გულშემატკივრის სვეტი

20:54 | 10.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლათინო-ამერიკული სასწაულები

კოპა ამერიკის გათამაშება, თავისი რანგითა და მნიშვნელობით, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ევროპირველობის შემდეგ, სანაკრებო ტურნირებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, ამ ტურნირს, ბევრი ევროპელი, ერთგვარი ამრეზითა და ირონიით უყურებს და დამკვირდებულია აზრი, რომ ლათინური ამერიკის უპირველესი სანაკრებო მუნდიალი იმდენად არაპრესტიჟული ტურნირია, რომ მასზე საუბრაი არც ღირს... ეს აზრი რომ მცდარი და არასწორია, ამას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ კოპა ამერიკა 2011-ის მასპინძელი ქვეყნის – არგენტინის პრეზიდენტმა ქალმა – კრისტინა ფერნანდესმა, აღნიშნული შიდაკონტინენტური ტურნირის მასპინძლობისათვის ხარჯებში წასაშველებლად, მსოფლიო ბანკს 500 მილიონი დოლარი სთხოვა, ბრაზილიისაგან კი, რამდენიმე ასეული თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები ინათხოვრა.
რბილად რომ ვთქვათ, დღეს არგენტინა ეკონომიკურად ვერ დგას იმ სიმაღლეზე, რაც ამ ქვეყანასა და არგენტინელ ხალხს ეკადრება. არგენტინაში არსებული ეკონომიკური ვაი-უშვებლებელის მიზეზი, ამ ქვეყანაში გაუთავებელი გაფიცვები და აქციებიცაა, თუმცა, არგენტინისათვის, მასობრივი გაჭირვება მისი დაარსების დღიდანვე, უცხო არასოდეს ყოფილა. კოპა ამერიკის გათამაშება არგენტინაში ორ ივლისს იწყება და მთელი ქვეყანა უკვე დიდი ფეხბურთით სუნთქავს. ბუენოს-აირესის ქუჩებში, ჩემპიონატის განრიგთან ერთად, გაკრულია არგენტინელი ფეხბურთელების დიდი პლაკატები და ყველას აქვს იმედი, რომ ამჯერად მაინც შეძლებს არგენტინა ბრაზილიის გამობუნძულებას და ახლა მაინც გატეხავს იმ ცუდ ნავსს, რაც ბოლო პერიოდის კოპა ამერიკის გათამაშებებში, ასე ავად დაებედა ”ვერცხლისქვეყანას”.
 ”განა, ეს ის გუნდი არ არის, რომელმაც ბრაზილია მონტევიდეოში დაამარცხა?! რომელმაც ბრაზილია კორდობასა და ბაირესში დაამარცხა?! განა, ჩვენში ბევრი რამე შეიცვალა ბოლო დროს?” – პათეტიკურად კითხულობს არგენტინელი ჟურნალისტი ფერნანდო ბარსაბალი და ბოლოს დასძენს: ”ყველა მესისავით სწრაფი და ნიჭიერი ვერ იქნება, მაგრამ მწვრთნელისათვის დაჯერებაც თუ არ შეგიძლია – მაშინ, რა გინდა ჩვენს გუნდში?!”. ბარსაბალი ამ სიტყვებს დიეგო მილიტოს მისამართით ამბობს. მილიტოზე არგენტინაში ძალიან ნაწყენები არიან, რადგან ამ ბიჭმა ცოტა ხნის წინ პირი მოაღო და მოჰყვა წუწუნს, რომ არ მოსწონს ბატისტას სამწვრთნელო სტილი და ფიქრობს, რომ სენიორ სერხიო ნაკრებში ვერაფერს მიაღწევს. დღეს კი, რიგითი არგენტინელისათვის, მორიგ წარუმატებლობაზე საუბარი, ფაქტობრივად, გინების ტოლფასია. დაიღალა ეს ხალხი მუდმივად ფუჭი იმედების გაქარწყლებითა და მათი საყვარელი გუნდების სხვადასხვა მუნდიალებიდან გამოპინტრიშების ცქერით.
არგენტინისგან განსხვავებით, სამხრეთ ამერიკის მომავალ ჩემპიონატს შედარებით მცირე ადგილს უთმობს ბრაზილიური პრესა და რიგით ადამიანს დაგრჩება წარმოდგენა, რომ ”პენტაკამპეონები” არგენტინაში მარცხს წინასწარ არიან შეგუებულნი. ბრაზილიაში გაბატონებულია აზრი, რომ მათთვის ახლა უმთავრესი, 2014 წელს ბრაზილიაშივე გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატია და ”თუ არგენტინელებს მათთვის მოგება სურთ, დაე, მოიგონ, მაგრამ არ გაბედონ ბრაზილიის მუნდიალზე ჩემპიონობაზე ფიქრი!”. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით, თორემ, თავს ლაფი დაგვისხია ბრაზილიის ნაკრების იმ ქომაგისათვის, რომელსაც არგენტინასთან (თან არგენტინაშივე) მოგება ნახევარ ცხოვრებად არ უღირს.
ვინმე ფიქრობს, რომ მექსიკელები, ანდა ჩილელები უჩივიან ამბიციების სიმცირეს? კოპა ამერიკის დაწყებამდე ჯერ თვეზე მეტია დარჩენილი და ჩილეს გუნდის არგენტინელი მესაჭე მარსელო ბიელსა ისეთ შხამიან რამეებს ამბობს არგენტინული ფეხბურთის ხელმძღვანელების მისამართით, რომ აშკარაა – თავის სამშობლოს გიორგი სააკაძეობას ნამდვილად არ გაუწევს თუ შანსი მიეცემა _ უპირველესად, არგენტინის გუნდს გაამწარებს მისი მშობლიური გუნდიდან ასე უბოდიშოთ გაგდებისათვის... არავინ კამათობს იმაზე, რომ მექსიკის ნაკრებს რაც შეეძლება და რაც არ შეეძლება, ყველაფერს იზამს იმის დასამტკიცებად, რომ კონტინენტზე არავისზე ნაკლები ბიჭები არ არიან და კონტინენტის გრანდებთან შეხვედრის დროს, მექსიკელების ტრადიციულ შუბლშეკრულობასა და სიჯიუტესაც თუ გავითვალისწინებთ, არგენტინაში დიდ და დამბურძგვლელ ამბებს უნდა ველოდოთ.
მოკლედ, სულ მალე, სამხრეთ ამერიკის – ამ საოცარი კონტინენტის სიგიჟეებში მოგვიწევს თავით გადაშვება. მაგრამ მოგვიწევს მათ, ვისაც ნაგიჟარი ლათინო-ამერიკელების თამაშის ცქერისთვის ღამეების გატეხვა არ გვეზარება და არც იმის გვეშინია, რომ გარიჟრაჟისას დაძინებულებს, შესაძლოა, სიზმარში მარადონა გამოგცვეცხადოს. სიზმარში მაინც, თორემ მწვრთნელად მტერს გამოეცხადა ეგ კაცი...…  
 

 

ლევან სეფისკვერაძე

0.091391