ჭიდაობა

14:49 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “ფიზმომზადების პრობლემის გადაჭრაში გერმანელები დაგვეხმარებიან”

 საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ შეაფასა. ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კურტანიძის გარდა ევროპირველობის მედალოსნები და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებიც შეხვდნენ, ოღონდ მთავარი მწვრთნელების გარეშე.

შეგახსენებთ, ჩემპიონატი გასულ კვირას ფინეთის ქალაქ ვანტააში გაიმართა და 16 ქართველი სპორტსმენიდან პოდიუმზე მხოლოდ 3 ავიდა. 2 მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე მოდის: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს დაეუფლა. ასევე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ცირეკიძემ (80 კგ).

ფედერაციის პრეზიდენტმა დამსწრეთ ხინჩეგაშვილის ტიტული მიულოცა და იქვე ბრინჯაოს პრიზიორების წარმატებაც აღნიშნა. საერთო შეფასებისას კი განაცხადა, რომ ფინეთში გამართულმა ევროპირველობამ გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრებებს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ.

“დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი მოჭიდავეები საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენენ. ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი რომ მაქსიმუმი არაა, მგონი ამაში ყველა დამეთანხმება. უდიდესი რეზერვი არსებობს და მის გამოსაყენებლად თავს არ დავზოგავთ” – თქვა კურტანიძემ.

ფედერაციის პრეზიდენტს ქართველი მოჭიდავეების სუსტ ფიზიკურ მომზადებაზეც ვკითხეთ, რაზეც განაცხადა, რომ ფიზმომზადების პრობლემა მართლაც თვალშისაცემია და ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა საქმეში სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა.

“სპორტსმენების ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე გერმანელი სპეციალისტები იზრუნებენ. აქამდეც მითქვამს, რომ მათთან ჩვენი ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა. შეთანხმება უკვე მიღწეულია. გერმანელები თბილისში ივნისში ჩამოვლენ და ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ” – დასძინა ლუკა კურტანიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ წლეულს შარშანდელ ევროპირველობასთან შედარებით მეტ მედალს გეგმავდა, მაგრამ ისევ და ისევ ფიზმომზადებისა და კიდევ რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორის გამო მხოლოდ სამმა ქართველმა შეძლო პოდიუმზე ასვლა.

დავით მოძმანაშვილის (130 კგ) შემთხვევაში კურტანიძემ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩენის უმთავრეს მიზეზად სპორტსმენის არასაკმარისი თავდაჯერებულობა დაასახელა – “ყველამ, ვინც კი დათოს ჭიდაობას უყურა, მითხრა, რომ იგი დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ თავის უპირატესობას ვერ იყენებს, რადგან საკუთარი ძალის რწმენა აკლია”.

რაც შეეხება დავით მარსაგიშვილის (86 კგ) წარუმატებლობას, ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენის ტრავმიანობას ასახელებს, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გააცდენინა, თუმცა იქვე დაამატა, რომ მარსაგიშვილისგან მაინც მეტს ელოდა.

“ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება გაცილებით ძნელია, ვიდრე მოპოვება. მას შემდეგ, რაც ოქროს მედლის შანსი დაკარგა, დათოს ბრინჯაოსთვის განწყობა გაუჭირდა. ვფიქრობ, ეს ჩემპიონატი მისთვის მწარე გაკვეთილი იქნება. დადგა დრო, როდესაც ამ ბიჭმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. ამისთვის წინ მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება” – განაცხადა ლეგენდარულმა სპორტსმენმა.

ლუკა კურტანიძემ ყურადღება ფსიქოლოგიური მომზადების პრობლემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ამ საკითხსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ევროპირველობის მედალოსნებთან ერთად, ფინეთში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიას (71 კგ) გამოსვლაც გამოარჩია. მისი რუს ლაბაზანოვთან მარცხის მიზეზად კი მსაჯების უნებლიე შეცდომა დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122134