მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური ძალიან იოლად მოიპოვა. ფავორიტად შერაცხულმა სტამბულელებმა ბურსას “თოფაშს” შინ 92:64 სძლიეს, სტუმრად კი 82:49 მოიგეს და სერია 2:0 დაასრულეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24:39 წუთი გაატარა და ჩვეულად სარგებლიანად გაისარჯა. მანუჩარის მონაგარი 9 ქულა, 5 ჩაჭრა, 1 მოხსნა და 1 პასი გახლდათ. მარკოიშვილმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“გალათასარაი” ნახევარფინალში “პინარ ქარშიაქას” და “ფენერბაჰჩეს” გამარჯვებულს შეხვდება. ამ სერიაში იზმირელები 1:0-ს იგებენ და თუკი დღეს სტამბულელებს მეორედაც აჯობეს, იქნებ მარკოიშვილის გუნდს მთავარი მეტოქეც ჩამოაცილონ.









