ფეხბურთი

15:28 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ჟვანია: "ახლა მშვიდად მოვემზადებით"

მარტვილის "მერანი" თავიდან უარს ამბობდა ჩემპიონატში მონაწილეობაზე, მაგრამ გუშინ განაცხადი შეიტანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში - კლუბი უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. "მერანი" ვარჯიშს 24 ივნისიდან დაიწყებს და სტადიონის მოწესრიგებაც იგეგმება.

"მსოფლიო სპორტი" გუნდის მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა:

- ახლა უკვე მშვიდად მოვემზადებით. როგორც იცით, აქამდე სრული გაუგებრობა იყო და გუშინ სასიკეთოდ გადაწყდა.

- კლუბს თანხა გადასცეს?

- არა მგონია, თანხა გადაეცათ, მაგრამ ეტყობა, არის იმედები, რომ "მერანის" პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას ყველაფერი წყალში არ ჩაეყრება. ამდენი წლის განმავლობაში კაცი თავის ფულს ხარჯავს და კლუბს ინახავს.

- გუნდის შემადგენლობა? ბევრი ფეხბურთელი წავიდა?

- გაშვებული არავინაა. ზეგ უკვე ზუსტად მეცოდინება, რა როგორ იქნება. ტრანსფერებზე მუშაობას კი, დღეიდანვე შევუდგებით. 24 ივნისს დავიწყებთ ვარჯიშს, შემდეგ ურეკში ან ქობულეთში წავალთ.

- სტადიონის საკითხი როგორ იქნება? მტკივნეული თემაა...

- როგორც ამბობენ, ახლო მომავალში დაიწყება საფარის გამოცვლა. შესაძლოა, ხელოვნური საფარი იყოს. ზუსტად არ ვიცი, როდის იქნება მზად. შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში უკვე იყოს. ის ვიცი, რომ მარტვილში ვითამაშებთ.

- თქვენს გუნდში ადგილობრივი ფეხბურთელები არცთუ ცოტანი არიან. როგორ ხერხდება მათი გაზრდა? არის საამისო პირობები მარტვილში?

- ძალიან რთულია. უფრო მონდომების ხარჯზე, თორემ რომ გითხრათ, ინფრასტრუქტურა გადასარევია-მეთქი, მოგატყუებთ. სამი ფეხბურთელი პირველ გუნდშია და თამაშობენ. იმედია, შევსება კიდევ იქნება. თავიდან გვსურდა, რომ სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების გარშემო აგვეწყო გუნდი, მაგრამ მთლად ასეც ვერ ხერხდება.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082883