან განაგრძობს. “ჰაპოელის” რიგებში მიმდინარე სეზონში გამართული 25 მატჩიდან ზურაბ მენთეშაშვილი ელი გუტმანმა 3-ჯერ სრულად ათამაშა, 5-ჯერ ძირითად შემადგენლობაში დააწყებინა და მერე შეცვალა, დანარჩენ შემთხვევაში კი, უპირატესად შეხვედრის მიწურულს შეიყვანა მინდორზე. ეს მაშინ, როცა იგი სულ ჯანზე იყო და როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, გუტმანის რჩეულთა შორის მოხვედრას ყოველთვის იმსახურებდა.
“მსოფლიო სპორტი” ქართველ ნახევარმცველს გუშინ ისრაელში დაუკავშირდა, სადაც იგი მისი ებრაული კარიერის ბოლო მატჩისთვის ემზადება.
- ზურაბ, ფინალზე რას იტყოდით - როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- თამაშისგან მიღებულ შთაბეჭდილებაზე რა უნდა გითხრათ, მწვრთნელმა სულ რაღაც 5 წუთით შემიყვანა. თავად იმას რაც შეეხება, რომ თასი ავიღეთ - ეს გასახარია და მადლობა ყველას ვინც მილოცავს. მეტოქის დამარცხებაში ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს მეკარე გაუგდეს.
- არადა, ისეც არ ჩანდა ჩემპიონატის მიმდინარეობისას, რომ ვერ თამაშობდით. ელი გუტმანი ხშირად ძირითად შემადგენლობაში გაყენებდათ. როგორც ვიცით, არც ტრავმებს შეუწუხებიხართ.
- ღვთის წყალობით, სერიოზულ ტრავმას არ შევუწუხებივარ, მაგრამ ალბათ კონტრაქტი რომ მიმთავრდება გუნდთან, მწვრთნელიც მათ ათამაშებს, სამომავლოდ ვისი იმედიც უნდა რომ ჰქონდეს. ევროლიგაზე ყველა თამაში მათამაშა, ჩემპიონატზეც ხშირად ძირითადში ვიყავი. მოკლედ, ვერ გავუგე რა ამ კაცს ვერაფერი.
- ალბათ შეგატყვეს, რომ “ჰაპოელში” დარჩენა არ გინდათ და მწვრთნელიც შესაბამისად იქცევა.
- აქედან რომ მივდივარ, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
- გუნდიდან მიდიხართ, თუ საერთოდ ისრაელიდან?
- მე მგონი ისრაელიდანაც.
- ისრაელიდან წასვლა ალბათ მწვრთნელის თქვენდამი დამოკიდებულებითაა განპირობებული, რადგან თავად ჩემპიონატის დონე მიუღებელი არ უნდა იყოს.
- რას ამბობთ, რა მიუღებელი - ჩათვალეთ, რომ თუ აქ რეგულარულად თამაშობ, ჩვენ ნაკრებში მოხვედრა პრობლემა არასდროს იქნება. მაგრამ როცა მწვრთნელი იმდენს არ გათამაშებს, რისთვისაც მზად ხარ, წახვალ კაცი გუნდიდან აბა რას იზამ. მით უფრო, ახალგაზრდა არა ვარ, რომ გამოცდილება მაკლდეს. სწორედ ასაკის გამოა, რომ აქ სკამზე ჯდომას, ისეთ გუნდში წასვლა მირჩევნია, სადაც უფრო ხშირი თამაშის საშუალება მომეცემა.
- საქართველოში ხომ არ ბრუნდებით - აქ იყო საუბრები თქვენი “ზესტაფონში” კარიერის გაგრძელებაზე.
- ჯერ არაფერი ვიცი, კონკრეტული ვარიანტები არ ჩანს.
- ზურა, ჩემპიონატზეც ვთქვათ. “ჰაპოელს” ჩემპიონობის შანსი კიდევ აქვს და შესაძლოა დუბლიც შეასრულოთ.
- ეს შანსი დაახლოებით 10 პროცენტია. აქ ძალიან კარგი ჩემპიონატია და როცა ამხელა დისტანციაზე მეტოქეს წამოეწევი და მერე რეალურ შანსს ხელიდან გაუშვებ, უკვე კიდევ სასწაულის იმედზე ყოფნა, ზედმეტია.
- თქვენი ძირითადი კონკურენტი ჰაიფას “მაკაბი” ბოლო ტურში იმ გუნდს ეთამაშება, რომელსაც გუშინ თასის ფინალი მოუგეთ. ასეთი პროგნოზი “ბნეი იეჰუდას” შესაძლებლობებითაა განპირობებული, თუ ჰაიფელები არიან კარგ ფორმაში.
- ჩემი აზრით, ალბათ “მაკაბის” ამ გუნდის დამარცხება არ გაუჭირდება. სიტუაცია კი ცხრილში ისეთია, ჰაიფელები ჩვენ 2 ქულით გვისწრებენ და თუ მოიგებენ, კვლავ მე-2 ადგილზე ვრჩებით.
ფრიდონ კერვალიშვილი







