ჭიდაობა

20:35 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “რთული მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ და ორიენტირი გამარჯვებაზე ავიღოთ”

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომას დიდი ვნებათაღელვა უძღოდა. მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ნაწილი პრეზიდენტობიდან ელდარ კურტანიძის გადადგომას ითხოვს. მოგვიანებით “მოამბეს” საინფორმაციო გამოშვებაში კომენტარი ფედერაციის თავკაცმა ლუკა კურტანიძემ გააკეთა.

“გულშემატკივარს და მთლიანად ქართველ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ სპორტს ყოველთვის თან ვნებათაღელვა ახლავს. ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები რევაზ მინდორაშვილი და ბეგი დარჩია პოსტიდან დამეთხოვა. მათ ნაცვლად ახალგაზრდული ნაკრებების დამრიგებელთა დანიშვნა მსურდა. მათ ხომ ბოლო პერიოდში ბევრ წარმატებას მიაღწიეს. საბოლოოდ პრეზიდიუმთან მოთათბირებით მინდორაშვილსა და დარჩიას კიდევ მივეცით შანსი და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მომდევნო ტურნირზე ჩვენი ნაკრებების გამოსვლის შედეგად მივიღებთ.

ჩემ საპრეზიდენტო საქმიანობას რაც შეეხება, ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გავართვი. მოჭიდავეებმა მინსკსა და წახკაძორში მეტად ნაყოფიერი შეკრებები გაიარეს, სპორტსმენებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პრემიები დავუნიშნეთ. საკუთარი ვალდებულებები 100 პროცენტით შევასრულე, ამიტომაც მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ჩემ გადადგომას მოითხოვენ. უმჯობესია ყველამ თავისი საქმე აკეთოს, მე კი მაქვს ვალდებულება და ნერვების, მოთმინების ფასად შევძლებთ დასახული ამოცანების შესრულებას. საქართველოში 4300 მოჭიდავეა, 250 მწვრთნელზე მეტი. ცხადია, მათ საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვა შეუძლიათ და მათთან დიალოგის ფორმატში გადავდივართ. რთული მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ და ორიენტირი გამარჯვებაზე ავიღოთ. ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის დიდი შანსი გვაქვს. ეს საქმე 90 პროცენტით ჩვენ სასარგებლოდაა”, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

0.116156