19 წლის მარიო გიოტცემ გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა, გერმანული ბუნდესლიგის პირველ წრეში კარგი თამაშით არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა დორტმუნდის “ბორუსიას” გაჩემპიონებაში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გასული წლის 11 ნოემბერს სწორედ გიოტცეს გოლის წყალობით შეძლეს დორტმუნდელებმა მიუნხენში “ბაიერნის” ძლევა. ამჟამად გიოტცე ბუნდესნაკრებთა ერთად უკრაინა-პოლონეთის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და Bild-ის კორესპონდენტი მას შვეიცარიასთან ტესტ-მატჩის წინ გაესაუბრა. ეს შეხვედრა გუშინ ჩატარდა და იოაჰიმ ლიოვის კრებული ოტმარ ჰიტცფელდის გუნდთან 3:5 დამარცხდა, გიოტცე გერმანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 80 წუთი გაატარა.
- “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დასანანი მარცხი განიცადა. ხომ არ იმოქმედებს ეს ფაქტი უარყოფითად მთლიანად გერმანიის ნაკრებზე?
- მიუნხენელმა ფეხბურთელებმა მართლაც რომ მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს. მათ ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი რთულ მდგომარეობაში ჩავვარდებოდით, მაგრამ ფეხბურთი დინამიკურია და მხოლოდ წინ გახედვა გვმართებს. მითუმეტეს, ასეთი უმნიშვნელოვანესი სანაკრებო ფორუმის წინ.
- “ბაიერნის” წევრებს მორალურად არ დაეხმარებით?
- ამას აუცილებლად გავაკეთებთ. როდესაც ყველანი ერთად შევიკრიბებით და ერთიან ანსამბლადაც შევიკრებით. ბუნდესნაკრების ნებისმიერ წევრს ხომ ერთი ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი – ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა. ბაიერნელებს აუცილებლად დავამშვიდებთ. მართლაც მეტად ძნელია ასეთი კარგი შანსის გაშვება ხელიდან. მათ ხომ ერთადერთი ნაბიჯიღა აშორებდათ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებამდე, მაგრამ მიუნხენის ფინალის კატასტროფული შედეგი ნაკრების “ბაიერნის” წევრებმა სწრაფად უნდა დაივიწყონ.
- ხომ არ გგონიათ, რომ იოაჰიმ ლიოვი აქცენტს დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელებზე გააკეთებს?
- ერთადერთი, რასაც ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დაეყრდნობა, ეს წინასაევროპისჩემპიონატო ტესტ-მატჩები და წვრთნების დროს ამა თუ იმ მოთამაშეზე შექმნილი შთაბეჭდილებაა.
- თითქმის ნახევარი წელიწადია, არ გითამაშიათ. თქვენთვის ეს პლუსია თუ მინუსი? სათამაშო პრაქტიკა კი გაკლიათ, მაგრამ დასვენებული ხვდებით ევროპირველობას...
- სეზონის სოლიდური ნაწილის გამოტოვება ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო. გული მწყდება, გუნდის მიერ მოპოვებულ დუბლში მნიშვნელოვანი როლი რომ ვერ შევასრულე. მეორეს მხრივ, ენერგიით აღსავსე ვარ, ტრავმა საბოლოოდ მოვირჩინე და უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას დასვენებული ვხვდები.
- წვრთნებზე თქვენი მონდომებით ლიოვი კმაყოფილებას გამოთქვამს...
- ჰერ იოაჰიმი ყოველმხრივ ცდილობს გამამხნევოს და ოპტიმალური ფორმის ასაკრებად დიდ დახმარებას მიწევს.
- ამბობენ, მარიო გიოტცე ევროპირველობაზე გერმანიის ნაკრების “საიდუმლო იარაღი” იქნებაო...
- ვნახოთ, ახდება თუ არა ამგვარი პროგნოზი. კონტინენტის ჩემპიონატამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.
გოჩა კაჭარავა







