შემოდგომა, გურია, ჩოხატაური, ნოემბრის ბოლო... კვირა დღეა და მთელი ჩოხატაური ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე – ჩოხატაურის ბაზარშია შეკრებილი. ნოემბრის ბოლოს მზიანი დღე გამოვიდა და აბა, ვინ გაუშვებს ხელიდან ბაზარში გასვლისა და ხალხთან “პაწა გასაუბრების” შანსს?! აქეთ ჯანჯუხა იყიდება, იქით ყველი და თხილი. ქალაქის მთავარ მოედანთან, ერთ ძველ, ნახევრად ღია ჯიხურში ხაშიც კი იყიდება. იყიდება ერთობ უცნაური ფორმით. თუ კაცს ხაში უნდა, იქვე, ჯიხურის დახლზევე შეუძლია ხაშის დახვრეპა და იმის უფლებაც კი აქვს, სახლიდან წაღებული ხილის არაყი გაუნაწილოს სხვა მასსავით ხაშის მხვრეპავებს. ბაზართან ახლოს, ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ძველ სტადიონთან ათამდე კაცია შეკრებილი. ეწევიან სიგარეტს, უჩვეულოდ მაგარი კბილებით ამტვრევენ თხილს და ჩოხატაურის ერთადერთ საფეხბურთო კლუბ ”ბახმაროზე” ისეთივე შინაურულად საუბრობენ, როგორც ”მანჩესტერ სიტისა” და ”იუვენტუსზე”. ზოგი ჩაცუცქულა, ზოგი ხესაა მიყუდებული, უმეტესობა კი სტადიონის შესასვლელთან დგას გაბოტილი და ყველას ერთი სული აქვს, თავისი საფეხბურთო ”მონოლოგის” დრო როდის დადგება. დღეს მთავარი განსახილველი თემა, ქართველი ფეხბურთელის, დათო თარგამაძის ”პორტუში” სავარაუდო გადასვლაა. ”ნამეტანი აქებენ მაი ბაღანეს. უკრაინაში ისთე კარგად უთამაშია, გადოურევია ყველა, მაგრამ რაია იცი?! მეშინია იქინე (”იქინეში” რასაკვირველია პორტუგალიას გულისხმობს) სკამზე არ დასვან, თვარა გააფუჭებენ ბაღანეს” – ამბობს ერთ-ერთი, რომელიც ასაკით აშკარად სხვებზე უფროსია და სეფე სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის. ”კალაძეზეც მასთე ამბობდნენ, იტალიაში ვერაფერს იზამსო, მაგრამ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთიო თუ?! თან არ ჩანს დათოია უტვინო ბოვში და თუ მეინდომებს ქე გამოუვა რაცხა, არ მეინდომებს და დააბრალოს მერე თავის თავს” – აგრძელებს მეორე და გზის გადაღმა ნაცნობს ესლამება: ”რაფერ ხარ ჭუჭე? გამოხადე “ვოდკა”? მერე არ უნდა გეთქვა ჩემთვის?!”.
ერთი სასიამოვნო სიახლე: ჩოხატაურში ინტერნეტ-კაფე გაუხსნიათ, რამაც ყველაზე მეტად ახალგაზრდები გაახარა. სტადიონის წინ მდგომთაგან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ოცდახუთიოდე წლის ბიჭი ასე უხსნის უფროს მეგობრებს ინტერნეტის სიკეთეებს: ”წარმეიდგინეთ ახლა, რომე თამაშია ბრაზილიაში, შენ კიდე აქანე – ჩოხატაურში ხარ. ჰოდა, შეხვალ ინტერნეტში, დააწკაპუნებს ”კნოპკებზე”, გახსნი რაცხა საიტებს და ისთე უყურებ იმ თამაშს, თითქოს აქვე, ვორ ნაბიჯში ტარდებოდეს. თან კიდევ რაია იცი? ახალი რაცხა მოუგონიათ. ჩარიცხავ ფულს, ოთარაის მაღაზიაში რომე ლურჯი აპარატია - იქ. მერე დაჯდები კომპიუტერთან და იმ ფულს ისთე ათამაშებ, რომ ტოტალიზატორში გონია საერთოდ არ შეხვიდე, აპა?!”. უფროსები ახალგაზრდა ბიჭს ყურადღებით უსმენენ, მაგრამ განსაკუთრებული აღფრთოვანება უმეტესობას არ ეტყობა. ძველ, დანჯღრეულ ”ჟიგულის” მარკის ტაქსიზე მიყუდებული კაცი კი ვერ ითმენს და ამბობს: “ეშმაკის მოგონილია მაი ინტერნატია თუ რაცხა. აქანე, ჩვენი “ბახმაროს” თამაშებზე ეზარება ზოგიერთს მოსვლა და საცხა გადაკარგულში თამაშის ცქერა რეიზა აინტერესებთ ნეტავი?” თან იქვე ამატებს: ”რაი ქნა ბოლო თამაშში ”ბახმარომ” ნეტა?”. ”რაი ქნა და წააგო. გაგიკვირდა თუ? ჩვენი ნაკრები აგებს ხოლმე და “ბახმარომ” თუ წააგო, არ დეიქცევა ქვეყანა”. ”ნაკრებმა ბოლოს ხომ მეიგო კაცო?! რას ერჩით ამ თემურას, ცდილობს კაცი რაცხას და სხვა რაი ქნას? აპა, აგი გერმანელი ”ტრეინერი” იყო კაცი? უსაქმური მაი! მარა რად გინდა? ბლომად ფული ქე ჩეიჯიბა და გეიქცა. მიდი ახლა და სდიე კუდში” - ეპასუხება სწორედ ის, ვინც ფეხბურთზე საუბარი დაიწყო. ტაქსის მძღოლი კი მაინც აგრძელებს: ”არა, თემურაზე არაფერს ვჩივი, ბიო. ქეცბაიამ რაი ქნას მეტი კაცო? მარა ჩვენს ფეხბურთს საშველი კარგა ხანი რომ ვერ დაადგება, მაი ქე ვიცი ზუსტად. რობიზონას სიდედრი ხომ გახსოვთ? ცოცხალია მგონი ახლაც მაი ქალი. მესამე წელია წევს საწოლში, ნორმალურად ვერც ჭამს და ვერც სვამს. არც კვდება და არც რჩება. აი, ასთეა ჩვენი ფეხბურთის საქმეც. თითქოს წამევიწევთ ვოდნავ, ევითრევთ წელს, მარა მერე იმფერ გუნდთან წავაგებთ, თლა მოგვეჭრება თავი. ამ დომენტიას (სავარაუდოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გულისხმობს) კიდო, რომ კითხო, ყოლიფერი ”აჟურშია” და კარგადაა. მეტი არაა ჩემი მტერი...”. ამ გამოსვლას ყველანი ამოოხვრებითა და სიგარეტის მოკიდებით ხვდებიან. ქართულ ფეხბურთზე ისაუბრო და არც ამოიოხრო? მცირეხნიან სიჩუმეს ერთ-ერთი, ჩაცუცქულთაგანი არღვევს. გვეყო აწი, წევეით ახლა ჩემსას. “ვოდკა” ქე მაქვს ახალი და კაი, მარა დატრიალდით თქვენც პაწა. ჩემი ოჯახობა (მეუღლე) თბილისშია წასული და გამევიყენოთ აი შანსი!”. ყველანი გამოცოცხლდებიან, გამხიარულდებიან და ნელი ნაბიჯით უკან მიჰყვებიან “მშვენიერი წინადადების” ავტორს. ჩოხატაურის ბაზარში ჯერ ისევ ბევრი ხალხი ირევა. დღე ჯერ წინაა. კიდევ ათასი რამეა სანახავი...
ლევან სეფისკვერაძე







