ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ცნობილი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა სამედიცონო სფეროთი სერიოზულად დაინტერესდა. არ იფიქროთ, რომ მარიას ექიმობა ან რაიმე მსგავსი რამ უნდა. საქმე ისაა, რომ რუსმა ჩოგბურთელმა გადაწყვიტა, თავისი კაპიტალი სამედიცინო კლინიკებში დააბანდოს და ფული მომავალში ამ გზით იშოვოს. შარაპოვამ რუსეთში (სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში) ორი ძველი კლინიკა უკვე შეიძინა და როგორც თავად აცხადებს, ასევე დაინტერესებულია სხვა კლინიკებითაც. მისი თქმით, მედიცინა ის სფეროა, რომელიც ყოველთვის პერსპექტიული იქნება და ყოველთვის დასჭირდება ადამიანებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში (ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში) სამედიცინო სფერო ნამდვილად ვერაა მოწოდების სიმაღლეზე. ქვეყანაში მოქმედი საავადმყოფოების დიდი ნაწილი ძველი და ამორტიზებულია. ასევე სავალალოა ექიმების პროფესიული მომზადების დონე. რუსეთში, რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი დონის რამდენიმე კლინიკა, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში სფეროში ამინდს მაინც ვერ ქმნის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მხრივ, რუსეთი მთელ მსოფლიოში მეორეხარისხოვან ქვეყანად მიიჩნევა.
ალბათ, სწორედ ამიტომაცაა დასაფასებელი მარია შარაპოვას მხრიდან რუსული მედიცინით დაინტერესება. საავადმყოფოების შეძენის გარდა, მას ხომ ამ კლინიკების რეაბილიტაცია და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაც აქვს გადაწყვეტილი, რაც დიდ თანხებთან ერთად, უამრავი პრობლემური საკითხის მოგვარებასაც მოითხოვს.







