მოლდოვური “დაჩიას” შემტევი ნახევარმცველი ლევან კორღალიძე, რომლის გუნდსაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ “ზესტაფონი” ერგო, მიიჩნევს, რომ მომავალ დაპირისპირებაში შანსები თანაბარია.
ლევან კორღალიძე: “დათო გამეზარდაშვილიც ამბობდა, რომ დიდი შანსია, “ზესტაფონი” დაგვეჯახოსო. ორივე ძალიან კარგი გუნდი ვართ. ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება. ძალიან არ მინდოდა, რომ “ზესტაფონი” ან ზაგრების “დინამო” შეგვხვედროდა. მერჩივნა, მეტოქედ “ეკრანასი” ან “მარიბორი” გვყოლოდა. თუმცა, რაც მოხდა - მოხდა. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს. “ზესტაფონს” კარგად ვიცნობ და “დაჩიას” ხომ ვიცნობ და ვიცნობ. ამიტომ, შანსები 50/50-ზეა”.
- ის ფაქტი, რომ “დაჩია” პირველ თამაშს ზესტაფონში ატარებს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში უპირატესობას გაძლევთ?
- რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ უპირატესობას ყველა გუნდს აძლევს. ჩვენთვის კარგია, რომ ასე მოხდა, მაგრამ ყველაფერი მაინც ორ მატჩში წყდება. ჩვენთვის გარკვეულწილად პლუსია, რომ პირველ თამაშს გასვლაზე ჩავატარებთ.
- როგორ ემზადებით მომავალი თამაშისთვის?
- შვებულების შემდეგ ნორმალურად არც მივარჯიშია. რაც მოლდოვაში ჩამოვედი, 2-3 დღე ვივარჯიშე და კუნთი გამეჭიმა. ამიტომ, ერთი კვირაა ვისვენებ. ნელ-ნელა ვარჯიში უნდა დავიწყო, რომ “ზესტაფონთან” თამაშისთვის მზად ვიყო. გამეზარდაშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
- თქვენს გარდა, გასულ სეზონში “დაჩიაში” კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი გამოდიოდა – მამუკა ლომიძე და ვასილ ღუჭაშვილი. ისინი გუნდში დარჩებიან?
- ლომიძე გუნდიდან წავიდა. ამჟამად სლოვაკეთშია მეუღლესთან ერთად და ბავშვის დაბადებას ელის. ღუჭაშვილი თბილისშია და საზარდულზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს. დაბრუნდება თუ არა “დაჩიაში”, გაურკვევლია.
ლაშა თაბაგარი







