ინტერვიუები

13:43 | 19.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: “ჩელსის” უნდა მოვუგოთ”

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება – იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტურინის “იუვენტუსი” ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს “ჩელსის” უმასპინძლებს. ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს პლეი ოფში გასვლის საქმეში. Sky Sports-ის კორესპონდენტი ტურინელთა მცველს ლეონარდო ბონუჩის შეხვდა და სამომავლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა.

- რამდენად დაგაკმაყოფილათ “ლაციოსთან” “იუვეს” მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხმა?
- ამ მხრივ, არ მგონია გულშემატკივრებს ჩვენ მიმართ რაიმე სასაყვედურო ჰქონდეთ. რომ არა რომაელთა მეკარის ფედერიკო მარკეტის ბრწყინვალე თამაში, 3 ქულას ნაღდად ავიღებდით. ისე, მომხდარში მარტო ფორვარდების დადანაშაულება არ შეიძლება. მაგალითისთვის გოლის გატანა მეც შემეძლო, მაგრამ ჩემი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე დაგვაკლდა, ისე კი, ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი, “იუვენტუსი” ჩანდა. ბრაზი მხოლოდ საკუთარ თავზე მოგვდის – 3 ქულის აღება რეალური იყო, თუმცა, საფინალო სასტვენის შემდეგ საიმისო გრძნობა, რომ ტურინის “იუვენტუსი” დიდი გუნდია, კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა. ახლა სრული მონდომებითა და მობილიზებით “ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ.
- ზუსტად ამ მატჩზე უნდა გკითხოთ. რა შედეგს ელით სამშაბათს?
- ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვიბრძვით, ამიტომაც “ლონდონელ არისტოკრატებთან” მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ. რობერტო დი მატეოს გუნდის წინააღმდეგ ურთულესი შეხვედრა გველის და საგულდაგულო მზადება გვმართებს. ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” დრამატული მატჩი გამოგვივიდა. თავდაპირველად 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ ვიდალისა და კვალიარელას გოლებმა მნიშვნელოვანი ქულა მოგვიტანა. პრემიერლიგის ბოლო ტურში “ჩელსი” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” დამარცხდა, რაც ლონდონელებს სამომავლო დაპირისპირებისას მოტივაციას კიდევ უფრო მატებს. სამშაბათს “იუვენტუსს” სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს და იმედია, მას სათანადოდ გავართმევთ თავს. ურთულესი ერთი კვირა გველის და მისი წარმატებით ჩამთავრება დასახული მიზნების შესრულებაში ხელს შეგვიწყობს.
- “დასახულ მიზნებში” რას გულისხმობთ?
- ტურინის “იუვენტუსი” ყოველთვის ყველა ტურნირში მოსაგებად იბრძვის. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას რაც შეეხება, შეძლებისდაგვარად შორს წასვლას ვფიქრობთ. საამისოდ კი “ჩელსის” უნდა მოვუგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი ოფში გასვლა გაჭირდება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში გასვლაზე “შახტარს” ვეთამაშებით და უკრაინაში სასურველი შედეგის მიღწევა რთულია.
- ანტონიო კონტეს გარეშე თამაში არ გიჭირთ?
- თავიდან მეგონა, რომ მთავარი მწვრთნელის სათადარიგოთა სკამზე არყოფნა ნაკლებად დაგვეტყობოდა. მთელი კვირის განმავლობაში სინიორ ანტონიოსთან ერთად მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით, მაგრამ უშუალოდ შეხვედრის დროს ისეთი სიტუაციები იქმნება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, ამ დროს კი კონტე ჩვენთან ერთად არაა. დამრიგებელს დიდ პატივს ვცემთ და როდესაც “იუვენტუსმა” იტალიის სუპერთასი მოიგო, ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება მწვრთნელს მივუძღვენით.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ პარტნიორებთან და რომელ მათგანთან მეგობრობთ?
- ბიჭებს ერთმანეთთან საქმიანი, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. პირადად მე კი ყველაზე მეტად ალესანდრო დელ პიეროს ვუმადლი. მის გვერდით გავიზარდე, ალესანდრო ყოველთვის მამხნევებდა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა მასწავლა.


 გოჩა კაჭარავა

 

0.08888